logo
ENG



CNN: მსოფლიო ჩემპიონატის მოახლოებული მატჩის წინ, ირანი ფეხბურთელების ოჯახებს დაემუქრა

29 ნოე 202216:18
3 წუთის საკითხავი
clock 727
2022/11/29/fi3ah2ns3umn9m1.jpg

CNN ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ მსოფლიო ჩემპიონატის მოახლოებული მატჩის წინ, ირანი ეროვნული საფეხბურთო ნაკრების წევრების ოჯახებს პატიმრობით და წამებით დაემუქრა.

ეს მუქარა მსოფლიო ჩემპიონატზე გამოხატულ პროტესტს მოჰყვა - 21 ნოემბერს ინგლისთან მატჩის წინ ფეხბურთელებმა ირანში მიმდინარე საპროტესტო აქციების მიმართ მხარდაჭერის გამოხატვის მიზნით, ეროვნული ჰიმნი არ იმღერეს და მიმდინარე პროცესები დუმილით გააპროტესტეს.

წყარო მედიას უყვება, რომ ოჯახის წევრები გააფრთხილეს, თუ ფეხბურთელები აშშ-სთან მატჩის წინ მსგავს ქმედებას გაიმეორებენ, ან თეირანის წინააღმდეგ ნებისმიერ პოლიტიკურ პროტესტს შეუერთდებიან, "ძალადობისა და წამების" პირისპირ აღმოჩნდებიან. პირველი თამაშისგან განსხვავებით, უელსი-ირანის მატჩის წინ ფეხბურთელებმა ეროვნული ჰიმნი შეასრულეს.

წყაროს ინფორმაციით, ფეხბურთელების გარე აქტივობებს ეროვნული გვარდიის კორპუსის ათობით ოფიცერი აკვირდება - მათ ეკრძალებათ გუნდის გარეთ სხვებთან შეკრება ან უცხოელებთან შეხვედრები. მისივე თქმით, ირანის ნაკრების მწვრთნელი ოჯახის წევრების მიმართ მუქარის შემდეგ გვარდიის ოფიცრებს ცალკე შეხვდა, თუმცა საუბრის შინაარსის დეტალები უცნობია.

"კატარში ირანის უსაფრთხოების სამსახურის არაერთი ოფიცერია. ისინი აგროვებენ ინფორმაციას და აკვირდებიან მოთამაშეებს", - განაცხადა წყარომ.

წყარო ჰყვება, რომ ინგლისთან თამაშის წინ ფეხბურთელებს "საჩუქრებსა და მანქანებს" შეჰპირდნენ, თუმცა მას შემდეგ, რაც მათ უარი თქვეს ეროვნული ჰიმნის შესრულებაზე, რეჟიმმა გადაწყვეტილება ოჯახების მიმართ მუქარით შეცვალა.

მისივე განცხადებით, უელსთან ბოლო თამაშის დროს რეჟიმმა ასობით "მხარდამჭერი" გააგზავნა, რათა ფანებში კეთილგანწყობის ყალბი გრძნობა შეექმნა და მომდევნო თამაშზე მათი რაოდენობის მნიშვნელოვნად გაზრდას აპირებს.


close დახურვა