logo
ENG



NGO-ები: ხელისუფლების წარმომადგენელთათვის სახალხო დამცველზე თავდასხმა ჩვევად იქცა

28 სექ 202012:31
3 წუთის საკითხავი
clock 478

არასამთავრობო ორგანიზაციები განცხადებას ავრცელებენ, რომელშიც ნათქვამია, რომ როგორც ქართული ოცნების წევრების, ისე საკანონმდებლო თუ აღმასრულებელი ხელისუფლების  წარმომადგენელთათვის, უკვე ჩვევად იქცა სახალხო დამცველის შესახებ დაუსაბუთებელი და შეურაცხმყოფელი განცხადებები.

არასამთავრობო ორგანიზაციებს მიაჩნიათ, რომ ომბუდსმენისადმი გაკეთებული შეურაცხმყოფელი განცხადებების ერთადერთი მიზანია, უმნიშვნელოვანესი კონსტიტუციური ინსტიტუტის დისკრედიტაცია, ადამიანის უფლებების სფეროში არსებული რეალური პრობლემებისა და გამოწვევებისგან ყურადღების გადატანა.

"წინასაარჩევნო გარემოს მონიტორინგი, ისევე როგორც  გამოვლენილი დარღვევების თაობაზე საზოგადოებისა თუ საერთაშორისო თანამეგობრობის ინფორმირება, სახალხო დამცველის პირდაპირი და დღესდღეობით – ყველაზე მნიშვნელოვანი ვალდებულებაა. საქართველოს სახალხო დამცველი, წინა წლების მსგავსად, თავისი მანდატის ფარგლებში, აკვირდება 2020 საპარლამენტო არჩევნებს. შესაბამისად, ისეთი მძიმე დარღვევები, როგორებიცაა: დაშინება, პირადი ცხოვრების ამსახველი მასალის გასაჯაროების მუქარა და ძალისმიერი მეთოდებით პოლიტიკურ ოპონენტებთან ანგარიშსწორება, სწორედ ის საკითხებია, რასაც სახელმწიფოს მხრიდან ადეკვატური რეაგირება არასდროს მოჰყოლია. დღემდე არ გამოძიებულა ან გამოძიება არ დასრულებულა ბევრ ძალადობრივ ქმედებაზე, რომელიც გასულ წლებში, წინასაარჩევნო პერიოდში მოხდა", - ნათქვამია განცხადებაში.

ხელმომწერი ორგანიზაციები, მოუწოდებენ ქართული ოცნების პოლიტიკურ გუნდს, თავი შეიკავონ სახალხო დამცველის მიმართ გამოთქმული შეურაცხმყოფელი განცხადებებისგან პირდაპირი თუ ირიბი გზებით, შეწყვიტონ ამ ინსტიტუტის საქმიანობისთვის ხელის შეშლის მცდელობები.

ხელმომწერი ორგანიზაციები არიან:

ღია საზოგადოების ფონდი (OSGF);

საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო (TI);

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA);

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED);

უფლებები საქართველო (Rights Georgia);

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI);

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI);

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC);

პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR);

25 სექტემბერს ირაკლი კობახიძემ ლომჯარიას უპასუხისმგებლო და ოპოზიციონერი უწოდა

სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ 24 სექტემბერს წინასაარჩევნო გარემოზე საუბრისას განაცხადა, რომ ძალისმიერი ანგარიშსწორების ფაქტები პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ უკვე გამოვლინდა. მისივე თქმით, გასული წლების პრაქტიკა აჩვენებს, რომ წინასაარჩევნო პერიოდში ჩადენილი ძალადობრივი ქმედებებისთვის პრაქტიკულად არავის უგია პასუხი.


close დახურვა