logo
ENG



ISET: 2020 წლის II კვარტალში სამსახური 15600-მა ადამიანმა დაკარგა, საიდანაც 89% ქალია

22 ოქტ 202015:48
3 წუთის საკითხავი
clock 1331
s3179iowion7qaz.jpg

ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის (ISET) მორიგი კვლევის მიხედვით, 2020 წლის მეორე კვარტალში სამსახური 15 600-მა ადამიანმა დაკარგა. აქედან 11% კაცია, ხოლო 89% ქალი

ISET-ის მონაცემების მიხედვით, საერთო ჯამში, ეკონომიკამ 43.800 დაქირავებული მუშახელი დაკარგა,  9.600 ადამიანი გახდა თვითდასაქმებული, ხოლო 15 600 ადამიანი უმუშევარია.

"აღსანიშნავია, რომ II კვარტლის უმუშევრობის სტატისტიკა შეიცავს ერთ საინტერესო ფაქტს: 15,600 ”ახალი” უმუშევრიდან, 13,9 ათასი (89%) ქალია და მხოლოდ 1,7 ათასი (11%) კაცია. ამრიგად, 2019 წლის II კვარტალთან შედარებით, მამაკაცებში უმუშევრობის დონე მხოლოდ 0,1 პროცენტული პუნქტით გაიზარდა, ქალებში კი – 1,8 პროცენტული პუნქტით", - აღნიშნულია კვლევაში. 

ამ ციფრების ძირითად გამომწვევ მიზეზად ISET პანდემიას ასახელებს. 

"სავარაუდოდ, პანდემიის შედეგად დაზარალდნენ ის სექტორები, სადაც უმეტესად ქალები იყვნენ დასაქმებულნი. მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ ძნელია, ზუსტად შევაფასოთ ეკონომიკური აქტივობების შეჩერების გავლენა ეკონომიკაზე, სამართლიანი იქნება, თუ ვიტყვით, რომ ყველაზე მეტად დაზარალდა მომსახურების სექტორი. ხოლო ტრანსპორტმა (გადაზიდვებმა), მშენებლობამ და სოფლის მეურნეობამ, შეზღუდულად, მაგრამ განაგრძეს მუშაობა", - აღნიშნულია კვლევაში.

საქსტატის მონაცემებით, 2020 წლის II კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონე წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 0.9 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 12.3% შეადგინა.

უწყების ცნობით, დაქირავებულთა წილი დასაქმებულთა საერთო რაოდენობის 48.6%-ს შეადგენდა, რაც 1.6 პროცენტული პუნქტით ნაკლებია წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით.

 


close დახურვა