logo
ENG



გომელაური: ენმ-ის ოფისში 200 პოლიციელი იყო შესული, სახანძროც იყო, არ ვიცოდით რა მოხდებოდა

05 მარ 202116:37
3 წუთის საკითხავი
clock 720
2021/03/05/lzxkk0vvxx58ngg.jpg

შინაგან საქმეთა მინისტრის ვახტანგ გომელაურის განცხადებით, ნაციონალური მოძრაობის ოფისში სპეცოპერაციის დროს შენობაში უწყების დაახლოებით 200 თანამშრომელი იყო შესული. 

როგორც გომელარუმა პლენარულ სესიაზე სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა, ადგილზე ყველა სამსახურის მობილიზება იყო, რათა მისი აზრით, შესაძლო საფრთხე აეცილათ თავიდან.  

რაც შეეხება ადგილზე სახანძრო სამსახურის მობილიზებას, გომელაური ამას "ცეცხლის შესაძლო გაჩენის საფრთხით" ხსნის.  

"ეს იყო პოლიციური ღონისძიება. განჩინებით დაგვევალა ბატონი ნიკანორ მელიას დაკავება და აქედან გამომდინარე ჩავატარეთ ღონისძიება. შიგნით რაც მთავარია, პროპორციული ძალა გამოვიყენეთ თუ არა - რა არეულობა მოჰყვებოდა და რა მოხდებოდა, ჩვენ ხომ არ ვიცოდით, დაზღვეულები არ ვიყავით. შიგნით შესული იყო დაახლოებით 200 ადამიანი, ჩვენი თანამშრომელი. იქ იყო შესულები როგორც მაშველები, ასევე გარეთ მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია, კრიმინალური პოლიცია, რომლებიც გარეთ იყვნენ, ისინი შიგნით არ შესულან.

ასევე იყო სახანძრო სამსახურის დანაყოფები, იყო საშიშროება თუნდაც ცეცხლი გაჩენილიყო და დიდი უბედურება მომხდარიყო შიგნით. რა თქმა უნდა სახანძრო მანქანები მზად გვყავდა. მაგას ერთად თუ მოვითვლით შეიძლება ადამიანს ბევრი მოეჩვენოს. თორე შიგნით შესული ბევრად ნაკლები იყო პოლიციელი, ვიდრე თვითონ ადამიანები", - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა. 

მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა მელიას აღკვეთი ღონისძიება გირაო პატიმრობით შეუცვალა. ნიკა მელიას დასაკავებლად პოლიცია გადაწყვეტილებიდან რამდენიმე საათში მივიდა, თუმცა ამ საკითხზე გუნდთან უთანხმოების გამო გიორგი გახარიამ პრემიერმინისტრის პოსტი დატოვა, რის გამოც შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაკავების ოპერაცია "დროებით" გადადო. გახარიას გადადგომის შემდეგ ოცნებამ პოსტზე ღარიბაშვილი წარადგინა, დამტკიცებიდან მალევე, 23 თებერვალს, სპეცრაზმი ნაციონალური მოძრაობის ოფისში შეიჭრა და მელია ძალის გამოყენებით დააკავა. ოპოზიციური პარტიის ლიდერის დაკავებას კი საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან კრიტიკული გამოხმარებები მოჰყვა.

 


close დახურვა