logo
ENG



აგარაკზე ჩხუბის შემდეგ ჯერ 6, შემდეგ 8 პირი მივიდა - ახალი დეტალები შაქარაშვილის საქმეში

31 ივლ 202014:34
3 წუთის საკითხავი
clock 1105

გიორგი შაქარაშვილის საქმეში 23-ე ტომის ჩვენებებიდან ახალი დეტალები ირკვევა.

როგორც ჩვენებებიდან ჩანს, აგარაკზე მომხდარი დაპირისპირების შემდეგ იქ მხოლოდ ორი სტუმარი - ვანო თეგაძე და მისი შეყვარებული, არასრულწლოვანი ე.ხ. იმყოფებოდნენ. ისინი მარტონი იყვნენ მანამ, სანამ 6 ადამიანი უკან არ დაბრუნდა.

როდესაც მათ აგარაკზე მყოფი სტუმრების ადგილსამყოფელი ვერ გაიგეს, ტერიტორია დატოვეს. დაახლოებით ღამის პირველი საათისთვის კი აგარაკზე ვერცხლისფერი მანქანა მივიდა, რომელშიც 8 სხვა ადამიანი იმყოფებოდა.  

„იქნებოდა დაახლოებით 00:10-00:30 საათის შუალედი, როდესაც მე და ჩემი შეყვარებული ე.ხ. დავრჩით მარტო. მას შემდეგ, რაც აგარაკიდან ყველა წავიდა, ეზოში ვისხედით და ვსაუბრობდით. დაახლოებით ნახევარ საათში ეზოში შემოვიდა 6 ბიჭი. მათგან ვიცანი ა.ქ და ვახტანგ ჩიქოვანი. დანარჩენებს არ ვიცნობდი. მკითხეს, სად წავიდნენ დაბადების დღეზე მყოფი პირები. ვუთხარი - ყველა წავიდა, მაგრამ სად, არ ვიცი.  წასვლიდან დაახლოებით 15-20 წუთში, იქნებოდა 01:00 საათი, ეზოში შემოვიდა 8 ბიჭი. მათგან ვიცანი ლ.შ, ნიკოლოზ ქანაშვილი, თენგიზ ბარბაქაძე, ირაკლი მუმლაძე, გიორგი მერაბიშვილი, ნ.ც და გიგა ტატიაშვილი. თან ახლდათ ერთი პირი, რომელსაც არ ვიცნობ. შემდეგ გააღეს ეზოში მდგომი შავი BMW-S მარკის მანქანა, სადაც რამდენიმე ბიჭი ჩაჯდა, კონკრეტულად ვინ, არ ვიცი. რამდენიმე კი ეზოდან გავიდა. მახსოვს, გიგა ტატიაშვილი შევიდა სახლში, თუმცა, როგორც გამოვიდა, საით წავიდა, ვის გაყვა, არ ვიცი“, - წერს ვანო თეგაძე ჩვენებაში. 

ვანო თეგაძის შეყვარებული ე.ხ. ჩვენებაში წერს, რომ 8 ბიჭთან ერთად მყოფი უცხო პიროვნება აგარაკზე სააბაზანოში იდგა და ხელებს იბანდა.

„იქნებოდა დაახლოებით 00:40-00:45 საათი, როდესაც მანქანაში გამოვიცვალე ტანსაცმელი და გადმოვედი მანქანიდან. ამ დროს აგარაკთან ჩასასვლელ ვიწრო გზაზე 5-6 პიროვნება შევამჩნიე, რომლებიც აგარაკის მხრიდან ამოდიოდნენ და ცენტრალური გზის მიმართულებით მიდიოდნენ. სიარულის მანერით ვახტანგ ჩიქოვანი ვიცანი. სამი მათგანი სხვებთან შედარებით სრული აღნაგობის იყვნენ.

წავედი აგარაკისკენ. ეზოში როცა შევედი, ვანოს ვკითხე, ვინ იყვნენ და რა უნდოდათ. მიპასუხა, რომ 1-2 პიროვნება მათგან დაბადების დღეზე იყო, იკითხეს, სად იყვნენ დანარჩენები. რაზეც ვანოს უთქვამს, რომ არ იცოდა. ამის შემდეგ, ისინი აგარაკიდან წავიდნენ. ჩვენ ეზოში დავსხედით, დაახლოებით 01:00 საათზე ეზოში შემოვიდნენ ჩემი კლასელები - ლ.შ., ირაკლი მუმლაძე, ნ.ც. გიორგი მერაბიშვილი, გიგა ტატიაშვილი. მათთან ერთად იყვნენ ჩვენი საერთო მეგობრები - ნიკოლოზ ქანაშვილი და თენგიზ ბარბაქაძე. მათ მკითხეს, სად წავიდნენ სტუმრები, რაზეც ჩვენ ვუთხარით, რომ არ ვიცოდით. ეზოში დავინახე კიდევ ერთი ჩემთვის უცნობი პიროვნება, რომელიც აგარაკზე სააბაზანოში იდგა და ხელებს იბანდა. მივხვდი, ჩემს კლასელებს და მეგობრებს ახლდა. მას ვიცნობ. რამდენიმეწუთიანი საუბრის შედეგ თენგო ბარბაქაძე, ლ.შ, ირაკლი მუმლაძე და ნიკოლოზ ქანაშვილი ჩასხდნენ აგარაკზე გაჩერებულ თენგო ბარბაქაძის მანქანაში. დანარჩენები, გიგა ტატიაშვილი, ნიკოლოზ ცუცქირიძე, გიორგი მერაბიშვილი და ჩემთვის უცნობი პიროვნება, რომელიც სააბაზანოში ხელებს იბანდა, გაუყვნენ ცენტრალურ გზაზე ასასვლელ გზას. რამდენიმე წუთი თენგო ბარბაქაძე აგარაკის ეზოში გაჩერდა, შემდეგ დაძრა ავტომობილი და წავიდა“, - წერს ე.ხ. თავის ჩვენებაში. 

19 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეზე, შსს-მ ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, მასში მონაწილეობის, თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და ორი ან მეტი პირის მიმართ ჯგუფური ძალადობის ბრალდებით, 26 ივნისს 17 ადამიანი დააკავა. მოგვიანებით პროკურატურამ ვიდეომასალა გაავრცელა, სადაც ფეხბურთელის სიცოცხლის ბოლო საათები და საბედისწერო ღამეს მომხდარი რამდენიმე ინციდენტია ასახული.

მცხეთის რაიონულმა სასამართლომ 28 ივნისს 17-ვე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა

შეგახსენებთ, 19 ივნისს, საღამოს, კლუბ „საბურთალოს“ ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა.

სამართალდამცველებმა, სამაშველო სამსახურმა და მყვინთავებმა შეტყობინებისთანავე სამძებრო სამუშაოები დაიწყეს. ფეხბურთელს 70 მეხანძრე-მაშველი და მყვინთავთა 7 ჯგუფი ეძებდა.

4-დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შედეგად მყვინთავებმა გიორგი შაქარაშვილის ცხედარი მდინარეში იპოვეს.


close დახურვა