logo
ENG



ადვოკატის თქმით, გოგაშვილთან გამოკითხვაზე სპეციალური საგამოძიებო სამსახური შევიდა

12 აგვ 202214:06
3 წუთის საკითხავი
clock 654

ადვოკატ დიმიტრი ღონღაძის თქმით, პენიტენციურ დაწესებულებაში სოსო გოგაშვილის გამოკითხვა მიმდინარეობს.

როგორც მან აღნიშნა, ციხეში შესულია საგამოძიებო სამსახურის გამომძიებელი, რომელსაც კითხვები აქვს გოგაშვილის ოჯახის მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით.

გუშინ, 11 აგვისტოს სუს-ის ყოფილი მაღალჩინოს ოჯახის წევრებმა და უფლებადამცველებმა თქვეს, რომ ციხეში გოგაშვილს შს მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა დაურეკა და მას და მის ოჯახს დაემუქრა.

"ამ დროისათვის სოსო გოგაშვილთან შემოსულია სპეციალური საგამოძიებო სამსახურის შესაბამისი გამომძიებელი, რომელიც გამოკითხავს გუშინ ჩვენ მიერ გავრცელებული ფაქტების ირგვლივ. სოსო გოგაშვილი მზადაა, დეტალურად მისცეს ჩვენება. ის აფიქსირებს, რომ მისი გაჩუმების მოთხოვნით განხორციელდა ზეწოლა და მუქარა. ამასთან დაკავშირებით გააჩნია სამართლებრივი პრეტენზია და მოითხოვს, რომ ეს გამოძიებაც იქნეს ბოლომდე მიყვანილი"- ამბობს ადვოკატი.

***

სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილე 3 მუხლით არის დაკავებული: ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების, სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტების და პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის ან პერსონალური მონაცემების ხელყოფის მუხლებით. სამივე საქმეს გრიფით საიდუმლო ადევს. 

პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის ან პერსონალური მონაცემების ხელყოფის მუხლთან დაკავშირებით საუბარია რუსეთის 2 მოქალაქის, კონსტანტინე რომანოვსკის და დავით ადამიას საჩივრებზე, რომელთა საფუძველზეც არის დაკავებული სოსო გოგაშვილი. 

ამ ორი ადამიანის სახელი ტვ პირველის ეთერში გასულ ერთ-ერთ ინტერვიუში ახსენეს. ჟურნალისტმა ნოდარ მელაძემ გოგაშვილს ჰკითხა, ხომ არ იყო ეს ორი ადამიანი რუსეთის აგენტი, რაზეც გოგაშვილმა უპასუხა, რომ ჰქონდა ინფორმაცია მათ შესახებ. 

კონსტანტინე რომანოვსკიმ სოსო გოგაშვილს მორალური ზიანის მიყენებისთვისაც უჩივლა. 

რაც შეეხება იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებასგოგაშვილის დაცვის მხარე ამბობს, რომ სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილის სახელზე 13 რეგისტრირებული იარაღია, ხოლო ის 2 დაურეგისტრირებელი იარაღი, რომლის უკანონო ფლობასაც ედავებიან, მას ჩაუდეს. 

გოგაშვილს პატიმრობა შეუფარდა. ციხეში ყოფნისას მან რამდენიმე წერილი გაავრცელა, რომელიც არჩევნების გაყალბების, ვახტანგ გომელაურის საქმიანობის, აფგან მუხთარლის საქმის და გელა ხვედელიძის ცემის დეტალების გასაჯაროებას ისახავდა მიზნად.


close დახურვა