logo
ENG



TI: რურუას მოსამართლე, მმართველი პარტიის გზავნილებით, ჩვენს დისკრედიტაციას შეეცადა

14 სექ 202013:54
3 წუთის საკითხავი
clock 693

არასამთავრობო ორგანიზაცია საერთაშორისო გამჭირვალობა განცხადებას ავრცელებს, რომელშიც წერია, რომ მთავარი არხის მეწილის, გიორგი რურუას საქმის მოსამართლე TI-ის დისკრედიტაციას ცდილობს.

არასამთავრობო ორგანიზაციაში მიიჩნევენ, რომ გიორგი რურუას საქმის მოსამართლე, სავარაუდოდ,  პოლიტიკური მოტივებით ხელმძღვანელობდა.

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო შეშფოთებას გამოხატავს გიორგი რურუას საქმის მოსამართლის, ვალერიან ბუგიანიშვილის მიერ ჩვენი ორგანიზაციის დისკრედიტაციის მცდელობის გამო. მოსამართლემ საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს წარდგენილი დამოუკიდებელი ექსპერტული მოსაზრების (სასამართლოს მეგობრის მოსაზრების) განხილვაზე უარი მისი მიკერძოებულობის მოტივით თქვა. მოსამართლე თავისი ქმედებით აგრძელებს  უკიდურესად სახიფათო ტენდენციას, როდესაც სასამართლო სისტემა იმეორებს მმართველი პარტიის გზავნილებს და უფლებადამცველი ორგანიზაციის ავტორიტეტის შელახვას ცდილობს", - ნათქვამია განცხადებაში.

როგორც საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოში აღნიშნავენ, არასამთავრობო ორგანიზაციამ სასამართლოს მეგობრის მოსაზრება, რომელიც სისხლის სამართლის საქმის მასალების ანალიზს ეყრდნობოდა, 2020 წლის 24 იანვარს წარადგინა, ხოლო ორგანიზაციის წარმომადგენელმა ღია სასამართლო სხდომაზე ზეპირად წარადგინა მოსაზრება, უპასუხა მხარეთა შეკითხვებს და დამატებითი ახსნა-განმარტებებიც გააკეთა. ამავდროულად, ორგანიზაციამ მოსაზრებების შემუშავების ეტაპზე იხელმძღვანელა როგორც ადგილობრივი კანონმდებლობით, ისე საერთაშორისო ნორმებითა და ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული პრეცედენტული საქმეებით.

"სასამართლოს გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ წარდგენილი მოსაზრება იყო მიკერძოებული, დაცვის მხარის მხარდამჭერი და კანონის მოთხოვნათა დარღვევით შედგენილი. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ ეს შეფასება არ შეესაბამება სინამდვილეს. მოსამართლე გადაწყვეტილებაში არ წარმოადგენს არავითარ დასაბუთებას ან მსჯელობას და მხოლოდ მადისკრეტირებელი და ზოგადი შეფასებებით შემოიფარგლება. მოსამართლეს სრულად იგნორირებული აქვს სასამართლოს მეგობრის მოსაზრებაში განვითარებული მსჯელობა და შეფასებები. შემაშფოთებელია, მოსამართლის ზედაპირული დამოკიდებულება სასამართლოს მეგობრის ამ მნიშვნელოვანი ინსტიტუტის მიმართ", - აცხადებენ არასამთავრობო ორგანიზაციაში. 

საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველო იმედოვნებს, რომ სასამართლოს მეგობრის მოსაზრების შეფასებისას, სააპელაციო სასამართლო არ იხელმძღვანელებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოყენებული სტანდარტით, საფუძვლიანად შეისწავლის და შეაფასებს სასამართლოს მეგობრის მოსაზრებაში განვითარებულ არგუმენტაციას. 


close დახურვა