logo
ENG



ელისაშვილი: ბოდვებზე, რომ ფული ავიღე და სადღაც შევრბივარ, სერიოზულ კომენტარს არ გავაკეთებ

08 დეკ 202017:17
3 წუთის საკითხავი
clock 1079
ელისაშვილი: ბოდვებზე, რომ ფული ავიღე და სადღაც შევრბივარ, სერიოზულ კომენტარს არ გავაკეთებ
Formula/Vakho Kareli

პარტია მოქალაქეების ლიდერი, ალეკო ელისაშვილი ამბობს, რომ "ვერ გააკეთებს სერიოზულ კომენტარს ვიღაცების "ბოდვებსა და ჭუჭყზე, თითქოს მან ფული აიღო და ამის სანაცვლოდ გეგმავს, პარლამენტში შევიდეს". 

"ბოდვებზე, უსინდისობებზე, ბრალდებებზე და ჭუჭყზე, რომ არიქა, მე ფული ავიღე და სადღაც შევრბივარ და შემოვრბივარ, სერიოზულ კომენტარს არ გავაკეთებ. ვიღაცები რომ დილიდან დადგნენ და რაც თავში ჭუჭყიანი ფანტაზია მოუვიდათ, მე რომ შემაწმინდეს ხელი... ელჩებს ვეტყვი ჩემს სათქმელს, გამოვალ და თქვენც გეტყვით", - თქვა ელისაშვილმა აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში ხელისუფლებას და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების IV რაუნდის დაწყებამდე. 

ჟურნალისტების კითხვაზე, ვიხილავთ თუ არა მას პარლამენტში იმ შემთხვევაშიც, თუ არ შესრულდება ოპოზიციის ყველა მოთხოვნა, ელისაშვილმა უპასუხა: 

"გამოვალ და გეტყვით". 

ოპოზიციას და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკების IV რაუნდი ახლა მიმდინარეობს. 

III რაუნდი გუშინ, 7 დეკემბერს გაიმართა. 

მოლაპარაკების საკითხი ოპოზიციის მხრიდან პარლამენტის ბოიკოტის ფონზე, მათი მოთხოვნები და ხელისუფლებისთვის შეთავაზებული წინადადებებია - ისინი ახალი საარჩევნო ადმინისტრაციის პირობებში ახალი არჩევნების ჩატარებას და პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებას ითხოვენ. 

ოპოზიციამ ხელისუფლებას წერილობითი შეთავაზებაც გაუკეთა - ჩამოთვლილ საკითხებთან ერთად შეთავაზების ერთ-ერთი პუნქტი 2021 წლის შემოდგომაზე რიგგარეშე არჩევნების დანიშვნის შესახებ პლებისციტის ჩატარებაა. სწორედ ეს საკითხები განიხილეს ოპოზიციის და ხელისუფლების წარმომადგენლებმა 7 დეკემბრის სხდომაზე.  

შეხვედრები დიპლომატიური კორპუსის ჩართულობით ტარდება. პარლამენტი 11 დეკემბერს შეიკრიბება, თუმცა მოლაპარაკებები ამ დრომდე კონკრეტულ შედეგამდე ჯერჯერობით არ მისულა.

საქართველოში პოლიტიკური კრიზისი 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს მოჰყვა. ოპოზიცია არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევს და ოფიციალურ შედეგებს არ აღიარებს. ამ დრომდე ყველა ოპოზიციური პარტია უარს ამბობს პარლამენტში შესვლაზე.

ხელისუფლება აცხადებს, რომ რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას არ განიხილავს. 7 დეკემბრის შეხვედრის შემდეგ არჩილ თალაკვაძემ, რომელიც, ირაკლი კობახიძესთან ერთად, მოლაპარაკებებზე ხელისუფლებას წარმოადგენდა, თქვა, რომ განმეორებით არჩევნებს ან პლებისციტს ქართული ოცნება არ განიხილავს. თუ ოპოზიციის მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება და მათი ერთიანი ბოიკოტიც ძალაში დარჩა, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად ერთპარტიული პარლამენტი შეიკრიბება.


close დახურვა