logo

TI: "ძალა ერთობაშიას" 25 მაჟორიტარი კანდიდატიდან 16 ჩართულია სამეწარმეო საქმიანობაში

03 ოქტ 202018:56
3 წუთის საკითხავი
clock 0 clock 141
78srxzrzpk656ig.png

საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს მოკვლევით, ძალა ერთობაშიას მიერ წარდგენილი მაჟორიტარი კანდიდატების დიდი ნაწილი სამეწარმეო საქმიანობაშია ჩართული. 

ორგანიზაციამ შეისწავლა კანდიდატების და მათი ოჯახის წევრების ბიზნეს საქმიანობა, მათი კომპანიების მონაწილეობა სახელმწიფო ქონების პრივატიზაციასა და სახელმწიფო შესყიდვებში 2012 წლიდან 2020 წლის 15 სექტემბრამდე, ამ პირების და მათი ბიზნესპარტნიორების პოლიტიკური შემოწირულობები და კანდიდატად წარდგენილი ყოფილი თანამდებობის პირების ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციები.

„გაერთიანებული ოპოზიცია - ძალა ერთობაშიას“ მიერ წარდგენილი 25 მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატიდან 16 ჩართულია სამეწარმეო საქმიანობაში (13 – თავად, ხოლო 3-ის მხოლოდ ოჯახის წევრი). ეს 16 კანდიდატი, მთლიანობაში, სხვადასხვა ფორმით, დაკავშირებულია 113 კომპანიასთან. თუმცა, ამ კომპანიების ნახევარი (56) დაკავშირებულია მხოლოდ 2 მაჟორიტარ კანდიდატთან: კახაბერ ოქრიაშვილთან და ცეზარ ჩოჩელთან. 

17 კანდიდატს, მათ ოჯახის წევრებს და ბიზნეს პარტნიორებს 2012-2020 წლებში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისთვის“ 621,987 ლარი აქვთ შეწირული, საიდანაც 285,302 ლარი 12 კანდიდატის პირადი შემოწირულობაა. პარტიის 5 ყველაზე მსხვილი შემომწირველია (ოჯახისა და ბიზნესპარტნიორების ჩათვლით): ცეზარ ჩოჩელი – 134,000 ₾, კახაბერ ოქრიაშვილი – 90,000 ₾, დავით კირკიტაძე – 77,000 ₾, ნანუკა ჟორჟოლიანი – 62,500 ₾ და ხატია დეკანოიძე - 52,000 ₾.

8 კანდიდატი (პირადად ან მათი გარემოცვა) სხვა პარტიის შემომწირველიცაა: „ქართული ოცნება“ – 757 780 ₾ (კახაბერ ოქრიაშვილი - 388,000 ₾, როლანდ ფიფია - 175,000 ₾, ცეზარ ჩოჩელი - 69,780 ₾, დილარ ხაბულიანი - 65,000 ₾, მანუჩარ კვირკველია - 60,000 ₾); ცეზარ ჩოჩელი (დამოუკიდებელი კანდიდატი) – 145,000 ₾ (კახაბერ ოქრიაშვილი - 85,000 ₾, ცეზარ ჩოჩელი - 60,000 ₾); „პატრიოტთა ალიანსი“ – 113,500 ₾ (ნატო ჩხეიძე); „სახელმწიფო ხალხისთვის“ – 2,398 ₾ (ლევან ხაბეიშვილი - 1,898 ₾, ნატო ჩხეიძე - 500 ₾); „ევროპული საქართველო“ – 2,000 ₾ (ვაჟა ჩიტაშვილი).

მაჟორიტარობის 7 კანდიდატთან ამჟამად დაკავშირებულ კომპანიებს სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობის ისტორია აქვთ. აქედან 2 კანდიდატთან (კახაბერ ოქრიაშვილი და ცეზარ ჩოჩელი) დაკავშირებულმა კომპანიებმა 2011-2020 წლებში ტენდერებითა და გამარტივებული შესყიდვების გზით 95.5 მილიონ ლარზე მეტი მიიღეს. დანარჩენ 5 კანდიდატთან დაკავშირებულმა კომპანიებმა კი – 186,711 ₾. ეს კანდიდატები არიან: გრიგოლ ვაშაძე, კახა გეწაძე, გიორგი კაპანაძე, ნატო ჩხეიძე და დილარ ხაბულიანი.

კახაბერ ოქრიაშვილსა და ცეზარ ჩოჩელთან დაკავშირებული კომპანიები ასევე არიან სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ბენეფიციარები. კანდიდატებთან დაკავშირებულ 3 კომპანიას სახელმწიფო პროგრამიდან გარკვეული თანადაფინანსება აქვს მიღებული 30,306,480 ლარის ღირებულების საერთო ინვესტიციაზე.

მხოლოდ 1 კანდიდატი, ბონდო თევდორაძე არ ეწევა სამეწარმეო საქმიანობას და არ განუხორციელებია პოლიტიკური შემოწირულობა.

წარდგენილი 25 მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატიდან 6 მოქმედი ან ყოფილი თანამდებობის პირია, რომლებსაც 2019-2020 წლებში მოუწიათ ქონებრივი დეკლარაციის შევსება: ბადრი ბასიშვილი, კახაბერ ოქრიაშვილი, ნატო ჩხეიძე, აზერ სულეიმანოვი, ნიკანორ მელია და მიშა ბოლქვაძე. დარღვევები გამოვლინდა მხოლოდ ერთ დეკლარაციაში:

ნატო ჩხეიძემ 2019 წელს შევსებულ დეკლარაციაში სრულად და სწორად არ ასახა მისი მეუღლის საკუთრებაში არსებული კომპანიები.

საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო ასევე მიუთითებს, რომ ორგანიზაცია მოკლებულია შესაძლებლობას, შეამოწმოს, არის თუ არა კვლევაში ნახსენები კომპანიები აქტიური, რადგან ამ მიზნისთვის საჭირო ინფორმაცია წარმოადგენს საგადასახადო საიდუმლოებას.



close დახურვა