logo
ENG



მელია: შეთანხმებულ მთავრობაში არ იქნებიან პოლიტიკოსები და აქტიური სამოქალაქო საზოგადოება

25 ივნ 202215:02
3 წუთის საკითხავი
clock 1209
მელია: შეთანხმებულ მთავრობაში არ იქნებიან პოლიტიკოსები და აქტიური სამოქალაქო საზოგადოება
ფოტო: ვახო ქარელი

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერი, ნიკა მელია აცხადებს, რომ საერთო სახალხო მოძრაობის შეთანხმების შესაბამისად, ეროვნულ თანხმობის მთავრობაში არა მოქმედი პოლიტიკოსები ან აქტიური სამოქალაქო საზოგადოების წევრები, არამედ კონკრეტული დარგის აღიარებული ექსპერტები იქნებიან. 

მელიას თქმით, ამ ექსპერტებს უნდა ჰქონდეთ საერთაშორისო აღიარება და მაღალი რეპუტაცია.

ენმ-ის ლიდერი აცხადებს, რომ ამგვარი დროებითი მთავრობის ლეგიტიმაციის წყარო იქნება კონსენსუსი, რომელსაც მხარს დაუჭერს სახალხო მოძრაობაც, ოპოზიციაც და ხელისუფლებაც. 

მელია აცხადებს, რომ ევროკავშირის 12 რეკომენდაციის შესრულების და  კანდიდატის სტატუსის მიღების შემდეგ პროცესი რეფორმირებულ საარჩევნო გარემოში უნდა გაგრძელდეს და დაინიშნოს ახალი არჩევნები. 

ნიკა მელიას განცხადება სრულად: 

საერთო სახალხო მოძრაობის მოთხოვნაა ივანიშვილის მთავრობის გადადგომა, რომლის ფორმალური პრემიერი ღარიბაშვილია. შესაბამისად მთავრობა, რომ გადადგეს უნდა გადადგეს ღარიბაშვილი

• საერთო სახალხო მოძრაობის მოთხოვნით ივანიშვილმა ახალი, ოლიგარქის მიერ კონტროლირებადი მთავრობა კი არ უნდა წარმოადგინოს, არამედ უნდა აირჩეს ეროვნული თანხმობის მთავრობა

• ეროვნული თანხმობის მთავრობა, არის დროებითი. ის ასრულებას ევროკომისიის დასკვნით გაწერილი 12 რეკომენდაციას (ამ რეკომენდაციებში არის პოლიტიკური დევნის შეწყვეტა), რათა დეკემბერში მივიღოთ ევროკავშირის კანდიდატობა.  ის არის გარდამავალი.

როდესაც ეს პროცესი დასრულდება, რეფორმირებულ საარჩევნო გარემოში უნდა გაგრძელდეს პროცესი, მათ შორის ახალი არჩევნებით.

• საერთო სახალხო მოძრაობის შეთანხმების შესაბამისად, ეროვნული თანხმობის მთავრობაში არ იქნებიან მოქმედი პოლიტიკოსები და არც ამჟამად აქტიური სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები.

მისი წევრები უნდა იყვნენ კონკრეტული დარგის აღიარებული სპეციალისტები, საერთაშორისო აღიარებითა და მაღალი საზოგადოებრივი რეპუტაციით.

• ეროვნული თანხმობის მთავრობის ლეგიტიმაციის წყარო არის კონსენსუსი და მხარს უნდა უჭერდეს საერთო-სახალხო მოძრაობაც, ოპოზიციაც და დათანხმდეს ივანიშვილიც.

• ივანიშვილმა უნდა დათმოს აღმასრულებელი ძალაუფლება, ეს მნიშვნელოვანია კანდიდატობის მისაღებად (პირდაპირ წერია დეოლიგარქიზაცია) და სამართლიანი არჩევნების ჩასატარებლად მნიშვნელოვანია.

• ევროკავშირისთვის - ასე უნდა ერქვას სამთავრობო გეგმას, რომელსაც უნდა გამოუცხადოს თანხმობა პარლამენტმა, პრემიერის დამტკიცებისას და 12-ვე საკითხს უნდა პასუხობდეს. 

***

24 ივნისს გამართულ აქციაზე მოძრაობამ "შინ ევროპისკენ" ხელისფლების მიმართ მოთხოვნები გამოაცხადა. ამავე დროს, მათ 3 ივლისს აქცია დააანონსეს. 

"ეს არის ქართველი ხალხის მოთხოვნა, ქართველი ხალხის ბოლო მკაცრი ამოთქმა: გადადგეს ირაკლი ღარიბაშვილი და ეროვნული თანხმობით, შეიქმნას მთავრობა, რომელიც ევროკავშირის რეკომენდაციის 12-ვე პუნქტს შეასრულებს ზამთარი სანამ მოვა."

მათი თქმით, ისინი აძლევენ ხელისუფლებას 1 კვირას იმისათვის, რომ გადააყენოს ბიძინა ივანიშვილის თანხმობა.


close დახურვა