logo
ENG

ENKA საქართველოს მთავრობასთან ხელშეკრულებას წყვეტს და ნამახვანჰესს აღარ ააშენებს

22 სექ 202115:55
3 წუთის საკითხავი
clock 5181
ვახო ქარელი/ფორმულა

ENKA Renewables ნამახვანჰესის კასკადის აშენებაზე არსებულ ხელშეკრულებას წყვეტს. ამის შესახებ Enka Renewables-ის მშობელი კომპანიის - ENKA İNŞAAT-ის განცხადებაშია ნათქვამი. 

განცხადებაში ნათქვამია, რომ ხელშეკრულების შეწყვეტის მიზეზი მასში გათვალისწინებული პირობების დარღვევა და ფორს-მაჟორია.

"ENKA İNŞAAT აცხადებს, რომ მისმა შვილობილმა კომპანიამ, Enka Renewables-მა გადაწყვიტა, "შეწყვიტოს სამშენებლო სამუშაოების ხელშეკრულება საქართველოს სახელმწიფოსთან, ნამახვანის კასკადის პროექტის შემუშავების, მშენებლობის, საკუთრებისა და ექსპლუატაციის შესახებ. საქართველოს 2019 წლის 25 აპრილის კონტრაქტის ხანგრძლივად დარღვევის და ფორსმაჟორული სიტუაციის გამო", - წერია განცხადებაში.

ხელშეკრულების თანახმად, მთავრობის მიერ ვალდებულების დარღვევის, გაჭიანურებული პოლიტიკური ფორს-მაჟორის და მოუგვარებელი სამართლის ცვლილების გამო ხელშეკრულების შეწყვეტისას მთავრობა ვალდებულია, კომპანიას გადაუხადოს:

  • ა) სესხის თანხა (ან გადაცემადი ქონების სამართლიანი საბაზრო ღირებულება - რომელიც მეტია);
  • ბ) კომპანიისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება;
  • გ) გადაცემად აქტივებზე გადაცემისას გადასახდელი ყველა გადასახადი;
  • დ) საგადასახადო ნამატი.

ასევე, გაჭიანურებული ფიზიკური ფორს-მაჟორის გამო ხელშეკრულების შეწყვეტისას მთავრობა ვალდებულია, კომპანიას გადაუხადოს:

ა) სესხის თანხა; ბ) გადაცემად აქტივებზე გადაცემისას გადასახდელი ყველა გადასახადი; გ) კაპიტალური ინვესტიცია; დ) საგადასახადო ნამატი.

ნამახვანჰესის წინააღმდეგ საპროტესტო აქციები ერთი წელი მიმდინარეობდა. 2021 წლის 23 მაისიდან 26 მაისის ჩათვლით აქციის მონაწილეები ჰესის მშენებლობას თბილისშიც აპროტესტებდნენ. შემდეგ კი ხეობაში დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღეს.

close დახურვა