logo
ENG



გაბუნიას თქმით, სინოფარმით ვაქცინაციის პროცესი, სრული აღიარების გარეშეც, მაისში დაიწყება

16 აპრ 202114:59
3 წუთის საკითხავი
clock 1164
გაბუნიას თქმით, სინოფარმით ვაქცინაციის პროცესი, სრული აღიარების გარეშეც, მაისში დაიწყება

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნია აცხადებს, რომ ჩინური წარმოების სინოფარმის ვაქცინის აღიარება თუ არ მოხდა აპრილის ბოლოს, ეს საქართველოში მისი გამოყენების პროცესს არ შეაფერხებს.

გაბუნიას თქმით, დღევანდელი ეპიდემილოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით, აუცილებელია, რომ ქვეყანაში ჩინური ვაქცინით იმუნიზაცია დაიწყოს. 

"სინოფარმის ვაქცინა აღიარებულია 35 ქვეყანაში და ორას მილიონზე მეტი დოზა აქვს გაცემული ჩინეთის მწარმოებელს სხვადასხვა ქვეყანაში და ვაქცინაცია მიმდინარეობს ეფექტურად, მინიმალური გვერდითი მოვლენებით. ვფიქრობ, რომ დღევანდელი ეპიდემიოლოგიური სიტუაცია და ის, რომ ასტრაზენეკას არჩევანი გვაქვს მხოლოდ 55 წლის ზემოთ, ცალსახად აყენებს იმის აუცილებლობას, რომ დავიწყოთ და არ დავკარგოთ დრო. ვაქცინის სრული აღიარება თუ არ მოხდა აპრილის ბოლოს, ამან არ უნდა შეაფერხოს ვაქცინაციის პროცესი. ავტორიზაცია დაგეგმილია აპრილის ბოლოსთვის და ვაქცინის ადმინისტრირება ქვეყანაში დაიწყება მაისის დასაწყისიდან", - ამბობს გაბუნია.

მინისტრის მოადგილის თქმით, სინოფარმის ვაქცინაზე რეგისტრაცია 27 აპრილს დაიწყება.

"რეგისტრაციის პროცესი სინოფარმის ვაქცინაზე 27 აპრილისთვის გაიხსნება იმიტომ, რომ მაისის დასაწყისში, მას შემდეგ, რაც სააღდგომო დღესასწაულები ჩაივლის, რეალურად დაიწყოს ვაქცინის ადმინისტრირება შერჩეულ დაწესებულებებში", - ამბობს გაბუნია.

ამასთან, გაბუნიას თქმით, სინოფარმს შესაძლოა 60 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში მიენიჭოს უპირატესობა.

"სინოფარმის ეფექტურობაზე მონაცემები არის უფრო მდიდარი, შედარებით ახალგაზრდა ასაკობრივ ჯგუფში, 60 წლის ზემოთ ასაკში სინოფარმის ეფექტურობის შესახებ მონაცემი ნაკლებია, გამომდინარე აქედან, შესაძლებელია, გადაწყვეტილება იქნეს მიღებული, რომ სინოფარმს 60 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში მეტად მიენიჭოს უპირატესობა", - აცხადებს გაბუნია,

3 აპრილს საქართველომ ჩინური წარმოების ვაქცინის, სინოფარმის 100 000 დოზა მიიღო

თავიდან ჯანდაცვის სექტორის წარმომადგენლები სინოფარმის ვაქცინაზე აცხადებდნენ, რომ მისი გამოყენება იქამდე არ დაიწყებოდა, სანამ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ლიცენზიას არ მიიღებდა. 

საქართველოში ასტრაზენეკას ვაქცინის პირველი პარტია 13 მარტს შემოვიდა, ხოლო 25 მარტს საქართველომ ფაიზერის ვაქცინა მიიღო. ასტრაზენეკას და ფაიზერის ვაქცინის გაკეთების შესაძლებლობა მედპერსონალსა და 55 წელს ზევით ადამიანებს აქვთ. 

 

close დახურვა