logo
ENG



ადმინისტრაცია: კალანდარიშვილი 2-ჯერ უკვე წარვადგინეთ, თუმცა, საჭირო ხმები ვერ მოიპოვა

06 აგვ 202221:20
3 წუთის საკითხავი
clock 941
ადმინისტრაცია: კალანდარიშვილი 2-ჯერ უკვე წარვადგინეთ, თუმცა, საჭირო ხმები ვერ მოიპოვა
ფოტო: IPN

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია განმარტავს, თუ რატომ არ მოხვდა პარლამენტისადმი წარდგენილ ცესკოს თავმჯდომარის კანდიდატურების სიაში მოქმედი თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი და აღნიშნავს, რომ კალანდარიშვილის კანდიდატურა 2-ჯერ უკვე წარედგინა პარლამენტს ასარჩევად, თუმცა, მან საჭირო ხმების რაოდენობა ვერ მოიპოვა.

როგორც პრეზიდენტის განცხადებაშია ნათქვამი, საკითხზე გაკეთებული კომენტარები როგორც ხელისუფლების ისე ოპოზიციის მხრიდან, პოლიტიკური პოლარიზაციის მეტად გაღრმავების მცდელობა.

"პრეზიდენტის მიერ პარლამენტისათვის ცესკოს თავმჯდომარისა და ცესკოს წევრის თანამდებობებზე ასარჩევად კანდიდატურების წარდგენასთან დაკავშირებით, როგორც უმრავლესობის, ასევე ოპოზიციის მხრიდან გაკეთებული კომენტარები და ყოვლად უსაფუძვლო დასკვნები სხვა არაფერია თუ არა საზოგადოების შეცდომაში შეყვანისა და პოლიტიკური პოლარიზაციის მეტად გაღრმავების მცდელობა.

ცესკოს მოქმედი თავმჯდომარის გიორგი კალანდარიშვილის კანდიდატურის პარლამენტისთვის არწარდგენა კატეგორიულად გამორიცხავს ბატონი გიორგი კალანდარიშვილის პროფესიონალიზმის, მისი გამოცდილებისა და საქმიანობის პრეზიდენტის მიერ არაჯეროვნად შეფასებას. როგორც საზოგადოებისთვის არის ცნობილი, პრეზიდენტმა გიორგი კალანდარიშვილის კანდიდატურა ორჯერ უკვე წარუდგინა პარლამენტს ცესკოს თავმჯდომარის თანამდებობაზე ასარჩევად. თუმცა, მისმა კანდიდატურამ ორჯერვე ვერ მოიპოვა საჭირო ხმების რაოდენობა, შედეგად ორჯერვე მხოლოდ 6 თვის ვადით იქნა არჩეული. ცესკოს მოქმედი თავმჯდომარისა და მოქმედი წევრების პარლამენტისათვის არწარდგენა განპირობებულია იმით, რომ მათმა კანდიდატურებმა ორჯერ უკვე ვერ მოიპოვეს პარლამენტის წევრთა 2/3 -ის უმრავლესობა, რაც საჭიროა 5 წლის ვადით ასარჩევად.

ცესკოს თავმჯდომარედ და წევრად მუდმივად ერთი და იგივე კანდიდატურების წარდგენა და მათი მხოლოდ 6 თვის ვადით არჩევა ხელს არ უწყობს ცესკოს, ამ უაღრესად მნიშვნელოვანი სახელმწიფო ინსტიტუტის გაძლიერებას და დემოკრატიულ განვითარებას", - წერია განცხადებაში.

***

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტს ცესკოს თავმჯდომარისა და ერთი წევრის თანამდებობაზე ასარჩევად კანდიდატურები გუშინ, 5 აგვისტოს წარუდგინა. ცესკოს თავმჯდომარის თანამდებობაზე პარლამენტს ასარჩევად წარედგინა თამარ ალფაიძისა და რევაზ ეგაძის კანდიდატურები, ხოლო ცესკოს წევრის ერთ თანამდებობაზე - ქრისტინე ქაჯაიასა და ლევან ისაკაძის კანდიდატურები.

აღსანიშნავია, რომ პრეზიდენტმა არ დაასახელა ცესკოს მოქმედი თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი. ეს პირველი შემთხვევაა, როცა კალანდარიშვილი პრეზიდენტის მიერ პარლამენტისადმი გაგზავნილ სიაში არ მოხვდა. 

წარგენიდან მალევე ფორმულა გიორგი კალნდარიშვილს დაუკავშირდა, რომელმაც აღნიშნა, რომ მისთვის სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილება მოულოდნელი აღმოჩნდა.


close დახურვა