logo
ENG



ქართული ოცნება დეოლიგარქიზაციის კანონპროექტზე მუშაობას აპირებს

01 ივლ 202217:27
3 წუთის საკითხავი
clock 937
ქართული ოცნება დეოლიგარქიზაციის კანონპროექტზე მუშაობას აპირებს

ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელიც იმუშავებს დეოლიგარქიზაციის კანონპროექტზე. ჯგუფის შემადგენლობაში ყველა საპარლამენტო პარტიისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენელი შევა. 

"საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტთან შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომლის შემადგენლობაშიც იქნებიან ყველა საპარლამენტო პარტიისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები. სამუშაო ჯგუფი იმუშავებს დეოლიგარქიზაციის კანონპროექტზე, რომელიც საქართველოს პარლამენტს ინიციატივის წესით წარედგინება არაუგვიანეს 5 ოქტომბრისა და პარლამენტის მიერ მიიღება არაუგვიანეს 29 ნოემბრისა."- განაცხადა ირაკლი კობახიძემ პარტიის ბრიფინგზე. 

ქართული ოცნების პარტიის წევრები  ამბობდნენ, რომ უკრაინაში მიღებული დეოლიგარქიზაციის კანონის საქართველოში გადმოტანით ოპოზიციის ყველა წამყვანი პოლიტიკოსი ჯდება დეოლიგარქიზაციის კრიტერიუმებში.

მართველი პარტიის წევრმა, გიორგი ხელაშვილმა დეოლიგარქიზაციის კანონის შესახებ განაცხადა, რომ ოპოზიცია ბიძინა ივანიშვილზე დამიზნებით ცდილობს დეოლიგარქიზაციის თემის წინ წამოწევას და რომ ამან შეიძლება ოპოზიციისთვის გაუთვალისწინებელი შედეგები მოიტანოს თუ მთავრობა ამას სერიოზულად მიიღებს.

"ეს ოპოზიციისთვის შეიძლება საკუთარ ფეხში გასროლილი ტყვია აღმოჩნდეს." - ამბობს გიორგი ხელაშვილი.

 


close დახურვა