logo
ENG



პესკოვი ვერ ხსნის, სად გადის რუსეთის "საზღვარი" ოკუპირებულ ხერსონსა და ზაპოროჟიეში

03 ოქტ 202215:16
3 წუთის საკითხავი
clock 822
პესკოვი ვერ ხსნის, სად გადის რუსეთის "საზღვარი" ოკუპირებულ ხერსონსა და ზაპოროჟიეში

კრემლის სპიკერი დიმიტრი პესკოვი აცხადებს, რომ ჯერ დადგენილი არ არის, სად გადის ოკუპირებული ხერსონისა და ზაპოროჟიეს "საზღვრები". მისი თქმით, საკითხზე მოსახლეობასთან კონსულტაციებს განაგრძობენ.

"ნაწილობრივ საზღვრების საკითხთან დაკავშირებით განმარტება გვაქვს, მე გეტყვით იურიდიულ ენაზე. ლუჰანსკისა და დონეცკის სახალხო რესპუბლიკები - 2014 წლის საზღვრებში. ხერსონისა და ზაპოროჟიეს საზღვრებთან დაკავშირებით ამ ოლქების მოსახლეობასთან კონსულტაციებს ვაგრძელებთ", - თქვა პესკოვმა.

კრემლის წარმომადგენელმა არ უპასუხა კითხვას, თუ ვის ეკუთვნის ტერიტორიები, რომლებიც რუსეთის მიერ ანექსირებულ ოლქებში მდებარეობს და რომლებსაც უკრაინის შეიარაღებული ძალები აკონტროლებენ.

"რომელი ტერიტორიები? ამ საკითხზე მეტი არაფერი მაქვს დასამატებელი", - თქვა მან.

მისივე თქმით, ხერსონისა და ზაპოროჟიეს საზღვრების დასადგენად რეფერენდუმების ხელახლა ჩატარება ჯერ არ იგეგმება.

***

20 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ რუსეთი დონეცკისა და ლუჰანსკის ე.წ სახალხო რესპუბლიკებში, ასევე ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქებში 23-დან 27 სექტემბრამდე რეფერენდუმების ჩატარებას გეგმავდა.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა 21 თებერვალს, უკრაინაში შეჭრამდე, ხელი მოაწერა ბრძანებებს დონეცკის და ლუჰანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ. ეს ორი სეპარატისტული სუბიექტი, რომელთა დაცვაც რუსეთმა აგრესიის საბაბად გამოიყენა, საერთაშორისო საზოგადოების მიერ არ არის აღიარებული.

დონეცკის და ლუჰანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების რუსეთთან შეერთების შესახებ "რეფერენდუმის" ჩატარების გეგმები ჯერ კიდევ 2022 წლის მარტში გამოცხადდა.

რუსეთის მიერ ოკუპირებულ რეგიონებში კრემლის მიერ მხარდაჭერილი ადმინისტრაციების ცნობით, ხმების 100%-ის დათვლის შემდეგ, ე.წ რეფერენდუმებში ხერსონში 87.05%-მა, ზაპოროჟიეში 93.11%-მა, ლუჰანსკში - 98.42%-მა და დონეცკში 99.23%-მა მხარი დაუჭირა რუსეთის ფედერაციასთან შეერთებას.

უკრაინა და დასავლეთის სახელმწიფოები ე.წ რეფერენდუმებს ყალბს უწოდებენ და აცხადებენ, რომ შედეგები წინასწარ არის განსაზღვრული.

30 სექტემბერს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა და მარიონეტმა ლიდერებმა უკრაინის 4 რეგიონის: ხერსონის, ზაპოროჟიეს, დონეცკის და ლუჰანსკის რუსეთის შემადგენლობაში შესვლას ხელი მოაწერეს.


close დახურვა