logo
ENG



ალასანია: თუ მოწამვლა იყო, უცხო სახელმწიფოს კვალია, რომელიც ჩემს შვილს მტრად მიიჩნევს

01 დეკ 202215:10
3 წუთის საკითხავი
clock 1178

მიხეილ სააკაშვილის დედა, გიული ალასანია ამბობს, რომ მისი შვილი მოწამვლაში ქართველებსა და საქართველოს ხელისუფლებას არ ადანაშაულებს. ამავე დროს, იგი აღნიშნავს, რომ თუ მსგავსი მოწამვლა იყო, აქ მტრულად განწყობილი სახელმწიფოს კვალი იკვეთება.

გიული ალასანიამ განცხადება კლინიკა ვივამედთან გააკეთა.

"ჩემი შვილი არ ადანაშაულებს ქართველებსა და საქართველოს ხელისუფლებას მოწამვლაში. თუ სასიკვდილო მოწამვლა მართლაც შედგა, აქ არის იმ უცხო სახელმწიფოს კვალი და სტილი, რომელიც ჩემს შვილს მტრად მიიჩნევს. ამერიკაში ეს ტესტები გაკეთდა საუკეთესო ლაბორატორია, კალიფორნიაში, რომელიც ითვლება ნომერ პირველ ლაბორატორიად. ანალიზიც გაუკეთდა საუკეთესო ტოქსიკოლოგების მიერ. ისინი ძალიან უფრთხილდებიან და სათუთად ეკიდებიან თავის რეპუტაციას და ზერელედ არ მოეკიდებიან თავის რეპუტაციას. ნებისმიერ შემთხვევაში ეს არის პროვოკაცია ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ", - განაცხადა ალასანიამ.

გარდა ამისა, ის მოუწოდებს, რომ არ გამოიყენონ სააკაშვილის მდგომარეობა პოლიტიკური სპეკულაციებისთვის და თავშეკავება გამოიჩინონ.

ცენტრი ემპათიას სასამართლო საექსპერტო კომისიამ საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით 10 ქართველი და 6 საერთაშორისო ექსპერტის მონაწილეობით კომისიური სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზა ჩაატარა.

ემპათიაში ამბობენ, რომ ექსპერტიზა მიმდინარეობდა 2022 წლის 1 ივნისიდან 28/11/2022 - წლამდე.

ცენტრ ემპათიის განმარტებით, მათ მიერ სააკაშვილის შესახებ მომზადებული სამედიცინო დასკვნა 194-გვერდიანია და თან ახლავს 22 დანართი, რომლის მიხედვითაც სააკაშვილს აღენიშნება 20-ზე მეტი დიაგნოზი თუ სიმპტომო-კომპლექსი - აქედან კი წამყვანია დაახლოებით 10 დიაგნოზი.

როგორც დასკვნაშია აღნიშნული, სააკაშვილს აღენიშნება სიმპტომები და დიაგნოზები (ნეირო - ფსიქიკური, გასტრო - ენტეროლოგიური, ასევე საყრდენ - მამოძრავებელი სისტემის, მხედველობის მხრივ), აღენიშნება დაუდგენელი ეტიოლოგიის ცხელება, ანორექსია, წონაში სწრაფი კლება, კუნთების, სახსრების ძვლების ტკივილი, სხეულზე ესკორიაციები - ნაკაწრები - ფხანის კვალი, კუნთების განლევა, რომელიც შესაძლოა წარმოადგენდეს დაუდგენელი ინფექციური პროცესის ან/და შესაძლო ინტოქსიკაციის შედეგებსაც, ვინაიდან თმის ნიმუშის ტოქსიკოლოგიურ ექსპერტიზაში გამოვლენილი იქნა დოკუმენტირების ლიმიტზე მეტი Ba, Bi, Mercury (Hg). როგორც ცენტრში აცხადებენ, ეს ტოქსიკური ნივთიერებები საშიშია იმით, რომ მათ შეუძლიათ გამოიწვიონ არა მხოლოდ ფიზიკური, არამედ ზოგჯერ ფსიქიკური დარღვევები.

ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ მიხეილ სააკაშვილი არ შეიძლება იმყოფებოდეს ამჟამად არსებულ დაწესებულებაში, ასევე პატიმრობის პირობებში, ვინაიდან შეუძლებლად მიაჩნიათ ამ დაწესებულებებში სრული ტოქსიკოლოგიური კვლევის ჩატარება.

ექსპერტთა დასკვნებში მოყვანილია ფიზიკური და ფსიქოლოგიური არაადამიანური მოპყრობის ფაქტები და გამოსაკვლევი პირის მონათხრობები; მათ შორის, მოტყუება, იძულებით ჰოსპიტალიზაცია, კრიმინალური სუბკულტურის პატიმრების მხრიდან გამოსაკვლევი პირის დამცირება და სიცოცხლის მოსპობის მუქარა


close დახურვა