logo
ENG



ბაჩალიაშვილის დედა: საელჩოში თქვეს, რომ სახელმწიფომ უნდა სთხოვოს FBI-ის ამ საქმეში ჩართვა

04 აგვ 202012:57
3 წუთის საკითხავი
clock 2828
ბაჩალიაშვილის დედა: საელჩოში თქვეს, რომ სახელმწიფომ უნდა სთხოვოს FBI-ის ამ საქმეში ჩართვა

გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის დედის, თეონა თამაზაშვილის თქმით, აშშ-ის საელჩოში შეხვედრაზე მას უთხრეს, რომ საქმეში FBI-ს ჩართვის თხოვნით შტატებს საქართველომ უნდა მიმართოს. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს საელჩოდან გამოსვლის შემდეგ განუცხადა.

მისი თქმით, თუ ამაზე სახელმწიფო უარს იტყვის, ის შიმშილობას დაიწყებს.

"მათ თქვეს, რომ თვითონ სახელმწიფომ უნდა სთხოვოს FBI-ს ამ საქმეში ჩართვა. მე ისიც გავაჟღერე, რომ თუ სახელმწიფო ამაზე უარს იტყვის, მე, როგორც დედა, უფლებას ვიპოვებ, რომ აქ მოვიდე და შიმშილობა დავიწყო. მგონია, რომ ერთი აგური დავდე სიმართლის დასადგენად", - თქვა თამაზაშვილმა.

მისივე განცხადებით, კელი დეგნანი საელჩოში არ იმყოფებოდა, ამიტომ საელჩოს სხვა წარმომადგენლებს შეხვდა, რომლებმაც მას პირობა მისცეს, რომ ელჩს მის მოთხოვნებს გადასცემენ.

კითხვაზე, ეცდება თუ არა პრემიერმინისტრ გიორგი გახარიასთან შეხვედრას, თამაზაშვილი პასუხობს, რომ ის ამას აღარ მოითხოვს, მაგრამ თუ გახარია სურვილს გამოთქვამს, წინააღმდეგი არ იქნება.

ცნობისთვის, თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის წევრები ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან შეიკრიბნენ. ისინი ელჩთან შეხვედრასა და გამოძიების პროცესში ამერიკელი სპეციალისტების ჩართვას ითხოვენ. 

შეგახსენებთ, 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი 5-დღიანი ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტყეში გარდაცვლილი იპოვეს. ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლებით მიმდინარეობს.

29 ივლისს თამარ ბაჩალიაშვილის საქმე, შინაგან საქმეთა მინისტრის გადაწყვეტილებით, თბილისის ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტს გადაეცა.


close დახურვა