logo
ENG



კობახიძე: ფარცხალაძე საქართველოს მოქალაქეა, იუსტიციის სამინისტრომ დაიწყო საკითხის მოკვლევა

19 სექ 202314:45
3 წუთის საკითხავი
clock 222
კობახიძე: ფარცხალაძე საქართველოს მოქალაქეა, იუსტიციის სამინისტრომ დაიწყო საკითხის მოკვლევა

ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ყოფილი მთავარი პროკურორი, რომელსაც აშშ-მა სანქციები დაუწესა, ამჟამად საქართველოს მოქალაქეა. იგი ამბობს, რომ არ იცის ოთარ ფარცხალაძე არის თუ არა რუსეთის მოქალაქე და აღნიშნული საკითხის მოკვლევა იუსტიციის სამინისტრომ უკვე დაიწყო.

"საქართველოს მოქალაქეობას აქვს და შეიძლება სხვაც, მაგრამ საქართველოს მოქალაქეა... [...] დღემდე ოთარ ფარცხალაძე არის საქართველოს მოქალაქე... [არის თუ არა რუსეთის მოქალაქე] არ ვიცი, მაგრამ ვიცი, რომ საქართველოს მოქალაქეა... ყველაფერი შეიძლება იქნეს შესწავლილი, მაგრამ ჩვენ ვამბობთ რას, რომ საქართველოს მოქალაქის მიმართ ვერ გავრცელდება ის რეჟიმი, რაც შეიძლება გავრცელდეს არამოქალაქის მიმართ. მე როგორც ვიცი, იუსტიციის სამინისტროსაც აქვს დაწყებული მოქალაქეობის საკითხის შესწავლა..." - განაცხადა კობახიძემ ჟურნალისტებთან.

14 სექტემბერს აშშ-მა ყოფილ მთავარ პროკურორს, ოთარ ფარცხალაძეს უკრაინაში მიმდინარე ომის კონტექსტში სანქციები დაუწესა. სახელმწიფო დეპარტამენტში აღნიშნეს, რომ რუსეთს უსაფრთხოების ფედერალური სამსახური ფარცხალაძეს ქართულ საზოგადოებასა და პოლიტიკაზე რუსეთის სასარგებლოდ გავლენის მოსახდენად იყენებდა. 

18 სექტემბერს, სანქცირებულ ოთარ ფარცხალაძეს მის საკუთრებაში არსებულ საბანკო ანგარიშებზე წვდომა შეეზღუდა - სებ-ის განცხადების თანახმად, ფარცხალაძეს საერთაშორისო ფინანსური სანქციების აღსრულების მექანიზმის გათვალისწინებით, ეზღუდება როგორც სახსრების განკარგვა, ისე ყველა სახის ფინანსური ოპერაციის განხორციელების შესაძლებლობა.

იმავე დღეს ქართული ოცნების თავმჯდომარემ ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებას "კონსტიტუციის დარღვევა" უწოდა. კობახიძის განმარტებით, "უცხოელს შეიძლება შეუზღუდო აქ კომერციული საქმიანობის ან რაიმე სხვა ტიპის საქმიანობის წარმოება, მაგრამ როცა საქართველოს მოქალაქეს ეხება საქმე, იქ სახელმწიფო მოქმედებს განსაკუთრებული პასუხისმგებლობით და ეს პასუხისმგებლობა მას პირველ რიგში საქართველოს კონსტიტუციით ეკისრება". 

რაც შეეხება ოთარ ფარცხალაძის მოქალაქეობას, არსებული ინფორმაციით, მას რუსეთის მოქალაქეობა აქვს მიღებული. ამაზე საუბრობს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტიც.

საქართველოში არსებული კანონმდებლობის თანახმად, სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მიღების შემთხვევაში, მას ავტომატურად უნდა დაეკარგა საქართველოს მოქალაქეობა, თუმცა ქართული ოცნების წევრები ფარცხალაძეს კვლავ "საქართველოს მოქალაქედ" მოიხსენიებენ.

ორმაგი მოქალაქეობის მინიჭებისთვის მას საქართველოს პრეზიდენტისთვის უნდა მიემართა. პრეზიდენტი კი უარყოფს, რომ ამ საკითხზე მის ადმინისტრაციაში რაიმე სახის განცხადება შევიდა.


close დახურვა