logo
ENG



"ვაძლევთ დროს 12 რეკომენდაციის შესასრულებლად" - ენმ 9 აპრილს აქციას გამართავს

14 მარ 202321:03
3 წუთის საკითხავი
clock 669
"ვაძლევთ დროს 12 რეკომენდაციის შესასრულებლად" - ენმ 9 აპრილს აქციას გამართავს
ვახო ქარელი/ფორმულა

9 აპრილს 17:00 საათზე რუსთაველის გამზირზე აქცია გაიმართება. ეს ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა და ქართულ ოცნებას 12 რეკომენდაციის შესასრულებლად 9 აპრილამდე დრო მისცა.

"9 აპრილს 17:00 საათზე შევიკრიბოთ რუსთაველზე და ამასობაში დრო მივცეთ რუსულ ოცნებას იმისთვის, რომ რეალურად დაიწყოს კანდიდატის სტატუსისთვის მიღებისთვის სამუშაოები, რაც გულისხმობს 12 რეკომენდაციის შესრულებას. მათ მივცეთ 9 აპრილამდე დრო, რომ ისევე სწრაფად როგორც რუსული კანონი გაიწვიეს, ასევე სწრაფად ანახონ საზოგადოებას ხვალიდან, რომ ისინი იძულების წესით იწყებენ ამ ყველა რეკომენდაციის შესრულებას"- თქვა ხაბეიშვილმა.

***

2022 წლის 23 ივნისს ევროპულმა საბჭომ უკრაინასა და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მიანიჭა, საქართველოს კი - არა. საბჭომ განაცხადა, რომ მზადაა, ქვეყანას კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი მოგვარდება მთელი რიგი პრობლემებისა. 

მდგომარეობის გამოსასწორებლად ევროკავშირმა საქართველოს 12-პუნქტიანი გეგმა მისცა. 

დეოლიგარქიზაცია, ინსტიტუციური გაძლიერება, ანგარიშვალდებულება, მართლმსაჯულების რეფორმა, მედიის დამოუკიდებლობა - ეს იმ ძირითადი რეკომენდაციების ნაწილია, რაც საქართველომ უნდა განახორციელოს. 

 14 მარტს ვენეციის კომისიამ გამოაქვეყნა დასკვნა საერთო სასამართლოების შესახებ კანონსა და დეოლიგარქიზაციის კანონპროექტზე, რომლებიც 12 რეკომენდაციის ფარგლებში მომზადდა.

დეოლიგარქიზაციის კანონპროექტის დასკვნაში ნათქვამია, რომ "ოლიგარქების" გავლენის შეზღუდვა პოლიტიკურ, ეკონომიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში, რა თქმა უნდა, პრიორიტეტულია სახელმწიფოსთვის, რომელსაც სურს მიაღწიოს კანონის უზენაესობის დემოკრატიულ სისტემას, თუმცა კომისია საუბრობს რისკებზე, რომლებიც კანონპროექტის ამ ფორმით მიღებამ შეიძლება გააჩინოს.

კერძოდ, დასკვნაში ნათქვამია, რომ საქართველოდან გაგზავნილი დოკუმენტი ეფუძნება პერსონალურ მიდგომებს და არ არის სისტემური, რომელიც ინსტიტუციებსა და საკანონმდებლო ჩარჩოს გაძლიერებას მოემსახურებოდა. ასევე აღნიშნულია, რომ "საჯარო განცხადებების ფონზე, საქართველოს დეოლიგარქიზაციის კანონპროექტი დიდ რისკს შეიცავს, რომ მიღების შემდეგ, ოპოზიციაზეც გავრცელდება".

დასკვნაში ასევე ნათქვამია, რომ "პერსონალურ" მიდგომას სადამსჯელო ხასიათი აქვს და იწვევს ადამიანის რამდენიმე უფლების დარღვევის რისკს, თუ არ არსებობს სათანადო დონის სასამართლო პროცესის გარანტიები.

რაც შეეხება საერთო სასამართლოების შესახებ კანონს, ვენეციის კომისია აღნიშნავს, რომ  ძირითადი რეკომენდაციები, რომლებიც კომისიამ მანამდე გასცა, ჯერ კიდევ არ არის გათვალისწინებული. მათ შორის ხაზგასმულია იუსტიციის უმაღლეს საბჭოში პირადი ინტერესების საკითხების მოგვარება.


close დახურვა