logo
ENG



PHR: თბილისში პოლიციამ არასრულწლოვანზე, სავარაუდოდ, იძალადა

27 ივნ 202013:34
3 წუთის საკითხავი
clock 1138
k8eswsx3yv3rvzo.jpg

ორგანიზაცია "პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის" პოლიციის მხრიდან არასრულწლოვანზე სავარაუდო ძალადობის შესახებ ავრცელებს განცხადებას.

როგორც განცხადებაში წერია, 2020 წლის 18 ივნისს, თბილისში, საღამოს საათებში პოლიციის თანამშრომლებმა 16 წლის ბავშვი უსაფუძვლოდ გააჩერეს, გაჩხრიკეს და მანქანაში ჩასმა სცადეს, რა დროსაც მოზარდი შეუძლოდ გახდა.

"პოლიციას სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახებისკენ მოუწოდებდნენ შეკრებილი მოქალაქეებიც, სამართალდამცავები აგრძელებდნენ ძალის გამოყენებით ბავშვის მანქანაში ჩასმას. საბოლოოდ ბავშვმა მოქალაქეების დახმარებით შეძლო განრიდებოდა პოლიციელებს. პოლიციის მხრიდან სავარაუდოდ უკანონო ძალის გამოყენების შედეგად ბავშვმა სხეულის დაზიანებები მიიღო. შემთხვევის ადგილის მიმდებარედ განთავსებულია ვიდეო სათვალთვალო კამერა, სადაც დაფიქსირებულია შემთხვევის მიმდინარეობა. მომხდარს ჰყავს ათეულობით თვითმხილველი,  მოქალაქის მიერ ასევე მოხდა ინციდენტის ვიდეო გადაღება.  ბავშვის მშობელმა იმავე დღეს მიმართა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს, გენერალურ პროკურატურასა და შინაგან საქმეთა სამინისტროს."

როგორც ორგანიზაცია "პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის" განცხადებაში აღნიშნავს, "PHR-მა საქმეში ჩართვისთანავე გამოძიების დაწყების მოთხოვნით დამატებით მიმართა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს და ითხოვა მტკიცებულებების დაუყოვნებლივ შეგროვება. თუმცა ამ დრომდე გამოძიება არ დაწყებულა, შესაბამისად არ მომხდარა მტკიცებულებათა მოპოვება."

უფრო დეტალურად ამ ინციდენტის შესახებ, დღეს, 20:00 საათზე "შაბათის ფორმულაში" შეიტყობთ. 


close დახურვა