logo
ENG



გაბუნია ვაქცინაციის საიტზე: ტექნიკურ ჯგუფს მაღალი მოლოდინი აქვს, რომ შეფერხება აღარ იქნება

20 ივლ 202114:21
3 წუთის საკითხავი
clock 616

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას თქმით, ვაქცინაციის საიტი გამართულად მუშაობს და ფაიზერის ახალ დოზებზე რეგისტრაციისას მოსახლეობას პრობლემა არ შეექმნება. ეს გაბუნიამ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე თქვა.

როგორც მან გამარტა, ტექნიკურ ჯგუფს "მაღალი მოლოდინი" აქვს, რომ ვებგვერდი გამართულად, შეფერხების გარეშე იმუშავებს.

"ფაიზერის რეგისტრაციის პროცესი მალე განახლდება. ჩვენ რამდენიმე დღეში გვექნება იმის საშუალება, რომ დაზუსტებით მოგახსენოთ, როდის იქნება დიდი დოზების გახსნის შესაძლებლობა, რომ კიდევ თავიდან არ შეიქმნას შეზღუდული რეგისტრაციის შესაძლებლობა. რა თქმა უნდა, მოწოდება გრძელდება და ჩვენ მოკლე ხანში ველოდებით დიდი რაოდენობის მოწოდებას. საიტი გამართულია. სერიოზული მუშაობა ჩატარდა მას შემდეგ, რაც ხარვეზები დაფიქსირდა. მოლოდინი ტექნიკურ ჯგუფს იმისა, რომ საიტი იქნება სრულად გამართული და აღარ იქნება შეფერხება, აქვს საკმაოდ მაღალი", - თქვა გაბუნიამ. 

14 ივლისს, 15:00 საათიდან ფაიზერის ვაქცინაზე რეგისტრაცია უნდა დაწყებულიყო, თუმცა საიტი შეფერხებით მუშაობდა და მოქალაქეები ვიზიტის დაჯავშნას ვერ ახერეხებდნენ

აღსანიშნავია, რომ ვებგვერდის გათიშვა პირველად არ მომხდარა, 3 ივლისს, 12:00 საათზე, ჩინური წარმოების ვაქცინებზე - სინოფარმსა და სინოვაკზე უნდა დაწყებულიყო რეგისტრაცია, თუმცა ვაქცინაციის პორტალი გაითიშა და მოქალაქეები დარეგისტრირებას ვერ ახერხებდნენ. 

ჯანდაცვის სამინისტროს განმარტებით, 3 ივლისს, საიტზე booking.moh.gov.ge კიბერშეტევა განხორციელდა.


close დახურვა