logo
ENG



Georgian Airways: აზერბაიჯანი მწვანე ზონაში არაა, ვერ ჩამოვიყვანდით მის მოქალაქე მუხთარლის

09 ოქტ 202016:53
3 წუთის საკითხავი
clock 909
o0ow0z10sg9ctt8.jpg

ავიაკომპანია Georgian Airways-ი განცხადებას ავრცელებს და განმარტავს თუ რატომ ეთქვა აფგან მუხთარლის საქართველოში ტრანსპორტირებაზე უარი. 

ავიაკომპანიის განცხადებაში ნათქვამია, რომ აზერბაიჯანი არ შედის  ე.წ. მწვანე ზონის ქვეყნების ჩამონათვალში. შესაბამისად, ავიაკომპანია აირზენა ვერ გაუწევდა მომსახურებას აზერბაიჯანის მოქალაქეს.

"საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ საქართველოში მოქმედებს სპეციალური რეგულაცია, რომელიც იმპერატიულად ადგენს იმ ქვეყანათა ნუსხას, რომელთა მოქალაქეები და მუდმივი ცხოვრების უფლების მქონე პირები დაუბრკოლებლად შემოდიან საქართველოში. აზერბაიჯანი არ შედის ამ ე.წ. მწვანე ზონის ქვეყნების ჩამონათვალში. შესაბამისად, ავიაკომპანია აირზენა ვერ გაუწევდა მომსახურებას აზერბაიჯანის მოქალაქეს, აფგან მუხთარლის, რომელიც არც სხვა რომელიმე მწვანე ზონის სტატუსის მქონე ქვეყნის მოქალაქეა და არც მუდმივი ცხოვრების უფლებით სარგებლობს, რის გამოც ჩვენი კომპანია მოკლებული იყო შესაძლებლობას მომსახურებოდა მას", - აცხადებენ ავიაკომპანიაში.

აფგან მუხთარლი 9 ოქტომბერს, 18:00 საათზე უნდა ჩამოფრენილიყო თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, რის შემდეგაც პროკურატურისთვის, მისივე გატაცების საქმეზე, ჩვენების მიცემასა და მედიასთან შეხვედრას გეგმავდა.

მოგვიანებით, მთავარმა პროკურატურამ გაავრცელა განცხადება, რომ აფგან მუხთარლი გერმანიაში შესაბამისმა სამსახურებმა უკვე გამოკითხეს და მისი ჩვენება საქმის მასალებს დაერთო.

როგორც მუხთარლი ამბობს, საქართველოს საკონსულოსა და საქართველოს ავიახაზების წარმომადგენლებმა მას განუცხადეს, რომ "საბუთები არ ჰქონდა წესრიგში". მისი რეისი ბერლინის დროით 12:30-ზე უნდა შესრულებულიყო.

ფორმულასთან ინტერვიუში მუხთარლი ყვება, რომ ეს პოლიტიკური გადაწყვეტილებაა, რათა ვერ ჩამოვიდეს საქართველოში და ჩვენება არ მისცეს. იგი, ასევე აღნიშნავს, რომ ყველა საბუთი წესრიგში ჰქონდა და ამის თაობაზე სასამართლოს მიმართავს. 

აზერბაიჯანის ხელისუფლებამ აფგან მუხთარლი 2020 წლის 17 მარტს, სამწლიანი პატიმრობის შემდეგ ციხიდან გაათავისუფლა. მუხთარლის ოჯახს გერმანიაში თავშესაფარი აქვს მიღებული.

მუხთარლი აზერბაიჯანის ციხეში სასჯელს საზღვრის უკანონო კვეთის, დიდი ოდენობით უცხოური ვალუტის გადატანისა და სამართალდამცველებისთვის წინააღმდეგობის გაწევისათვის იხდიდა.

საქართველოს პროკურატურა მუხთარლის საქმეზე გამოძიებას სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის პირველი ნაწილით (თავისუფლების უკანონოდ აღკვეთა) აწარმოებს.

ამ დრომდე საქმეზე არც ერთი პირის ბრალეულობა არ გამოკვეთილა და სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში არავინაა მიცემული.


close დახურვა