logo
ENG



არახამია: აგვისტოს ომზე ოცნებისგან ადეკვატური რეაქცია არ იყო - რუსეთთან თანამშრომლობის გამო

11 აგვ 202221:43
3 წუთის საკითხავი
clock 756
არახამია: აგვისტოს ომზე ოცნებისგან ადეკვატური რეაქცია არ იყო - რუსეთთან თანამშრომლობის გამო

უკრაინის მმართველი პარტიის ფრაქციის თავმჯდომარე დავით არახამია ვიდეოს ავრცელებს, სადაც 2008 წლის აგვისტოს ომს ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ომის მე-14 წლისთავთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლების მხრიდან რუსეთის მიმართ კრიტიკული განცხადებები არ მოუსმენია.

არახამია ამბობს, რომ ქართულ მედია სივრცეს რამდენიმე დღის განმავლობაში ადევნებდა თვალყურს, თუმცა ქართული ოცნების მხრიდან ადეკვატური შეფასებები არ გაკეთებულა. 

არახამია ასევე იმ ფაქტს გამოეხმაურა, რომელიც რადას დეპუტატებისთვის დიპლომატიური პასპორტების ჩამორთმევას ეხება. არახამია ამბობს, რომ დიპლომატიური პასპორტების ჩამორთმევის ინიციატივა მას ეკუთვნის, სანაცვლოდ - ის ახალ პასპორტს აჩვენებს, რომელშიც ამერიკის შეერთებული შტატების 5-წლიანი სამთავრობო ვიზაა.

"დღეს, გადავწყვიტე ჩამეწერა ვიდეო - სპეციალურად, რამდენიმე დღიანი პაუზა მქონდა აღებული, რათა მომესმინა როგორი რეაქცია ექნებოდა ქართულ ხელისუფლებას 2008 წლის აგვისტოს ომის წლისთავთან დაკავშირებით და მინდოდა მენახა, ეყოფოდა თუ არა ვინმეს გამბედაობა, იმისთვის რომ აგრესორი გაეკიცხათ, საკუთარ ქვეყანასთან მიმართებით მაინც, თუ უკრაინასთან მიმართებით არა - იქნებ გაეხსენათ რამდენი ზარალი და სიკვდილი მოიტანა რუსეთმა საქართველოში ომით. მოხდა ის, რასაც ველოდი. საქართველოს მთავრობის წარმომადგენლების მხრიდან არ ყოფილა არც ერთი ადეკვატური რეაქცია, რაც შიშით და რუსეთის ხელისუფლებასთან თანამშრომლობითაა განპირობებული.

ერთადერთი ინფორმაცია რაც ვიპოვე, როცა ქართულ მედიასივრცეს ვათვალიერებდი, იყო დეპუტატებისთვის დიპლომატიური პასპორტების ჩამორთმევისა და მათი დასჯის საკითხი, რომელიც ჩემი ინიციატივითვე გაკეთდა და მეც შემეხო, რადგან მეც პარლამენტის დეპუტატი ვარ. ეს საკითხი გააზვიადეს და ამისგან რაღაც სპეცოპერაცია შექმნეს. ამიტომ, სპეციალურად ბატონი ივანიშვილისთვის და მისი დამქაშებისთვის, ახალ დიპლომატიურ პასპორტს ვაქვეყნებ, რომელშიც ამერიკის შეერთებული შტატების 5-წლიანი სამთავრობო ვიზაა - უნდა გაიგოთ [ივანიშვილმა და მისმა დამქაშებმა], რომ მსგავს ვიზებს საბედნიეროდ თქვენ ვეღარ ნახავთ. უახლოეს პერიოდში, ვიმედოვნებ, რომ სანქციების მე-8 პაკეტის ძალაში შესვლის შემდეგ, ჩვენ ყველა ვნახავთ - ვინ ვინ არის, ვის როგორი პასპორტი აქვს და ვინ სად იქნება", - თქვა არახამიამ.

***

6 აგვისტოს უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 225 დეპუტატს დიპლომატიური პასპორტი გაუუქმა. უკრაინსკაია პრავდას ინფორმაციით, უკრაინის კანონმდებლობის თანახმად, დეპუტატებზე დიპლომატიური პასპორტები ოფიციალური მივლინებებისთვის გაიცემა. მოგზაურობიდან დაბრუნების შემდეგ, 10 დღის განმავლობაში დეპუტატი ვალდებულია დიპლომატიური პასპორტი შესანახად საგარეო საქმეთა სამინისტროში დააბრუნოს - მისი გამოყენება პირადი მიზნებისთვის აკრძალულია.

საგარეო უწყებაში ამბობენ, რომ დეპუტატებს პასპორტების დაბრუნების მოთხოვნით რამდენჯერმე მიმართეს, თუმცა მიუხედავად ამისა, საბუთი უწყებაში არ დაბრუნებულა. ბოლო ასეთი მოთხოვნა საგარეო უწყებამ ივლისის თვეში განახორციელა, მაგრამ ამაოდ. უკრაინის საგარეოში ამბობენ, რომ დეპუტატებს, რომლებსაც პასპორტი სამსახურებრივი მივლინებისთვის დასჭირდებათ, საბუთს ხელახლა მიიღებენ.

აღსანიშნავია, რომ მანამდე, ერთ-ერთ ტელეგრამ არხში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ზოგ დეპუტატს დიპლომატიური პასპორტი უუქმდებოდა და მათ სიაში იყვნენ: დავით არახამია, ლიზა იასკო, ასევე ოლექსი გონჩარენკო.


close დახურვა