logo
ENG



ესტონეთის საგარეო მინისტრს სურს, რუსეთის მოქალაქეებს EU-ში მოგზაურობა შეეზღუდოთ - Bloomberg

04 აგვ 202223:05
3 წუთის საკითხავი
clock 671
2022/08/04/83z6ys843iyxamp.jpg

ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ურმას რეინსალუ ევროკავშირს მოუწოდებს, რომ სანქციების მომდევნო პაკეტით რუსეთის მოქალაქეებს ევროკავშირის ქვეყნებში მოგზაურობა შეუზღუდოს. ინფორმაციას გამოცემა Bloomberg ავრცელებს.

რეინსალუ ამჟამად უკრაინაში იმყოფება. ის უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლებს, მათ შორის პრეზიდენტ ზელენსკის უკვე შეხვდა.

ესტონელმა დიპლომატმა Bloomberg-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ვიზებზე შეზღუდვების დაწესების იდეა მან უკრაინის პრეზიდენტთან შეხვედრისას განიხილა.

„ჩვენ უნდა გავზარდოთ რუსეთის აგრესიის ფასი დამატებითი სანქციებით, იარაღებით და რუსეთის მზარდი იზოლირებით.“ - აცხადებს რეინსალუ.

რეინსალუმ გუშინ, 3 აგვისტოს ტვიტერზე ზელენსკისთან ერთად გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა და უკრაინას მომავალში დახმარება და თავდაცვის კუთხით დახმარების გაძლიერება აღუთქვა.

"ჩვენ ასევე უნდა დავიწყოთ უკრაინის ხელახალი აღმშენებლობა რუსეთის სასტიკი ომის მიუხედავად“ - განაცხადა რეინსალუმ.

ესტონეთმა უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, რუსეთს სხვადასხვა ტიპის სანქციები დაუწესა. მათ შორის, ქვეყანამ რუსეთის მოქალაქეებზე სხვადასხვა ტიპის ვიზების გაცემა აკრძალა.

ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა ლიეტუვამ, ლატვიამ, პოლონეთმა და ჩეხეთმა ასევე დააწესეს შეზღუდვები რუსეთის მოქალაქეებისადმი ვიზების გაცემაზე. თუმცა, იმისთვის რომ შეზღუდვები მთელი ბლოკის ტერიტორიაზე მოქმედებდეს 27-ვე ქვეყნის თანხმობაა საჭირო.


close დახურვა