logo
ENG



გიორგი თარგამაძის ედიტორიალი: ნაცმოძრაობის ეფექტი და ეფექტურობა

13 ნოე 202220:29
3 წუთის საკითხავი
clock 803

ნეტა რომელი ოპოზიციური პარტიის ლიდერს ეყოფა გამბედაობა გამოვიდეს და თქვას, რომ მისი პარტია კრიზისში არ არის?... ან რომელი იტყვის რომ ქართული პოლიტიკა მთლიანობაში კრიზისის დიაგნოზს არ შეესაბამება. ქართულ ოცნებაზე, როგორც პარტიაზე საერთოდ არაფერს ვამბობ, რადგან ოცნება საკუთრივ წარმოადგენს მაფიოზურ ვერტიკალად გადაქცეულ ოლიგარქიულ კლეპტოკრატიას, რომელსაც პარტიასთან დიდი ხანია საერთო არაფერი აქვს და თავადაა ამ დიდი დემოკრატიული კრიზისის მიზეზიც და განსაზღვრებაც.

ნაცმოძრაობაში რომ კრიზისია - ფაქტია და არა ინტერპრეტაცია…. ყველაზე დიდ ოპოზიციურ პარტიაში, რომელმაც უამრავ გამოწვევას გაუძლო, წევრები თუ მხარდამჭერები დღეს უკმაყოფილებას საჯაროდ გამოთქვამენ და ცვლილებებს ითხოვენ, მათ შორის თავმჯდომარის. მიუხედავად იმისა, რომ პარტიის ლიდერები განხეთქილებას კატეგორიულად გამორიცხავენ, საგანგაშო სიგნალები სახეზეა. და თუ ნაცმოძრაობამ კრიზისს თავი დროულად და ღირსეულად ვერ დააღწია, ეს ივანიშვილისთვის ლანგრით მირთმეული საჩუქარი იქნება.

არადა, ორი წლის წინ, ნაცმოძრაობამ ნიკა მელია ლიდერად სწორედ იმისთვის აირჩია, რომ მას ორგანიზაციაში სიახლეები და ახალი სისხლი შეეტანა, აქტივიზმით გაეძლიერებინა პარტია და რაც მთავარია - გაცდენოდა ნაცმოძრაობის, ანუ მიშას ტრადიციულ ელექტორალურ ბაზას, ხიდები გაედო სხვა ოპოზიციურ ძალებთან და ერთიანი ფრონტით შეეტია ივანიშვილისთვის. რაღაც პერიოდში, მელიამ ეს მოახერხა, თუმცა ბოლო მომენტში, როდესაც ყველაზე მეტად მომწიფდა ვითარება ერთიანობისა და ამ კომპონენტების ეფექტურად გამოყენებისთვის, სწორედ აქ გაქრა მელია როგორც ლიდერი: შენელდა, თუ სრულად არ შეწყდა პარტიის განვითარება, გაღრმავდა და სააშკარაოზე გამოვიდა შიდა უთანხმოება, დაიწვა ხიდები სხვა პარტიებთან, პოლიტიკურ ლიდერებთან თუ აქტივისტებთან. ნაცმოძრაობის ლიდერმა, ნებით თუ უნებლიედ, თითქოს საკუთარი დღის წესრიგის შექმნაზე თქვა უარი და ქართული პოლიტიკის ივანიშვილისეულ კალენდარს შეეგუა.

ვინმემ შეიძლება ისიც თქვას: - რა ჩვენი პრობლემაა, მათი შიდაპარტიული საქმეა, ვინც უნდა აირჩიონ, რაც უნდა გააკეთონ და თუ დასაშლელები არიან - დაიშალონო. ცარიელი ადგილი კი პოლიტიკურ მოედანზე არასდროს რჩება და მას სხვა არსებული თუ ახალი პოლიტიკური მოთამაშეები შეავსებენ.. ამაში ნამდვილად არის სიმართლის მარცვალი და დიდი დოზითაც, თუმცა მნიშვნელოვანია ის თუ სად და როდის ხდება მოქმედება. საქართველო რომ დღეს მეტნაკლებად დემოკრატიული სახელმწიფო იყოს, მაშინ ეს ყველაფერი სავსებით ნორმალური და ჯანმრთელიც კი იქნებოდა. იმ შემთხვევაში, თუ ნაცმოძრაობა დაიშლებოდა, ან რამდენიმე სუბიექტად დაიყოფოდა, გამოთავისუფლებულ სივრცეს, საშუალო თუ გრძელვადიან პერსპექტივაში, ბუნებრივად შეავსებდა ახალი, ან არსებული პოლიტიკური სპექტრი. თუმცა იმ ქვეყანას, სადაც ხელისუფლება ავტორიტარიზმის დამკვიდრების ბოლო ფაზაშია, სრულად მონოპოლიზებული აქვს სახელმწიფო ინსტიტუტები და იმავეს ცდილობს პოლიტიკურ და მედია სივრცეებთან მიმართებაში; სადაც ოპოზიციურად განწყობილი ამომრჩევლის საკმაოდ დიდი ნაწილი იმედგაცრუებული და გაპასიურებულია; სადაც რუსული გავლენები კატასტროფულად იზრდება და ევროკავშირის წევრობის უნიკალური შესაძლებლობა თვალსა და ხელშუა ქრება - საშუალო და გრძელვადიანი პერსპექტივა უბრალოდ არ აქვს.

და როდესაც ლამის მთელი ოპოზიციური სპექტრის ელექტორატი ამ პარტიის ნახევარს არ აღემატება, ვინმეს მოსწონს თუ არა, სიმართლეს თვალი უნდა გავუსწოროთ, რაც იმაში მდგომარეობს, რომ ნაცმოძრაობას სისტემური როლი აქვს. ანუ, დღეს ის მთლიანად პოლიტიკური სისტემის საყრდენია და მისი გახლეჩის, დაშლის, სერიოზულად დასუსტების, ან გამარგინალების შემთხვევაში, კონსტრუქციის ჩამონგრევა და ოპოზიციური სივრცის სრულ ქაოსში ჩაძირვაა მოსალოდნელი. ნაცმოს ელექტორატის ნაწილი არსად წავა, უბრალოდ გაპასიურდება და დააკლდება საერთო ოპოზიციურ ძალისხმევას, შეცვალოს რეჟიმი. ერთხელ ეს უკვე მოხდა, როდესაც გამსახურდიას სიკვდილის შემდეგ, მისი ამომრჩევლის ნაწილი კარგა ხნით გაეთიშა საარჩევნო პროცესს. ნათელია, რომ ასეთ შემთხვევაში, არსებული ოპოზიციური პოლიტიკური ძალები მოკლე დროში ვერ შეძლებენ გათავისუფლებული ნიშის დაკავებას, ივანიშვილის დომინანტური გავლენა გაიზრდება, რაც ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილ საზოგადოებაში კიდევ უფრო დიდ ნიჰილიზმსა და იმედგაცრუებას გამოიწევს. ეს კი ოლიგარქს მიცემს საშუალებას ავტორიტარული მმართველობა სრულ დიქტატურაში გადაზარდოს: კრიტიკული მედია მოგუდოს, ოპოზიციური ფლანგი კი ისე დაასუსტოს და შეავიწროოს, რომ მას გამარჯვების შანსი დიდი ხნით დაუკარგოს.

სწორედ ამიტომაა, რომ ის რაც დღეს ნაცმოძრაობაში ხდება, სულაც არ არის მხოლოდ ნაცმოძრაობის საქმე. მეტიც, ნებისმიერს, ვისაც ამ ქვეყნის მომავალი აღელვებს, ისიც უნდა აღელვებდეს რომ ეს პარტია კრიზისიდან გაძლიერებული და გაჯანსაღებული გამოვიდეს. ამისთვის კი მნიშვნელოვანია, არა იმდენად ის თუ ვინ იქნება ნაცმოძრაობის შემდეგი ლიდერი, არამედ ის თუ როგორ აირჩევენ მას და იქნება თუ არა ეს პროცესი გამჭვირვალე და სამართლიანი. ასევე ისიც, მიუხედავად პირადი წყენისა თუ მაღალი კონკურენციისა, რამდენად შეძლებს დამარცხებული - არჩეული ლიდერის გამარჯვების აღიარებას და მომავალში მასთან დადგომას, მოგებული კი შურისძიებაზე უარის თქმას და პარტიის ერთიანობის უზრუნველყოფას. ასეთი მაგალითი თავის მხრივ დანარჩენ ოპოზიციურ სპექტრსაც აიძულებს რომ გამსხვილდნენ, გაძლიერდნენ და ახალი მხარდამჭერები არა ნაცმოს ნანგრევებში, არამედ ალტერნატიულ სივრცეებში ეძებონ.

სხვაგვარად, როგორც აქამდე, მხოლოდ ერთი ადამიანი და მისი მსახურები იზეიმებენ, ოპოზიციის და ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილი საზოგადოების საერთო ამოცანა კი, რაც ქვეყნის ივანიშვილის მარწუხებიდან გათავისუფლებასა და ევროპული პერსპექტივის დაბრუნებაში მდგომარეობს, კვლავაც მიუღწეველი დარჩება.

ამიტომაც აქვს ნაცმოს ბედს მნიშვნელობა არამარტო მისი წევრებისთვის. და ამიტომაც უნდა იფიქრონ შიდაპარტიული გადაწყვეტილებების მიმღებებმა იმ ეფექტზე და ეფექტურობაზეც, რომელიც გავლენას მთელს პოლიტიკურ სისტემასა და ქვეყნის მომავალზე მოახდენს.


close დახურვა