logo
ENG



აშშ: საქართველო, უკრაინა, კოსოვო პირველი ევროპული ქვეყნებია, რომლებსაც ვაქცინას გავუგზავნით

07 ივნ 202120:05
3 წუთის საკითხავი
clock 1575
აშშ: საქართველო, უკრაინა, კოსოვო პირველი ევროპული ქვეყნებია, რომლებსაც ვაქცინას გავუგზავნით

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ინფორმაციით, საქართველო, უკრაინა და კოსოვო პირველი 3 ევროპული ქვეყანაა, რომლებსაც ამერიკა ვაქცინას გაუგზავნის. 

როგორც საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ამ კვირაში პრეზიდენტმა ბაიდენმა გამოაცხადა, რომ შეერთებული შტატები საქართველოს COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინას გაუზიარებს. 

"...რადგან არცერთი ჩვენგანი არაა დაცული, სანამ ყველანი არ ვიქნებით დაცული. რეგიონულ პრიორიტეტებსა და პარტნიორობაზე დაფუძნებით საქართველო, უკრაინა და კოსოვო პირველი სამი ევროპული ქვეყანაა, რომელიც ვაქცინას შეერთებული შტატებისგან მიიღებს.

ასევე, შეერთებული შტატები მოწადინებულია, დაეხმაროს პანდემიისგან ეკონომიკის აღდგენის პროცესს. დღეს სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, ფილ რიკერი შეხვდა ორგანიზაციებს, რომლებიც USAID/Georgia-ს მიერ მხარდაჭერილ ანალიტიკურ საკონსულტაციო ჯგუფში მონაწილეობენ. მათ განიხილეს, როგორ შეუძლია შეერთებულ შტატებს ძლიერი ეკონომიკური აღდგენის მხარდაჭერის გაგრძელება, რაც დასაქმებულებს, მათ ოჯახებსა და საზოგადოებას სარგებელს მოუტანს", - წერია განცხადებაში. 

მანამდე პრეზიდენტმა ბაიდენმა გამოაცხადა, რომ შეერთებული შტატები COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინას საქართველოს გაუზიარებს. მათივე ცნობით, მსოფლიოს მასშტაბით შეერთებული შტატები ივნისის ბოლომდე 80 მილიონ დოზას გაიღებს.

 

საქართველოში COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესი 15 მარტიდან დაიწყო. ასტრაზენეკას ვაქცინის პირველი პარტია 13 მარტს შემოვიდა, ხოლო 25 მარტს საქართველომ ფაიზერის ვაქცინა მიიღო, რომლითაც აცრები 30 მარტიდან დაიწყო. 

3 აპრილს ქვეყანაში ჩინური ვაქცინა სინოფარმის 100 000 დოზა შემოვიდა, შემდეგ კი შემოვიდა სინოვაკის ვაქცინაც.


close დახურვა