logo
ENG



გახელაძის ცოლი: ზაზა ამბობს, რომ არ უღირს თავისუფლება ტერიტორიის და სიწმინდის დათმობად

05 აპრ 202112:28
3 წუთის საკითხავი
clock 2254

ზაზა გახელაძის ცოლის, ირმა ბუთხუზის თქმით, ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმი ზაზა გახელაძის გათავისუფლების სანაცვლოდ ჩორჩანას საგუშაგოს დემონტაჟს და მე-10 საუკუნით დათარიღებული ოქონის ტრიპტიკონის გადაცემას ითხოვს. 

თავად გახელაძის პოზიციაა, რომ მას არ უღირს თავისუფლება რელიგიური სიწმინდეების და ტერიტორიბის სანაცვლოდ. 

უკანონოდ დაკავებულმა გახელაძემ ეს თავისი ოჯახის წევრებს 31 მარტს უთხრა, როცა ის მათ ცხინვალის ციხეში მოინახულეს. 

"თვითონ ამბობს, არ მიღირს არც ტერიტორიის დათმობა და არც ხატის გადაცემაში გადაცვლაო". - ამბობს ირმა ბუთხუზი. 

"ამდენი დაპირების და ამდენი იმედგაცრუების შემდეგ იმედიც მომიკვდა, მაგრამ ბოლომდე რომ მოვიკლა იმედი, მეც უნდა მოვკვდე და ეს იქნება". - ამბობს ზაზა გახელაძის დედა. 

ზაზა გახელაძე 2020 წლის 11 ივლისს დააკავეს. დაკავებისას ის ფეხში დაჭრეს. ოკუპირებულ ცხინვალში დაკავებულ ზაზა გახელაძეს ე.წ. სასამართლომ 12 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა.

დე ფაქტო მთავრობა მას ე.წ საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას და სამხედრო პირის სიცოცხლის ხელყოფის მცდელობას ედავება და ამტკიცებს, რომ გახელაძემ ე.წ მესაზღვრის მიმართულებით მიზანმიმართულად, სულ მცირე, 5-ჯერ ისროლა. მართალია, სასამართლო პროცესზე რამდენიმე რუსმა ჯარისკაცმა უარყო, რომ გახელაძემ მათი მიმართულებით ისროლა, ე.წ სასამართლომ ის მაინც დამნაშავედ სცნო. ზაზა გახელაძემ ე.წ სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებაზე უარი თქვა. 

ქართულმა მხარემ ჩორჩანასთან საგუშაგო ბლოკ-პოსტის მშენებლობა 2019 წლის 30 აგვისტოს დაასრულა. იმავე დღეს ქართულმა მხარემ ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო მთავრობის ულტიმატუმი არ შეასრულა - საგუშაგო ხაშურის სოფელ ჩორჩანასთან არ დაშალა - საოკუპაციო რეჟიმი სწორედ ამას ითხოვდა. წინააღმდეგ შემთხვევაში მათ "კანონის ფარგლებში მოქმედება" დააანონსეს. 

რამდენიმე დღეში, 2019 წლის 4 სექტემბერს ჩაიკეტა ოკუპირებული ახალგორი. მას შემდეგ ახალგორის მცხოვრებლებს საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლის შესაძლებლობა მხოლოდ საშვებით აქვთ, ისიც - არა ყველას. 

რაც შეეხება ოქონის ხატს - ტრიპტიკონს - ის 1924 წელს ცხინვალში არმოაჩინეს. მას შემდეგ ის ცხინვალის მუზეუმში ინახებოდა. ხატი მე-10 საუკუნით თარიღდება. 

ის ქართულ-ოსური კონფლიქტის დროს, 1991 წელს, ცხინვალის მუზეუმიდან დაიკარგა.  

2001 წელს კი აღმოჩნდა, რომ რუსეთის მოქალაქე, ოლეგ ზემლიანიკოვი მას კრისტის აუქციონზე ყიდდა. მისი საწყისი ფასი 2 მილიონი აშშ დოლარი იყო. 

3-წლიანი ვნებათაღელვის შემდეგ, 2004 წელს, ტრიპტიკონი საქართველოს დაუბრუნდა და საქართველოს ეროვნულ მუზეუმს გადაეცა.


close დახურვა