logo
ENG



კასიანოვი სტატუსზე: ეს არაა ავანსი, უკრაინელები ახლა ყოველ დღე იცავენ ევროპას, დემოკრატიას

24 ივნ 202217:07
3 წუთის საკითხავი
clock 919
2022/06/24/iyymdsdeeeiacwc.png

საქართველოში უკრაინის დროებითი რწმუნებული ანდრეი კასიანოვი აცხადებს, რომ უკრაინისთვის კანდიდატის სტატუსი წახალისება არ არის და მისთვის უკრაინელი ხალხი წლების განმავლობაში იბრძოდა.

კანდიდატის სტატუსზე საუბრისას პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა რამდენჯერმე, მათ შორის დღეს გამართულ ბრიფინგზე თქვა, რომ უკრაინამ და მოლდოვამ "ავანსად მიიღეს საჩუქარი და წახალისება".

"ეს არ არის ავანსი უკრაინისთვის და არ არის წახალისება. ამ გადაწყვეტილებამდე 30 წელი მიდიოდა უკრაინა. უკრაინელი ხალხი ამისთვის გამოვიდა მაიდანზე, ღირსების რევოლუციაზე, თავისუფალ ევროპაში თავისუფალი ქვეყნის უფლებისთვის. 120 დღეზე მეტი უკრაინა წინააღმდეგობას უწევს რუსეთის ფედერაციის შეიარაღებულ აგრესიას.

უკრაინელები ახლა ყოველ დღე იცავენ ევროპასა და დემოკრატიას, სიცოცხლეს სწირავენ ჩვენი საერთო მომავლისთვის. უკრაინა გახდა ევროკავშირის წევრობის კანდიდატი, რომელიც უკვე იცვლება, ევროკავშირი იცვლება. ის იქნება უფრო ძლიერი, ის იქნება უფრო მზარდი, რომ დაიცვას საკუთარი თავი და დაიცვას საკუთარი ღირებულებები, იქნება უფრო ძლიერი ეკონომიკური მოთამაშე გლობალურ განზომილებაში. არ იქნება დამოკიდებული რუსეთის ენერგომატარებლებზე და უფრო სწრაფად შეძლებას გამოწვევებსა და საფრთხეებზე რეაგირებას"- თქვა კასიანოვმა.

ევროპულმა საბჭომ უკრაინასა და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მიანიჭა, საქართველოს კი - არა. საბჭომ საქართველოს ევროპული პერსპექტივა აღიარა და განაცხადა, რომ მზადაა კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება.


close დახურვა