logo
ENG



წულუკიანი: პრეზიდენტს, ამ მოდელის პირობებში, არ ეთქმის სიტყვა, ვინ იქნება უკეთესი [ელჩი]

07 ივნ 202218:07
3 წუთის საკითხავი
clock 896
წულუკიანი: პრეზიდენტს, ამ მოდელის პირობებში, არ ეთქმის სიტყვა, ვინ იქნება უკეთესი [ელჩი]

კულტურისა და სპორტის მინისტრი თეა წულუკიანი ამბობს, რომ საქართველოს პრეზიდენტს, დღევანდელ სახელისუფლებო წყობაში, არ ეთქმის სიტყვა იმასთან დაკავშირებით, თუ ვინ იქნება უკეთესი ელჩი, რომელ ქვეყანაში.

ამით მინისტრი გამოეხმაურა მთავრობის მიერ უფლებამოსილების გამიჯვნაზე საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის შეტანას.

"პრეზიდენტს, ამ მოდელის პირობებში, არ ეთქმის სიტყვა იმასთან დაკავშირებით, ვინ იქნება უკეთესი [ელჩი], რომელ ქვეყანაში თავისი გამოცდილებიდან და უნარ-ჩვევებიდან გამომდინარე. ამის საპირისპიროდ, რამდენჯერმე გვქონდა საქართველოს მთავრობას შემთხვევა, როდესაც პრეზიდენტმა ამა თუ იმ კონკრეტული კანდიდატურის საკითხთან დაკავშირებით უარი განაცხადა ხელმოწერაზე... ვინაიდან საქართველოს პრეზიდენტი მაინც იტოვებს უფლებას, რომელიც არ აქვს კონსტიტუციით მინიჭებული, საქართველოს მთავრობამ გუშინ მივიღეთ გადაწყვეტილება, მივმართოთ საკონსტიტუციო სასამართლოს, რომელმაც უნდა განმარტოს და თქვას, საქართველოს მთავრობა კითხულობს სწორად საკონსტიტუციო ფორმას თუ საქართველოს პრეზიდენტი", - ამბობს წულუკიანი.

საქართველოს მთავრობა პრეზიდენტსა და მთავრობას შორის უფლებამოსილებების გამიჯვნაზე საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავს.

მთავრობა ითხოვს განმარტებას, საქართველოს ელჩების და დიპლომატიური წარმომადგენლობის ხელმძღვანელების დანიშვნასა და გათავისუფლებასთან დაკავშირებით, საქართველოს პრეზიდენტსა და საქართველოს მთავრობას შორის უფლებამოსილებების გამიჯვნაზე.

საკითხი აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც საქართველოს მთავრობამ განაცხადა, რომ ბოლო ერთ წელში პრეზიდენტმა არაერთხელ დატოვა რეაგირების გარეშე მთავრობის მიერ დასანიშნად წარდგენილი ელჩების კანდიდატები.

ამ ინფორმაციას მალევე უპასუხა სალომე ზურაბიშვილის ადმინისტრაციამ, სადაც წერია, რომ პრეზიდენტისა, თუ მისი ადმინისტრაციის ტყუილში დადანაშაულება, რომელიც ზრდილობასაც და ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია, იწვევს საზოგადოებაში არასასურველ დაძაბულობას, როცა ჩვენს ირგვლივ ბევრად უფრო საკვანძო საკითხები წყდება. ადმინისტრაციის ცნობით, ბოლო ერთ წელიწადში სალომე ზურაბიშვილმა 12 ელჩის დანიშვნაზე გასცა განკარგულება.


close დახურვა