logo
ENG



ადვოკატი: რატომღაც ხალხს გული დაწყდა გუშინ იმის გამო, რომ ბილანიშვილი საქმეში გარეული არ იყო

09 ივლ 202014:27
3 წუთის საკითხავი
clock 1261

„გულისწყვეტა შევნიშნე ადამიანებს, რომლებსაც ეგონათ, რომ ავთანდილ ბილანიშვილი აუცილებლად უნდა ყოფილიყო დაკავებული“, - ამის შესახებ ბილანიშვილის, იგივე „კაწროს“ ადვოკატმა, თამარ აბესაძემ „ფორმულასთნ“ საუბრისას განაცხადა.

როგორც აბესაძე ამბობს, იმ დღეს და დროის იმ მონაკვეთში, როდესაც დიდუბეში გადაღებულ კადრებში თეთრპერანგიანი ადამიანი ჩანს, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ნახალოვკაში, დადიანის ქუჩაზე იმყოფებოდა.

ადვოკატის განმარტებით, გამოძიებას ამასთან დაკავშირებით დეტალური მტკიცებულებები წარუდგინეს და ასევე შესთავაზეს ბილანიშვილის ტელეფონის შემოწმებაც იმისათვის, რომ კითხვები არ დარჩენილიყო.

„რაც არ უნდა ალიბი წარმოვადგინოთ, რომ ავთანდილ ბილანიშვილი იმ დროს, როდესაც მოხდა ტრაგედია, იქ არ იყო, მაინც რატომღაც ხალხს ძალიან გული დაწყდა გუშინ, რომ ბილანიშვილი არ იყო გარეული ამ საქმეში. ამოღებულია სატელეფონო დეტალური ამონაწერები, ანძების შესაბამისობაში. არის ბევრი შემავალი და გამავალი ზარები. ტელეფონი აქტიურია, ანუ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ტელეფონი დევს ნახალოვკაში, დადიანის ქუჩაზე, სადაც ცხოვრობს ავთანდილ ბილანიშვილი და თვითონ სხვაგან არის. აქტიურია მისი სოციალური ქსელიც. ის იყო სახლში, უბანში და ჰყავს მოწმეები. ყველანაირი მტკიცებულება იქნა წარდგენილი ჩვენს მიერ. სწორედ ავთანდილ ბილანიშვილის მიერ იქნა წამოყენებული წინადადება, ეჭვები რომ არ დარჩენილიყო, ეს ტელეფონი წარდგენილი ყოფილიყო ექსპერტიზის ბიუროში. აღადგინონ ყველა გამავალი შემავალი ზარი და დადასტურდება, რომ მათ შორის არანაირი კავშირი არ არის“, - განაცხადა თამარ აბესაძემ.

შეგახსენებთ, მიკროავტობუსის გადაადგილების ამსახველი ვიდეომასალა ტელეკომპანიებმა „ფორმულამ“ და „მთავარმა“ გაავრცელეს. კადრებში ჩანს, რომ მიკროავტობუსის ერთ-ერთი მგზავრი დიდუბეში გურამ ამირხანაშვილს შეხვდა. გავრცელდა ინფორმაცია, რომ პირი, ვისაც ამირხანაშვილი შეხვდა, სავარაუდოდ, ავთო ბილანიშვილი, იგივე „კაწრო“ იყო.

მოგვიანებით ბილანიშვილი საგამოძიებო უწყებაში დაიბარეს. მან უწყება დაახლოებით 5-საათიანი გამოკითხვის შემდეგ დატოვა. როგორც მისმა ადვოკატმა განაცხადაბილანიშვილის ალიბი ჰქონდა და მან საკუთარი უდანაშაულობა დაამტკიცა. უფლებადამცველმა ასევე აღნიშნა, რომ შსს-მ დაადგინა იმ პირის ვინაობა, რომელიც გავრცელებულ კადრებში ჩანს.  

ავთო ბილანიშვილის შემდეგ, შსს-ში გამოკითხვაზე ლაშა ლურსმანაშვილი შევიდა. თითქმის 6-საათიანი დაკითხვის შემდეგ, მან უწყება დატოვა და განაცხადა, რომ თეთრპერანგიანი პირი, რომელიც კადრებში ჩანს თავად არის, თუმცა, გურამ ამირხანაშვილს არ იცნობს. მისივე თქმით, ამირხანაშვილმადიდუბეში ტელეფონზე დარეკვა სთხოვა, თუმცა მას დასარეკი არ ჰქონდა.

19 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეზე, შსს-მ ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, მასში მონაწილეობის, თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და ორი ან მეტი პირის მიმართ ჯგუფური ძალადობის ბრალდებით, 26 ივნისს 17 ადამიანი დააკავა. მოგვიანებით პროკურატურამ ვიდეომასალა გაავრცელა, სადაც ფეხბურთელის სიცოცხლის ბოლო საათები და საბედისწერო ღამეს მომხდარი რამდენიმე ინციდენტია ასახული.

მცხეთის რაიონულმა სასამართლომ 17-ვე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა

შეგახსენებთ, 19 ივნისს, საღამოს, კლუბ „საბურთალოს“ ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა.

სამართალდამცველებმა, სამაშველო სამსახურმა და მყვინთავებმა შეტყობინებისთანავე სამძებრო სამუშაოები დაიწყეს. ფეხბურთელს 70 მეხანძრე-მაშველი და მყვინთავთა 7 ჯგუფი ეძებდა.

4-დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შედეგად მყვინთავებმა გიორგი შაქარაშვილის ცხედარი მდინარეში იპოვეს.


close დახურვა