logo
ENG



EU-ს ელჩი: ახლოდან ვაკვირდებით სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას

02 დეკ 202216:16
3 წუთის საკითხავი
clock 604
EU-ს ელჩი: ახლოდან ვაკვირდებით სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას
European Union in Georgia

საქართველოში ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი აცხადებს, რომ ევროკავშირი მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას აკვირდება და მის ოჯახთან კავშირზეა.

ჰერჩინსკის თქმით, ევროკავშირის წარმომადგენლობა პატიმრობაში მყოფი ყოფილი პრეზიდენტი უფლებებთან დაკავშირებულ საკითხებს საქართველოს ხელისუფლების შესაბამის ორგანოებთან განიხილავს.

„ჩვენ ახლოდან ვაკვირდებით ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას. ჩვენ მის ოჯახთან კავშირზე ვართ და ასევე ვაყენებთ მის უფლებებთან დაკავშირებულ საკითხებს საქართველოს ხელისუფლების შესაბამის ორგანოებთან. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მისი უფლებები იყოს სრულად დაცული. თუმცა, რა თქმა უნდა, მისი მომავლის შესახებ გადაწყვეტილებები ქართულმა სასამართლომ უნდა მიიღოს“ - განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.

ცენტრი ემპათიას სასამართლო საექსპერტო კომისიამ საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით 10 ქართველი და 6 საერთაშორისო ექსპერტის მონაწილეობით კომისიური სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზა ჩაატარა.

ემპათიაში ამბობენ, რომ ექსპერტიზა მიმდინარეობდა 2022 წლის 1 ივნისიდან 28/11/2022 - წლამდე.

ცენტრ ემპათიის განმარტებით, მათ მიერ სააკაშვილის შესახებ მომზადებული სამედიცინო დასკვნა 194-გვერდიანია და თან ახლავს 22 დანართი, რომლის მიხედვითაც სააკაშვილს აღენიშნება 20-ზე მეტი დიაგნოზი თუ სიმპტომო-კომპლექსი - აქედან კი წამყვანია დაახლოებით 10 დიაგნოზი.

როგორც დასკვნაშია აღნიშნული, სააკაშვილს აღენიშნება სიმპტომები და დიაგნოზები (ნეირო - ფსიქიკური, გასტრო - ენტეროლოგიური, ასევე საყრდენ - მამოძრავებელი სისტემის, მხედველობის მხრივ), აღენიშნება დაუდგენელი ეტიოლოგიის ცხელება, ანორექსია, წონაში სწრაფი კლება, კუნთების, სახსრების ძვლების ტკივილი, სხეულზე ესკორიაციები - ნაკაწრები - ფხანის კვალი, კუნთების განლევა, რომელიც შესაძლოა წარმოადგენდეს დაუდგენელი ინფექციური პროცესის ან/და შესაძლო ინტოქსიკაციის შედეგებსაც, ვინაიდან თმის ნიმუშის ტოქსიკოლოგიურ ექსპერტიზაში გამოვლენილი იქნა დოკუმენტირების ლიმიტზე მეტი Ba, Bi, Mercury (Hg). როგორც ცენტრში აცხადებენ, ეს ტოქსიკური ნივთიერებები საშიშია იმით, რომ მათ შეუძლიათ გამოიწვიონ არა მხოლოდ ფიზიკური, არამედ ზოგჯერ ფსიქიკური დარღვევები.

ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ მიხეილ სააკაშვილი არ შეიძლება იმყოფებოდეს ამჟამად არსებულ დაწესებულებაში, ასევე პატიმრობის პირობებში, ვინაიდან ამ დაწესებულებებში სრული ტოქსიკოლოგიური კვლევის ჩატარება, მათი აზრით შეუძლებელია.

ექსპერტთა დასკვნებში მოყვანილია ფიზიკური და ფსიქოლოგიური არაადამიანური მოპყრობის ფაქტები და გამოსაკვლევი პირის მონათხრობები; მათ შორის, მოტყუება, იძულებით ჰოსპიტალიზაცია, კრიმინალური სუბკულტურის პატიმრების მხრიდან გამოსაკვლევი პირის დამცირება და სიცოცხლის მოსპობის მუქარა


close დახურვა