logo
ENG



ბოკერია: წიგნში აღმაშფოთებელია არც თუ ისე ფარული დამოკიდებულება იმაზე, თუ რა ხდებოდა 2008-ში

06 დეკ 202118:38
3 წუთის საკითხავი
clock 746
ბოკერია: წიგნში აღმაშფოთებელია არც თუ ისე ფარული დამოკიდებულება იმაზე, თუ რა ხდებოდა 2008-ში

ევროპული საქართველოს ლიდერი გიგა ბოკერია ამბობს, რომ ისტორიის სახელმძღვანელოში 2008 წლის ომთან დაკავშირებით არსებული დამოკიდებულება "აღმაშფოთებელია".

ბოკერია აღნიშნავს, რომ რასაც წიგნში რუსეთის აგრესიასთან დაკავშირებით ვხედავთ, რეჟიმის მიერ შექმნილი მორალური კლიმატის შედეგია. მისივე თქმით, სახელმძღვანელოში მოცემული ტერმინები რუსული პროპაგანდის ტერმინებია.

"ზოგადად, რაც ვნახე და მოვისმინე ამ წიგნთან დაკავშირებით, იქ უფრო აღმაშფოთებელი ჩემთვის, როგორც მოქალაქისთვის, არის არც თუ ისე ფარული დამოკიდებულება იმის მიმართ, თუ რა ხდებოდა 2008 წელს რუსეთის აგრესიის მხრიდან, რა ტიპის ტერმინებია გამოყენებული. მაგალითად "სარკოზი-მედვედევის" შეთანხმება უფრო რუსული პროპაგანდის ტერმინებია.

ჯამში, ჩემი აზრით, ამ საკითხებში ჩვენ გვჭირდება მშობლებისთვის მეტი წონის მიცემა სკოლის დონეზე და ზოგადად, საზოგადოებრივი კლიმატის გამოცვლა. ამ საზოგადოებრივი კლიმატის და ამ რეჟიმის მიერ შექმნილი მორალური კლიმატის შედეგი მგონია ამ ტიპის მოვლენები, რასაც ახლა ვხედავთ ამ წიგნში რუსეთის აგრესიასთან დაკავშირებით", - თქვა ბოკერიამ.

 

რა წერია მე-9 კლასის ისტორიის სახელმძღვანელოში?

საქართველოს ისტორიის განათლების სამინისტროს მიერ გრიფირებულ სახელმძღვანელოებში ბიძინა ივანიშვილის, ასევე, ენმ-ის მმართველობის პერიოდის შესახებ ტექსტებმა საზოგადოების კრიტიკა დაიმსახურა.

მაგალითად, გამომცემლობა დიოგენეს მე-9 კლასის ისტორიის წიგნში, რომელსაც განათლების სამინისტროსგან გრიფი 2020 წელს მიენიჭა. იქ ივანიშვილი "ქმელმოქმედად" და "მეცენატად" არის მოხსენიებული.

"[2012 წელს] მთავრობის მეთაური, პრემიერ-მინისტრი ქართული ოცნების დამფუძნებელი, ცნობილი ქველმოქმედი და მეცენატი, ბიძინა ივანიშვილი გახდა. ხელისუფლების ცვლილების მიუხედავად, საქართველოს ევროპული კურსი არ შეცვლილა და პირიქით, ინტეგრაცია კიდევ უფრო გაღრმავდა (გვერდი 410)", - ვკითხულობთ მე-9 კლასის ისტორიის სახელმძღვანელოში.

წიგნში საუბარია "ვარდების რევოლუციასა" და ნაციონალური მოძრაობის მმართველობაზე. კერძოდ, ნათქვამია, რომ იმ პერიოდში მთავრობამ დაამარცხა კორუფცია, გატარდა რეფორმები. ამასთან, საუბარია გადაცდომებზეც, რომ დაიწყო "გაურკვეველი დაჭერები" და, რომ ადამიანთა უფლებები ხშირად ირღვეოდა.

"2004 წლის იანვრიდან საქართველოს პრეზიდენტად საქართველოს მოსახლეობამ მიხეილ სააკაშვილი აირჩია. ახალმა მთავრობამ მოახერხა კორუფციის დაძლევა. თითქმის ყველა სფეროში (პოლიციაში, სასამართლოში, განათლების სფეროში და სხვაგან) რეფორმები გატარდა. კრიმინალური სამყაროს ავტორიტეტებს ძლიერი დარტყმა მიაყენეს. კორუფციისა და კონტრაბანდასთან ბრძოლის მოტივით დაიხურა ერგნეთის ბაზრობა, რამაც ქართულ-ოსური ურთიერთობების განვითარება შეაფერხა. 

იყო გადაცდომებიც - კორუფციასთან წარმატებულ ბრძოლასთან ერთად დაიწყო გაურკვეველი დაჭერები, კრიმინალთან ბრძოლის საბაბით რამდენიმე მკვლელობა მოხდა. თუმცა შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნები არ დასჯილან, გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა პრემიერმინისტრი, ზურაბ ჟვანია. სასამართლოს საქმეები 99%-ს პროკურატურა იგებდა. ადამიანთა უფლებები ხშირად ირღვეოდა. დაიწყო უკმაყოფილო მოსახლეობის საპროტესტო გამოსვლები. ამ აქციებში მონაწილე აქტიურ პირებს ხშირად უსაფუძვლოდ აპატიმრებდნენ და ციხეში სვამდნენ. ციხეებში კი განუკითხაობა სუფევდა, რაც პატიმრების ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ შეურაცხყოფაში გამოიხატებოდა", - ვკითხულობთ სახელმძღვანელოში.

დიოგენეს მიერ გამოცემულ წიგნში საუბარია 2008 წლის აგვისტოს ომზეც, რომ 6-7 აგვისტოს "ოსურმა შეიარაღებულმა ფორმირებებმა" ცხინვალის მიმდებარე ქართულ სოფლებს ცეცხლი გაუხსნეს.

"2008 წლის ივნის-ივლისში მკვეთრად მოიმატა შეიარაღებულმა პროვოკაციებმა ცხინვალის რეგიონში. ქართული სოფლებისთვის ცეცხლის გახსნა, გზების დანაღმვა, მშვიდობიანი მოსახლეობის გატაცება ყოველდღიურ მოვლენად იქცა. 2008 წლის 6-7 აგვისტოს ოსურმა შეიარაღებულმა ფორმირებებმა ცხინვალის მიმდებარე ქართულ სოფლებს ინტენსიური ცეცხლი გაუხსნეს.

საქართველოს პრეზიდენტმა ადგილობრივი მოსახლეობის დასაცავად ცხინვალის რეგიონში შეიარაღებული ძალების შეყვანის ბრძანება გასცა, რასაც რუსეთის ფედერაციამ პირდაპირი სამხედრო აგრესიით უპასუხა. 2008 წლის 8-10 აგვისტოს რუსეთმა სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში ათასობით ერთეული სამხედრო ტექნიკა და ათიათასობით სამხედრო ძალა შემოიყვანა. მძიმე ბრძოლების შემდეგ, ძალების აშკარა უთანასწორობის გამო, საქართველოს ხელისუფლებამ კონფლიქტის ზონიდან ჯარები გამოიყვანა", - წერია წიგნში. 

ამავე სახელმძღვანელოში მე-9 კლასელებისთვის დასისკუსიო თემად მოცემულია შემდეგი კითხვა: "შენი აზრით, დაუშვა თუ არა შეცდომა საქართველოს პრეზიდენტმა, როდესაც ოსური შეიარაღებული ფორმირებების მიერ ქართული სოფლების მიმართულებით სროლას რეგიონში სამხედრო ნაწილების შეყვანით უპასუხა?"


close დახურვა