logo
ENG



საგამოძიებო: დავაკავეთ 5 პირი, პარტნიორებს შიშველი სხეულის ფოტო/ვიდეოებით აშანტაჟებდნენ

12 აგვ 202214:15
3 წუთის საკითხავი
clock 716
საგამოძიებო: დავაკავეთ 5 პირი, პარტნიორებს შიშველი სხეულის ფოტო/ვიდეოებით აშანტაჟებდნენ

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა მიმდინარე წლის ივლისი-აგვისტოს პერიოდში, სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეებზე, პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე, ხუთი პირი დააკავა.

უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები სხვადასხვა დროს მათთან ურთიერთობაში მყოფი დაზარალებული პირების შიშველი სხეულის ამსახველ ფოტოებს, ვიდეოებს და ინტიმური ხასიათის მიმოწერებს ინახავდნენ და სოციალურ ქსელში ათავსებდნენ.

"გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულები სხვადასხვა დროს მათთან ურთიერთობაში მყოფი დაზარალებული პირების შიშველი სხეულის ამსახველ ფოტოებს, ვიდეოებს და ინტიმური ხასიათის მიმოწერებს ინახავდნენ, სოციალურ ქსელში ათავსებდნენ, მობილური ტელეფონის მეშვეობით დაზარალებულების ნათესავებს და ახლობლებს უგზავნიდნენ, ასევე ცალკეულ შემთხვევებში აღნიშნულ ფოტო და ვიდეო მასალას დაზარალებულთან ურთიერთობის გაგრძელებისთვის შანტაჟის იარაღად იყენებდნენ", - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ასევე, საგამოძიებო სამსახურის ცნობით, საქართველოს პროკურატურამ ხუთივე დაკავებულს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე პრიმა მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის წარუდგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ოთხიდან შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


close დახურვა