logo
ENG



არჩილ გაგნიძე: კაცი ვარ და გავუძლებ ამ ცხრათავიან უკანონობას

15 სექ 202014:18
3 წუთის საკითხავი
clock 3676
x9fo1379ftvahbz.jpg

გიორგი შაქარაშვილის განზრახ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობის ბრალდებით დაკავებული მორაგბე არჩილ გაგნიძე ინტერპრესნიუსთან საუბრისას აცხადებს, რომ ის უდანაშაულოა და გამოძიება მტკიცებულებებს აყალბებს.

გაგნიძის თქმით, მას შაქარაშვილისთვის გზა არ მოუჭრია და ხიდის ქვეშ საერთოდ არ ჩასულა. გაგნიძის განცხადებით, ის დაამტკიცებს, რომ უდანაშაულოა.

"მინდა საზოგადოებას მივმართო და გავაგებინო, რომ ყველაფერს, რასაც ვხედავ ამ საქმის ირგვლივ, არის სიყალბე და სიცრუე. ვხედავ, როგორ ცდილობს ბრალდების მხარე ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე ჩვენი გამამართლებელი მტკიცებულებების განადგურებით და ყალბი მტკიცებულებების შექმნის მცდელობით ჩამოაყალიბონ ხალხის აზრი, რომ ჩვენ ვართ დამნაშავეები ცხონებული გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალებაში. კიდევ ერთხელ გარწმუნებთ, რომ მე არასოდეს მქონია მცდელობა დამემალა რაიმე ინფორმაცია გამოძიებისათვის, პირიქით მე მათ სრულად მივაწოდე ყველა ის ინფორმაცია და ასევე წარმოვუდგინე გაურეცხავი ტანსაცმელი, რომელიც მეცვა იმ დღეს. ასევე გადავეცი ჩემი ტელეფონი, რომლიდანაც წაშალეს ჩემი გადაადგილების ტრაექტორია, რაც ადასტურებდა იმას, რომ მე გადავედი ხიდზე მარჯვნივ და არ აწყობდა გამოძიებას, ვინაიდან ამით დამტკიცდებოდა, რომ მე არავისთვის მომიჭრია გზა და არც ხიდის ქვეშ ჩავსულვარ", - აცხადებს გაგნიძე.

გაგნიძის თქმით, ყველაფერი ეს ემსახურება იმას, რომ სამართალდამცველებმა ხალხში გააჩინონ განცდა, რომ მათ გამოიძიეს საქმე და პასუხისგებაში მისცეს დამნაშავეები.

"ყოველივე ამას არანაირი შეხება არ აქვს მართლმსაჯულებასთან. მე კაცი ვარ და გავუძლებ ამ ცხრათავიან უკანონობას და გპირდებით, რომ აუცილებლად დავამტკიცებ ჩემს უდანაშაულობას", - აცხადებს გაგნიძე.

პროკურატურის ინფორმაციით, არჩილ გაგნიძე არის 5 თავმდასხმელიდან ერთ-ერთი, რომელმაც გიორგი შაქარაშვილს არაგვის ხიდამდე სდია, მას გზა მოუჭრა და შემდეგ ფიზიკურად გაუსწორდა. 


close დახურვა