logo
ENG



ბრიტანეთის დაზვერვა: რუსეთი მობილიზაციის დროს მატერიალურ-ტექნიკურ პრობლემებს წააწყდება

26 სექ 202212:37
3 წუთის საკითხავი
clock 659
2022/09/26/dt68i2vblj0hq24.jpg

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის სამსახურის ინფორმაციით, რუსეთმა სამხედრო მობილიზაციის ფარგლებში, უკვე გამოიძახა ათეული ათასი ადამიანი სამხედრო გამოცდილების გარეშე, რომლებიც მინიმალური მომზადების შემდეგ, უკრაინის ფრონტზე გაიგზავნებიან. ინფორმაციას ბრიტანეთის დაზვერვა Twitter-ზე ავრცელებს.

დაზვერვის ცნობით, სამხედრო ბაზებზე უკვე ჩაიყვანეს მობილიზებულთა პირველი ჯგუფები. მობილიზაციის მიზნით, გაცემულია ათეულობით ათასი უწყება. უწყების შეფასებით, ამ პროცესში რუსეთი ადმინისტრაციულ და გაწვეულთა მომზადებასთან დაკავშირებულ მატერიალურ-ტექნიკურ პრობლემებს წააწყდება.

ბრიტანული დაზვერვის თანახმად, დასავლეთის შეიარაღებული ძალებისგან განსხვავებით, რუსი სამხედროები ჯარისკაცების საწყის მომზადებას დაბალი დონის ოპერატიულ ქვედანაყოფებში ატარებენ და არა სპეციალურ სასწავლო დაწესებულებებში. ამასთან, როგორც წესი, რუსული არმიის თითოეული ბრიგადიდან გარნიზონში რჩება ერთი, თუ ორი სხვაგან არის განლაგებული, ინსტრუქტორების მიერ ახალწვეულების მოსამზადებლად, თუმცა, რუსეთს მესამე ბატალიონების დიდი ნაწილიც უკრაინაში ჰყავს გადასროლილი.

"სამხედრო ინსტრუქტორთა ნაკლებობით და სიჩქარით, რომლითაც რუსეთმა დაიწყო მობილიზაცია, სავარაუდოდ, ბევრი ახალგაწვეული ჯარისკაცი წავა ფრონტის ხაზზე მინიმალური შესაბამისი მომზადებით", - აცხადებენ დაზვერვაში.

21 სექტემბერს ვლადიმერ პუტინმა რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა. მისი თქმით, სამხედრო სამსახურში გაწვევას დაექვემდებარებიან რეზერვში მყოფი მოქალაქეები და, უპირველეს ყოვლისა, შეიარაღებულ ძალებში მომსახურე, გარკვეული სამხედრო გამოცდილების მქონე მოქალაქეები.

რუსეთის თავდაცვის მინისტრის სერგეი შოიგუს ცნობით, გაწვევა 300 ათას რეზერვისტს შეეხება.

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში შეჭრის საწყის ეტაპზე, 8 მარტს განაცხადა, რომ ბრძოლებში ახალწვეულები არ მონაწილეობდნენ და არც მომავალში მოხდებოდა რეზერვისტების მობილიზაცია.

„მე ხაზგასმით ვამბობ, რომ ახალწვეული ჯარისკაცები არ მონაწილეობენ შეტაკებებში და არც მომავალში მიიღებენ მონაწილეობას. და არ იქნება დამატებითი რეზერვისტების გამოძახება“ - განაცხადა პუტინმა.

რუსული დამოუკიდებელი გამოცემა Novaya Gazeta.Europe რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში წყაროზე დაყრდნობით აცხადებს, რომ სამხედრო მობილიზაციის შესახებ დადგენილების მეშვიდე, საიდუმლო პუნქტი, თავდაცვის სამინისტროს საშუალებას აძლევს, 1 მილიონამდე ადამიანი გაიწვიოს.

გუშინ, 21 სექტემბერს გამოქვეყნდა ვლადიმერ პუტინის განკარგულება რუსეთში ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაციის შესახებ. დოკუმენტში მეშვიდე პუნქტის ქვეშ წერია "ოფიციალური გამოყენებისთვის". მოგვიანებით, პრეზიდენტის სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ გასაიდუმლოებული პუნქტი მოიცავს ინფორმაციას იმ რეზერვისტების რაოდენობაზე, ვინც სამხედრო სამსახურში შესაძლოა გაიწვიონ.

რას გულისხმობს და ვის ეხება რუსეთში ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია?


close დახურვა