logo
ENG



"დეზინფორმაცია შეურაცხყოფს გმირების ხსოვნას" - კოალიცია ომზე დეზინფორმაციის წინააღმდეგ

04 აგვ 202221:13
3 წუთის საკითხავი
clock 1139
კადრი: კოალიცია ინფორმაციის სანდოობისთვის

13 არასამთავრობო ორგანიზაციისგან შექმნილმა კოალიციამ ინფორმაციის სანდოობისთვის აგვისტოს ომის შესახებ გავრცელებულ დეზინფორმაციასთან ბრძოლის კამპანია დაიწყო. 

კამპანიის პრეზენტაცია დღეს, საქართველოს პარლამენტის შენობასთან გაიმართა.

"რუსეთს უნდა ომი და არა - დასავლეთს. ნუ გაავრცელებ სიცრუეს! დეზინფორმაცია შეურაცხყოფს გმირების ხსოვნას" - ესაა კოალიციის მთავარი გზავნილები. 

კოალიციის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ კამპანიის დაწყება მას შემდეგ გადაწყვიტეს, რაც ბოლო პერიოდში, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ განსაკუთრებით გააქტიურდა შეთქმულების თეორიები ომის გარშემო.

კამპანიის პრეზენტაციაზე საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის აღმასრულებელმა დირექტორმა მარიამ გოგოსაშვილმა განაცხადა, რომ 2008 წლის ომიდან 14 წლის შემდეგ, მნიშვნელოვანია, გვახსოვდეს სიმართლე ომთან დაკავშირებით და ვებრძოლოთ მის შესახებ გავრცელებულ ცრუ ინფორმაციას.

"ჩვენ ვფიქრობთ, რომ ბოლო პერიოდში ძალიან აქტიურად ვრცელდება შეთქმულების თეორია თითქოს დასავლეთი საქართველოს ომში ჩათრევას ცდილობს. კრემლის მხარდამჭერი ჯგუფები ამ პერიოდში განსაკუთრებით აქტიურდებიან და 2008 წლის ომთან დაკავშირებით დეზინფორმაციას ავრცელებენ. თუმცა წელს განსაკუთრებით გააქტიურდნენ და ამას ვუკავშირებთ რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრას.

ამიტომ ვფიქრობთ, რომ აგვისტოს ომიდან 14 წლის თავზე აუცილებელია, რომ კიდევ ერთხელ შევახსენოთ ჩვენს თავს, რომ არსებობს სიცრუე, დეზინფორმაცია ამ ომთან დაკავშირებით და აუცილებელია, რომ ამ ტყუილს დავუპირისპირდეთ სიმართლით.

ჩვენ ვხედავთ, რომ დღეს რუსეთის უკრაინაში შეჭრას აბრალებენ ისევ უკრაინას, რაც ხდებოდა 2008 წელს საქართველოსთან მიმართებაშიც და ამით ძალიან დიდ შეურაცხყოფას აყენებენ იმ გმირების ხსოვნას, ვინც ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის თავი შესწირეს და მათი ლეგიტიმური წინააღმდეგობის გაწევას ფუჭ მსხვერპლად წარმოაჩენენ" - განაცხადა გოგოსაშვილმა.

კოალიცია აცხადებს, რომ ამასთანავე მსგავსი ტიპის დეზინფორმაცია და შეთქმულების თეორიები მნიშვნელოვნად აზარალებს საქართველოს ურთიერთობას იმ დასავლელ პარტნიორებთან, ვისი მთავარი მიზანიც რუსეთის აგრესიისგან საქართველოს დაცვაა.

ომთან დაკავშირებით დეზინფორმაციასთან ბრძოლის კამპანიას უერთდებიან აგვისტოს ომში დაღუპული გმირების ოჯახის წევრებიც. მომზადებულ ვიდეოში ისინი აცხადებენ, რომ დეზინფორმაცია გმირების ხსოვნას შეურაცხყოფს.

კამპანიის ფარგლებში თბილისში სხვადასხვა ლოკაციაზე გამოჩნდა ბანერები კოალიციის მთავარი გზავნილით, რომ ომი არა დასავლეთს, არამედ რუსეთს უნდა.

კოალიციის ცნობით, დაგეგმილია დისკუსიებიც, რომელთაგან პირველი სიმბოლურად 7 აგვისტოს, ქალაქ გორში გაიმართება.

 

close დახურვა