logo
ENG



დააკავეს 1 ადამიანი, რომელმაც შსს-ის მტკიცებით, პოლიციელებს ქვები და ე.წ. მოლოტოვი ესროლა

29 მარ 202322:09
3 წუთის საკითხავი
clock 1052
2023/03/29/m0auxkken7hgj5w.jpg
ვახო ქარელი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, დააკავეს ერთი ადამიანი, რომელმაც მათი მტკიცებით, 7-9 მარტის აქციებზე პოლიციელებს ქვები და ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები ესროლა. უწყება ამტკიცებს, რომ ამის შედეგად, პოლიციელებმა დაზიანებები მიიღეს.

"თბილისის პოლიციის დეპარტამენტისა და თბილისის პროკურატურის თანამშრომლებმა ერთობლივად გატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 2002 წელს დაბადებული, წარსულში პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისთვის სახდელდადებული, ასევე სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 120-ე და 11 პრიმა 187-ე მუხლებით ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიცემული და ამჟამად განსასჯელი ლ.გ. პოლიციელზე თავდასხმისა და ცეცხლის წაკიდებით სხვისი ნივთის დაზიანების ბრალდებით დააკავეს", - აცხადებენ უწყებაში.

შსს-ს განცხადებით, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა და 187-ე მუხლებით მიმდინარეობს და 7-9 მარტს მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს "მომხდარ ძალადობრივ ქმედებებზე" საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება.

მასშტაბური საზოგადოებრივი პროტესტის შედეგად ქართულმა ოცნებამ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" რუსული კანონპროექტის გაწვევის შესახებ 9 მარტს განაცხადა, 10 მარტს კი პლენარულ სხდომაზე ჩააგდო. თავდაპირველად, ოცნება ამ კანონპროექტს მხარს უჭერდა და პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო.

კანონპროექტის საწინააღმდეგო პროტესტი 7-8 მარტს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარეობდა. აქციები იყო ქუთაისში, ბათუმში და სხვა ქალაქებშიც. თბილისში პოლიციელებმა მშვიდობიანი აქცია წყლის ჭავლით, წიწაკის სპრეითა და ცრემლმდენი გაზით დაარბიეს.

რამდენიმესაათიანი მცდელობების მიუხედავად ხალხი არ იშლებოდა, რის შემდეგაც პოლიციამ აქციის მონაწილეების დაკავება ძალისმიერი მეთოდებით დაიწყო. პოლიციელები მუშაობაში ხელს უშლიდნენ მედიის წარმომადგენლებს და ჟურნალისტებზე ძალადობის ფაქტებიც დაფიქსირდა.

9 მარტს შსს-მ ადმინისტრაციული წესით დაკავებული ყველა პირი, 133 ადამიანი გაათავისუფლა.


close დახურვა