logo
ENG



ბოკერია: მელიას ურჩევნია, მისთვის მიუღებელი გზით მოხდეს მისი გათავისუფლება, ვიდრე ამნისტიით

26 აპრ 202118:34
3 წუთის საკითხავი
clock 1533
ბოკერია: მელიას ურჩევნია, მისთვის მიუღებელი გზით მოხდეს მისი გათავისუფლება, ვიდრე ამნისტიით

ევროპული საქართველოს ლიდერი გიგა ბოკერია ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის ნიკა მელიას მიერ გავრცელებულ განცხადებას ეხმაურება, რომლის თანახმადაც მელია მზად არის დათანხმდეს ევროკავშირის შეთავაზებულ გირაოს.

ბოკერია ამბობს, რომ მელიას ურჩევნია მისი გათავისუფლება მიუღებელი გზით - გირაოთი მოხდეს, ვიდრე ამნისტიის კანონით, რომელიც 20 ივნისის სამართალდამრღვევებსაც შეეხება. 

"რაც შეეხება მელიას წინადადებას, მგონი ყველაფერი ნათქვამია, რაც დაწერა. ეს არის მისი პოზიცია, რომ ამ ცუდ ვითარებაში, ჩემი აზრით ცუდ ვითარებაში, მას ურჩევნია მისთვის მიუღებელი გზით მოხდეს მისი გათავისუფლება, ვიდრე ამნისტიით, რომ მერე გამოვიდეს, რომ მის გამო შეიწყალეს 20 ივნისის სამართალდამრღვევები. ეს პერიოდი მისკენ თითის გაშვერა ვნახეთ ირიბად თუ პირდაპირ - ეს არასწორია...", - განაცხადა გიგა ბოკერიამ ფორმულას გადაცემაში კომენტარი

ცოტა ხნის წინ ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ განცხადება გაავრცელა. ის ოპოზიციასა და ქართულ ოცნებას მიმართავს, გამოითხოვონ პარლამენტიდან 20 ივნისის ამნისტიის პროექტი და მზადაა, დათანხმდეს ევროკავშირის შეთავაზებულ გირაოს

შეთანხმების დოკუმენტში, რომელსაც ხელისუფლებამ და ოპოზიციონერი პოლიტიკოსების ნაწილმა 19 აპრილს ხელი მოაწერა, ნათქვამია, რომ შეთანხმების მიღწევიდან 1 კვირის ვადაში უნდა გადაიდგას ნაბიჯები 2 საქმეზე, რომლებიც პოლიტიკურად აღიქმება, ამნისტიით და/ან სხვა ნაბიჯებით, რომლებიც ანალოგიურ შედეგამდე მიგვიყვანს. 2 საქმეში ნიკა მელიას და გიორგი რურუას საქმეები იგულისხმება. 

20 აპრილს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შარლ მიშელთან ვახშმის შემდეგ სალომე სამადაშვილმა თქვა, რომ 27 აპრილს, როცა პარლამენტში ამნისტიის კანონის რეგისტრაცია მოხდება, სალომე ზურაბიშვილი გიორგი რურუას შეიწყალებს. 

დოკუმენტის მიხედვით, ნიკა მელიამ ციხე ამნისტიის კანონით უნდა დატოვოს, მოიაზრება გირაოს გადახდაც. 

მელია გირაოს გადახდაზე აქამდე უარს ამბობდა, ასევე, მისთვის მიუღებელია ამნისტიის კანონის შინაარსი, ვინაიდან ის 20 ივნისის დამნაშავე პოლიციელებზეც უნდა გავრცელდეს. უცნობია, შეეხება თუ არა ამნისტია ბრძანების გამცემ პირებს. 

ევროკავშირს წერილით მიმართეს 20 ივნისს დაზარალებულებმა და მოითხოვეს, საქართველოს დაეხმარონ ისე, რომ არ შეილახოს მათი უფლებები. 

ასევე, საია-მ, რომელიც პარტიებს შეთანხმების ხელმოწერისკენ მოუწოდებდა, ახლა მიმართავს მათ, არ დაუშვან 20 ივნისს პოლიციელთა დანაშაულებებზე ამნისტიის კანონის ინიცირება. 


close დახურვა