logo
ENG



ახლა ერთმანეთს ხელი უნდა შევუწყოთ და არ გავაღვივოთ მეტი პანიკა - ამირან გამყრელიძე

01 მარ 202014:04
3 წუთის საკითხავი
clock 956
j6hf7wrlwgv45km.jpg

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ბრიფინგი გამართა. მისი განცხადებით, ლუგარის ლაბორატორიაში გაგზავნილია 24 ნიმუში და აქვთ თუ არა ამ ადამიანებს კორონავირუსი, დღის განმავლობაში გახდება ცნობილი.

„დღევანდელი დღის მსოფლიოში თითქმის 87 ათასი შემთხვევაა დაფიქსირებული. კარგია, რომ გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა აღწევს 43 ათასს, სიკვდილიანობა კი არის 2000-მდე. გამოკვლეული გვაქვს 130-მდე შემთხვევა, დადასტურებულია 3. გუშინ გამოკვლეულ იქნა 37 შემთხვევა, არცერთ მათგან არ უფიქსირდება ვირუსი. სამივე პაციენტი გადის მკურნალობას ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაში. დღეს ლუგარის ცენტრში გაგზავნილია 24 ნიმუში, რომელთა პასუხი იქნება დღის განმავლობაში, დიდი მნიშვნელობა აქვს ქვეყანაში შემოსულ ადამიანთა მონიტორინგს. თითქმის შეწყდა ირანიდან შემოსვლა, ყველაზე დიდი შემოსვლა ფიქსირდება იტალიიდან, შემოდიან ჩვენი თანამემამულეები. დღევანდელი დღით კარანტინშია 119 ადამიანი - 31 საჩხერეში, 26 აბასთუმანში, ტუბერკულოზის განყოფილებაში 14, „ვივამედში“ 35 და დღეს დაემატა რესპუბლიკური საავადმყოფო. იქ წევს 13 ადამიანი, რომლებსაც კორონავირუსი არ უფიქსირდებათ. ინფექციურ საავადმყოფოში რჩება 25 ადამიანი, მათგან სამს უდასტურდება ვირუსი", - აცხადებს ამირან გამყრელიძე.

დავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი მოუწოდებს მოსახლეობას, თავი შეიკავონ მოგზაურობისგან და დაიცვან პირადი ჰიგიენის ნორმები, რათა ავიცილოთ ინფექციის გავრცელება. 

„ჩვენი მთავარი რეკომენდაციაა თავი ავარიდოთ მაღალი ავადობის ქვეყნებში მოგზაურობას. ზოგადად თავი ავარიდოთ მოგზაურობას, ესაა რეკომენდაცია. მინდა მივმართო იტალიიდან დაბრუნებულებს - მათზე ვრცელდება ორი რეჟიმი - თვითიზოლაციისა და კარანტინის. ვისაც აქვს სიმპტომები, გადადიან კარანტინში. არის შემთხვევები, როცა იციან, რომ აქვთ ტემპერატურა და იღებენ სიცხის დამწევებს, რითაც არ ფიქსირდება სიმპტომი. ვთხოვ ყველას, ზუსტი ინფორმაცია მიაწოდოს შემმოწმებელს. ამით ჩვენ ხელს ვუშლით ინფექციის გავრცელებას. აუცილებელია თვითიზოლაციის დროს დაცული იქნეს პირობები,რაც მათ რეკომენდაციის სახით ეძლევათ. თუ რომელიმეს არ აქვთ თვითიზოლაციის საშუალება, ისინი გადაყვანილნი იქნებიან კარანტინში. უნდა ვიყოთ სოლიდარულნი, რომ მინიმუმამდე დავიყვანოთ ინფიცირებულთა რაოდენობა და ხელი შევუწყოთ, რომ არ გავრცელდეს ინფექცია. მნიშვნელოვანია მთავრობის რეკომენდაცია, შეწყდა დროებით სწავლა და ეს მნიშვნელოვანია, რადგან ჰიგიენურად კარგად დამუშავდება ეს ადგილები, ეს კი ხელს შეუწყობს და პრევენციას გაუკეთებს გავრცელებას. შესაძლებელია, რომ გამოვიყენოთ ონლაინსწავლების მეთოდები. ვერიდოთ დიდი თავშეყრის ადგილებს", - ამბობს გამყრელიძე.

ამირან გამყრელიძე კიდევ ერთხელ გამოეხმაურა ინფექციური საავადმყოფოს ბოიკოტს ჟურნალისტებისთვის ინფორმაციის მიწოდების შესახებ. მისი თქმით, სისტემაში მომუშავე ადამიანებზე უკეთ არავინ იცის, რა პრობლემებია ჯანდაცვაში, თუმცა ამ ეტაპზე მნიშვნელოვანია, რომ არ დავთესოთ პანიკა.

„ინფექციური საავადმყოფო გახლავთ ამ დროსაც და ზოგადადაც სტრატეგიული დაწესებულება. მათ აქვთ ყველაზე დიდი გამოცდილება ინფექციების კლინიკური მართვის - უფრო მძიმე ინფექციებისაც, ვიდრე კორონავირუსია. ამ პერიოდში, როცა დაძაბულობაა მთელ მსოფლიოში, ჩვენ ერთმანეთს უნდა გავუფრთხილდეთ და არ შევქმნათ ფეთქებადი სიტუაცია. ჩვენ ორიენტირებულნი ვართ, რომ თავიდან ავიცილოთ ინფექციის გავრცელება და სწრაფად ვუმკურნალოთ გამოვლენილებს. ჩვენ უნდა დავზოგოთ საზოგადოება. როცა ექიმები ჰიპოკრატეს ფიცს ვდებთ, რა შეიძლება ვილაპარაკოთ და რა არ შეიძლება. მე არ ვაპირებ იმის განსჯას, იქ რა იყო სწორი და რა არ იყო. ამ ქვეყანაში რამდენი ნაკლი გვაქვს, შეიძლება არხმა არ იცოდეს, მაგრამ ახლა ერთმანეთს ხელი უნდა შევუწყოთ - არ უნდა გავაღვივოთ მეტი პანიკა", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

შეგახსენებთ, რომ ამ საქართველოში კორონავირუსის სამი შემთხვევაა დაფიქსირებული. სამივე ინფიცირებულის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

 


close დახურვა