logo
ENG



დეკანოზი: ეკლესიამ უნდა მოუწოდოს მრევლს, მხარი დაუჭიროს მას, ვინც რუსეთს არ დაგვამონებს

25 სექ 202114:36
3 წუთის საკითხავი
clock 1537
დეკანოზი: ეკლესიამ უნდა მოუწოდოს მრევლს, მხარი დაუჭიროს მას, ვინც რუსეთს არ დაგვამონებს

დეკანოზი თამაზ ლომიძე ამბობს, რომ ეკლესია არჩევნებში უნდა ჩაერიოს და ამისთვის გარკვეულ მაგალითებს ასახელებს. იგი ამბობს, რომ ეკლესიამ გარკვევით უნდა უთხრას მრევლს, ვის დაუჭიროს მხარი. 

"ეკლესიამ უნდა მოუწოდოს მრევლს, რომ არჩევნებზე მხარი დაუჭირონ მხოლოდ მას, ვინც უსასრულოდ არ იტყუება, ვინც ასრულებს დანაპირებს, ვინც არ "გადააგდებს" პარტნიორებს, ვინც საქართველოს ხალხის მიერ არჩეულ კურსს ცივილიზირებული სამყაროსკენ არ გადაუხვევს და ისევ რუსეთს არ დაგვამონებს, ვინც რეალურად ყოველდღე იბრძვის ოკუპაციის წინააღმდეგ, ვინც ოკუპანტთან მონურად არ თანამშრომლობს, ვინც მოღალატეებს და უცოდინრებს არ დააწინაურებს, ვინც სირთულეებზე, შეცდომებზე და ხალხის გაჭირვებაზე ღიად ისაუბრებს, იშრომებს და გადაჭრის მათ პრობლემებს და არა უსასრულო ტყუილებით და თავის მოსულელებით დაიმალება მათგან და ბოლოს, ვისაც ესმის რას ნიშნავს გქონდეს საკუთარი დამოუკიდებელი ქვეყანა, ვინც პატივისცემით მოეპყრობა და ღირსებას აღუდგენს ქართულ სახელმწიფოს და მის ინსტიტუტებს. ეს ნამდვილად უნდა უთხრას ეკლესიამ მრევლს არჩევნების წინ. შემდეგ ყველამ საკუთარი ჭკუა-გონებით შეაფასოს და აირჩიოს", - წერს ფეისბუქზე სასულიერო პირი.

24 სექტემბერს ტელეკომპანია ერთსულოვნების ეთერში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოს პრესსპიკერმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ ტელევიზიებსა და "მათ უკან მდგარ" პირებს მიმართა. ჯაღმაიძემ გააკრიტიკა ტელევიზიები და განაცხადა, რომ ისინი დაუსაბუთებელ ინფორმაციას ავრცელებენ. მისივე თქმით, გადაცდომის აღმოჩენის შემთხვევაში ეკლესია შესაბამის ზომებს მიიღებს. გარდა ამისა, იგი ამბობს, რომ ტელევიზიები მონდომებულნი არიან, ეკლესია პოლიტიკაში ჩართონ.

"ამ ტელევიზიების უკან ვინც არიან, მათ ვუსვამთ საკითხს, ნამდვილად გინდათ, რომ ეკლესიამ ყველაფერი ილაპარაკოს და წინასაარჩევნოდ ნამდვილად გინდათ, რომ თავის მრევლს ყველაფერი დაუღეჭოს და უთხრას, რასაც თქვენ შესახებ ვფიქრობთ? აი, შევხედავთ რამდენიმე დღე, კიდევ დავაკვირდებით რა რიტორიკა იქნება, რა პათოსი იქნება და შესაძლებელია, რომ ამის მერე არავის აღარ უკვირდეს, თუ ეკლესია მკაფიოდ ეტყვის თავის მრევლს რა გააკეთოს მან არჩევნებზე", – განაცხადა ჯაღმაიძემ.


close დახურვა