logo
ENG



ბერძენიშვილი ვიდეოზე: შემეცოდა ის გოგო... ამ კამპანიის უკან ივანიშვილი დგას

24 იან 202301:06
3 წუთის საკითხავი
clock 1187
2023/01/24/a9k31lxtep2ofen.jpg

პროფესორი და მეცნიერი ლევან ბერძენიშვილი ეხმაურება პროსახელისუფლებო და პრორუსული მედიის ჟურნალისტის მიერ გავრცელებულ ვიდეოს და აცხადებს, რომ ამ კამპანიის უკან ბიძინა ივანიშვილი დგას. ამაზე მან ნეტგაზეთთან ინტერვიუში ისაუბრა.

საუბარია ვიდეოზე, რომელშიც POSTV-ის ჟურნალისტი ნათია ბერიძე ლევან ბერძენიშვილს სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებს. ვიდეო თავად ბერიძემ გაავრცელა.

"ერეკლე მეფე გმირი იყო და თქვენ არაკაცი ხართ", - ეუბნება ბერიძე ბერძენიშვილს. 

"ცოტა გამიკვირდა სწორედ იმის გამო, რომ გულწრფელი არ იყო. ვიფიქრე, რას აძლევენ ასეთს, რომ ამას კადრულობს-მეთქი. ცოტა გაუგებარია: ადამიანთან პრეტენზია როცა გაქვს, სულ სხვანაირად იქცევი ხოლმე. მაგრამ აქ ვართ არათანაბარ პირობებში: იმან იცის მე ვინ ვარ, მე არ ვიცი, ის ვინ არის. ვერ ხვდება, რომ ასეთ დროს ცოტა უხერხულ მდგომარეობაში უნდა იყოს, მაგრამ არ გრძნობს თავს უხერხულად. რომ შევხედე, გულწრფელად რომ გითხრათ, შემეცოდა. ახლა რომ ვუყურებ [ვიდეოს], სახეზე, მგონი, ეგ მაწერია, რომ ის არის ცოდო. მართალი გითხრათ, ასეთი ადამიანების ნათქვამი გულთან ძალიან ახლოს არ მიმაქვს, რადგან მე ცოტა მეტი მინახავს ცხოვრებაში, ვიდრე მათ წარმოუდგენიათ"- აცხადებს ბერძენიშვილი.

ინტერვიუში ბერძენიშვილი აღნიშნავს, რომ გარდა ივანიშვილისა, ამ საქმეს ასეთ მასშტაბს სხვა ვერავინ მისცემდა.

"ესე იგი, ფიქრობთ, რომ მიუხედავად დამოკიდებულებისა, რომელსაც პირადად ამჟღავნებდა, ამჟამად მიმდინარე კამპანიის უკან მაინც ის [ივანიშვილი] დგას…" - ჰკითხა მას ჟურნალისტმა, რაზეც ბერძენიშვილმა უპასუხა:

"რა თქმა უნდა. ასეთ მასშტაბს ვერავინ მისცემდა ამ საქმეს. დიდი მასშტაბი აქვს მიცემული. შალვა რამიშვილი პირდაპირ არის ჩართული: ზის და ფიქრობს, რა გააკეთოს ცუდი. რომ ჰქონდეთ საშუალება, რაც მოითხოვეს, უნივერსიტეტებში არ უნდა ასწავლიდესო, მაგასაც განახორციელებდნენ. მაგას კიდევ შეეცდებიან, ჩემი აზრით. მას [ივანიშვილს] არ მოსწონს ჩემი განცხადება, რომ ყოველთვის, როცა მასზე ვლაპარაკობ, ვამბობ, რომ ის არის უწიგნური. მე ვიცი, რომ ეს მას ძალიან არ მოსწონს"- აცხადებს ბერძენიშვილი ინტერვიუში.

ბოლო პერიოდში ბერძენიშვილი არაერთხელ გახდა პრორუსული ორგანიზაციების მხრიდან თავდასხმის ობიექტი. ერთ-ერთი ბოლო შემთხვევა ყვარელში მოხდა, სადაც ბერძენიშვილს საჯარო ლექცია უნდა წაეკითხა.

მას პრორუსულმა ალტ-ინფომ ხალხი დაახვედრა, რის გამოც, უსაფრთხოების მიზნით, ბერძენიშვილის ლექცია გაუქმდა და მან ევროატლანტიკურ ცენტრთან მისვალა ვერ მოახერხა.

თავად ბერძენიშვილმა ამ აქციას ხელისუფლების მართული უწოდა, პოლიციაზე კი თქვა, რომ ის არ მოქმედებდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ამ დრომდე არ უთქვამს, რატომ ვერ მოახერხა ლექციის უსაფრთხოდ ჩატარების უზრუნველყოფა.


close დახურვა