logo
ENG



TV Rain-მა მობილიზებულებზე განცხადების გამო ტელეწამყვანი გაათავისუფლა - რა ხდება

03 დეკ 202211:19
3 წუთის საკითხავი
clock 707
2022/12/03/kljj6rw6cedjf2m.jpg

ტელეკომპანია დოჟდი, რომელიც რუსეთში უცხო ქვეყნის აგენტად არის გამოცხადებული, ერთ-ერთი ტელეწამყვანის განცხადების გამო კრიტიკის ობიექტი გახდა.

უკრაინაში ომის დაწყებისა და სამხედრო ცენზურის დაწესების შემდეგ, ტელეარხმა რუსეთში მაუწყებლობა შეწყვიტა, თანამშრომლები კი სხვადასხვა ქვეყანაში წავიდნენ. ამჟამად ტელეარხი ლატვიიდან მაუწყებლობს და სტუდიები აქვთ, პარიზში, ამსტერდამსა და თბილისში.

ტელეწამყვანმა ალექსეი კოროსტელევმა პირდაპირ ეთერში მაყურებელს მოუწოდა, მიაწოდონ ინფორმაცია მობილიზაციის დროს დარღვევების შესახებ და თქვა, რომ არხი რუს სამხედროებს დაეხმარება. აღნიშნული განცხადების შემდეგ ჟურნალისტი გაათავისუფლეს. ლატვიაში კი მოკვლევა დაიწყეს.

"გადავწყვიტეთ, შეგვეწყვიტა თანამშრომლობა ალექსეი კოროსტელევთან. ეს ძალიან რთული გადაწყვეტილებაა ჩვენთვის, მაგრამ დოჟდის ხელმძღვანელობას მიაჩნია, რომ ეს ერთადერთი სწორი და შესაძლებელი არჩევანია, - განაცხადა ამის შესახებ საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელმა, ეკატერინე კოტრიკაძემ.

გახმაურებული სკანდალის შემდეგ პროტესტის ნიშნად დოჟდი დატოვა არხის ორმა ცნობილმა ტელეწამყვანმა - ვლადიმირ რომენსკიმ და მარგარიტა ლიუტოვამ. რომენსკის ამბობს, რომ საღამოს გამოშვების დროს კოროსტელევის შეფ-პროდიუსერი იყო და პასუხისმგებლობას იზიარებს.

"სრულად ვაგებ პასუხს იმ გამოშვების გამო. "ყურზე ვიჯექი" შეფ-რედაქტორად. მოვალეობა ბრძანებს, რომ სამკერდე ნიშანი და რევოლვერი მაგიდაზე დადოთ. რასაც ვაკეთებ. დოჟდი დედა-დედოფალია, მაგრამ თქვენ საშინელი შეცდომა დაუშვით", - ამბობს რომენსკი და გათავისუფლების გადაწყვეტილებას არ დაეთანხმა. მას მიაჩნია, რომ არხმა "სასაკლაოზე" თავისი კაცი გადასცა.

ლიუტოვას ასევე მიაჩნია, რომ ადამიანებს აქვთ "შეცდომის დაშვებისა და საჯარო გათავისუფლებამდე საჯაროდ ახსნის უფლება". მისი აზრით, არხის რეაქცია სკანდალზე ეწინააღმდეგება ჰუმანიზმის, ღიაობის დეკლარირებულ პრინციპებს.

ხუთშაბათს საღამოს პირდაპირ ეთერში, საინფორმაციო გადაცემის "ახლა და აქ" ეთერში კოროსტელევმა წაიკითხა არხის მოწოდება, რომ მიაწოდონ ინფორმაცია მობილიზაციის დროს დარღვევების შესახებ, რის შემდეგაც დაამატა: "ვიმედოვნებთ, რომ ბევრ სამხედრო მოსამსახურეს, მათ შორის, შევძელით დავხმარებოდით, მაგალითად, აღჭურვილობით და, უბრალოდ, ელემენტარული კომფორტით ფრონტზე".

კრიტიკის შემდეგ პარასკევს საღამოს ეს ფრაზა ეთერიდან ამოჭრეს, ხოლო არხის მთავარმა რედაქტორმა ტიხონ ძიადკომ ბოდიში მოიხადა. მან განმარტა, რომ კოროსტელევის რეპლიკას "მაყურებელი შეცდომაში შეჰყავს" და "ქმნის წარმოდგენას, რომ დოჟდი რუსული არმიის დახმარებას ეწევა".

ამავე დღეს კოროსტელევმა განმარტება გააკეთა: "რუსული არმიისთვის კოპტერებისთვის ან თუნდაც წინდებისთვის ფულს არ ვაგზავნი და ამის გაკეთებისკენ არ მოვუწოდებდი. სიტყვები კონტექსტიდან არის ამოგლეჯილი - შევახსენებ - შესანიშნავი ეთერიდან. მეცოდება თუ არა ყველასგან მიტოვებული მშიერი მობილიზებული (მათზე იყო საუბარი)? დიახ. პუტინი კარგია? არა. მგონია, რომ აქაა წყალგამყოფი. ვეხმარები თუ არა მობილიზებულებს, რომლებზეც საუბარი იყო მონოლოგში? მხოლოდ იმით, რომ მათზე ვყვები".

"გათავისუფლებას, თუ ეს გადაარჩენს არხს და საშუალებას მისცემს ჩემს კოლეგებს გააგრძელონ მუშაობა, არ შევეწინააღმდეგები", - ხაზი გაუსვა კოროსტელევმა.

ჟურნალისტის განცხადებას გამოეხმაურნენ ლატვიის მთავრობაშიც.

"მიმაჩნია, რომ დოჟდი რუსეთში უნდა გაემგზავროს სამუშაოდ და მისი თანამშრომლების ბინადრობის ნებართვები უნდა გაუქმდეს. მოთმინების ფიალა აივსო", - დაწერა ტვიტერზე ლატვიის ვიცე-პრემიერმა და თავდაცვის მინისტრმა, არტის პაბრიკსმა.

დოჟდის მაუწყებლობა არაერთხელ გამხდარა ლატვიის მარეგულირებელი ორგანოებისა და ოფიციალური პირების უკმაყოფილების მიზეზი.

2 დეკემბერს ცნობილი გახდა, რომ ლატვიის ელექტრონული მედიის ეროვნულმა საბჭომ (NEPLP) ტელეარხი 10 000 ევროთი დააჯარიმა ეთერში ნაჩვენები რუკის გამო, სადაც ანექსირებული ყირიმი რუსულ ტერიტორიად არის მონიშნული და ასევე სიტყვები "ჩვენი არმიის" გამო, რაც რუსული არმიის მიმართებით იყო გამოყენებული. ორგანიზაციაში აღნიშნეს, რომ არხის მხრიდან ეს უკვე მეორე დარღვევაა. სამი "სერიოზული დარღვევის" შემთხვევაში საბჭოს უფლება აქვს გააუქმოს ლატვიაში მაუწყებლობის ლიცენზია.

ალექსეი კოროსტელევის სიტყვების გამო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა მოკვლევა დაიწყო. უწყებაში განაცხადეს, რომ აგრესორი რუსეთის ნებისმიერი მხარდაჭერა მიუღებელია. მათი განმარტებით, სახსრების ან სხვა ქონების შეგროვებასა ან გადაცემისათვის გათვალისწინებულია სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა.

ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ედგარ რინკევიჩმა მომხდარი უსაფრთხოების სამსახურთან და ლატვიის ელექტრონული მედიის ეროვნულ საბჭოსთან განიხილა. მინისტრმა აღნიშნა, რომ რუსული აგრესიის ნებისმიერი მხარდაჭერა უნდა დაიგმოს.


close დახურვა