logo
ENG



ომბუდსმენი: გოგაშვილის ოჯახის და ადვოკატების განცხადების საფუძველზე გამოძიება უნდა დაიწყოს

12 აგვ 202211:44
3 წუთის საკითხავი
clock 472

სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსნის იოსებ გოგაშვილის ოჯახის წევრებისა და მისი ადვოკატების მიერ გაკეთებული განცხადებების საფუძველზე გამოძიება უნდა დაიწყოს.

კერძოდ, საქმე ეხება გოგაშვილის ადვოკატების მიერ გუშინ, 11 აგვისტოს გაკეთებულ განცხადებას იმის შესახებ, რომ ციხეში გოგაშვილს შს მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა დაურეკა და მას და მის ოჯახს დაემუქრა.

ომბუდსმენის განცხადებით, სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა უნდა გამოკითხოს როგორც გოგაშვილი, ასევე გომელაური და პენიტენციური დაწესებულების პერსონალი.

"საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა აღნიშნული ინფორმაცია პირადად გადაამოწმა #12 დაწესებულებაში მყოფ იოსებ გოგაშვილთან, რომელმაც დაადასტურა გავრცელებული ინფორმაცია და დეტალურად აღწერა განხორციელებული ზარების დრო, გარემოებები და საუბრის შინაარსი.

სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ აღნიშნული ინფორმაციის დროული და ეფექტიანი გადამოწმების მიზნით, კანონმდებლობის შესაბამისად, სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა უნდა დაიწყოს გამოძიება.

გამოძიების ფარგლებში უნდა მოხდეს როგორც ხსენებული პირებისა და დაწესებულების პერსონალის გამოკითხვა, ისე - N12 დაწესებულების შესაბამის პერიმეტრზე არსებული ვიდეოკამერების ჩანაწერების დაარქივება.

ჩანაწერების დაარქივების მოთხოვნით სახალხო დამცველის აპარატმა სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს უკვე მიმართა.

დამატებით, სახალხო დამცველი მოუწოდებს სამართალდამცავ უწყებას, გამოძიების მიმდინარეობისას, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოს იოსებ გოგაშვილის ოჯახის ფიზიკური ხელშეუხებლობისა და უსაფრთხოების დაცვა"- ნათქვამია ომბუდსმენის განცხადებაში.

სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილე 3 მუხლით არის დაკავებული: ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების, სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტების და პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის ან პერსონალური მონაცემების ხელყოფის მუხლებით. სამივე საქმეს გრიფით საიდუმლო ადევს. 

პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის ან პერსონალური მონაცემების ხელყოფის მუხლთან დაკავშირებით საუბარია რუსეთის 2 მოქალაქის, კონსტანტინე რომანოვსკის და დავით ადამიას საჩივრებზე, რომელთა საფუძველზეც არის დაკავებული სოსო გოგაშვილი. 

ამ ორი ადამიანის სახელი ტვ პირველის ეთერში გასულ ერთ-ერთ ინტერვიუში ახსენეს. ჟურნალისტმა ნოდარ მელაძემ გოგაშვილს ჰკითხა, ხომ არ იყო ეს ორი ადამიანი რუსეთის აგენტი, რაზეც გოგაშვილმა უპასუხა, რომ ჰქონდა ინფორმაცია მათ შესახებ. 

კონსტანტინე რომანოვსკიმ სოსო გოგაშვილს მორალური ზიანის მიყენებისთვისაც უჩივლა. 

რაც შეეხება იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებასგოგაშვილის დაცვის მხარე ამბობს, რომ სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილის სახელზე 13 რეგისტრირებული იარაღია, ხოლო ის 2 დაურეგისტრირებელი იარაღი, რომლის უკანონო ფლობასაც ედავებიან, მას ჩაუდეს. 

გოგაშვილს პატიმრობა შეუფარდა. ციხეში ყოფნისას მან რამდენიმე წერილი გაავრცელა, რომელიც არჩევნების გაყალბების, ვახტანგ გომელაურის საქმიანობის, აფგან მუხთარლის საქმის და გელა ხვედელიძის ცემის დეტალების გასაჯაროებას ისახავდა მიზნად.


close დახურვა