logo
ENG



ოპოზიცია EU-ის რეკომენდაციების შესასრულებლად კანონპროექტების შემუშავებას იწყებს

25 ივლ 202212:27
3 წუთის საკითხავი
clock 676

საპარლამენტო ოპოზიცია ევროკავშირის რეკომენდაციების შესასრულებლად კანონპროექტების შემუშავებას იწყებს - სამუშაო ჯგუფის შეხვედრა ახლა მიმდინარეობს. ისინი კორუფციის აღმოფხვრასა და სასამართლო სისტემის რეფორმაზე იმსჯელებენ. 

შეხვედრაში არ მონაწილეობს მმართველი პარტია, მმართველი გუნდის მხარდაჭერის გარეშე კი კანონად ვერც ერთი შემუშავებული კანონპროექტი ვერ იქცევა. 

თუმცა, მაგალითად, გიორგი ვაშაძეს იმედი აქვს, რომ ქართულ ოცნებას კანონების მხარდაჭერას აიძულებენ. 

"ყოფილა არაერთი შემთხვევა, როცა მმართველი პარტია იძულებული გამხდარა, მიეღო ისეთი კანონი, რომლის მიღებაც არ უნდოდა. მათ პირველი მოსმენით კონსტიტუციას კენჭი უყარეს და ხმა მისცეს. არ უნდოდათ სრულად პროპორციული დაბალბარიერიან სისტემაზე გადასვლა, მაგრამ მოუწიათ. ამიტომ, ჩვენ ის მექანიზმები უნდა შევქმნათ, რომელიც მათ აიძულებს, შევასრულოთ 12-ვე პუნქტი, რომ კანდიდატის სტატუსი მივიღოთ". - ამბობს სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერი. 

ენმ-ის წევრის, გიორგი ბოტკოველის თქმით, ყველა ოპოზიციური პარტია, რომელიც ნებისმიერი ინიციატივით გამოდის, კოორდინირებულად იმუშავებს. 

"ნებისმიერი ჯგუფი, რომელიც შეიკრიბება დღეს ოპოზიციურ ფორმატში, არავის ხელმძღვანელობით არ შეიკრიბება. ეს იქნება კოორდინირებული ჯგუფი, რომელიც იმუშავებს იმაზე, თუ დამატებით და ერთობლივად რა გააკეთოს ოპოზიციამ იმისთვის, რომ ჩვენ მეტად წავიწიოთ წინ იმ პროცესში, რაც ყველაზე მეტად სჭირდება დღეს ჩვენ ქვეყანას". - თქვა მან. 

პროცესში არასამთავრობო სექტორიც მონაწილეობს. 

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში ამბობენ, რომ თავიანთ ხედვას საკონსტიტუციო, სასამართლო თუ ანტიკორუფციულ მიმართულებასთან დაკავშირებით ნებისმიერ პოლიტიკურ ჯგუფს გაუზიარებენ. 

ქართული ოცნება ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულებაზე ცალკე მუშაობს. მათ შეხვედრა უკვე გამართეს სასამართლო სისტემასთან დაკავშირებით, თუმცა, არასამთავრობო ორგანიზაციების და ომბუდსმენის მიწვევის გარეშე. 

ასევე, 18 ივლისს ქართულმა ოცნებამ უარი თქვა რიგგარეშე სესიის დანიშვნაზე, რომლის ჩატარებაც ოპოზიციამ მოითხოვა და პრეზიდენტმა მოიწვია. 

2022 წლის 23 ივნისს ევროპულმა საბჭომ უკრაინასა და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მიანიჭა, საქართველოს კი - არა. საბჭომ განაცხადა, რომ მზადაა, ქვეყანას კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი მოგვარდება მთელი რიგი პრობლემებისა. 

მდგომარეობის გამოსასწორებლად ევროკავშირმა საქართველოს 12-პუნქტიანი გეგმა მისცა. 


close დახურვა