logo
ENG



ელჩი სენატორების ვიზიტზე: მთავარი გზავნილია იმის ჩვენება, რომ აშშ მხარს უჭერს საქართველოს

02 ივნ 202114:12
3 წუთის საკითხავი
clock 495

აშშ-ს ელჩის, კელი დეგნანის თქმით, სენატორების საქართველოში ვიზიტის მთავარი გზავნილი ამერიკის შეერთებული შტატების მტკიცე მხარდაჭერის დადასტურებაა.

როგორც ელჩმა აღნიშნა, საქართველოს აქვს ორპარტიული მხარდაჭერა, რაც დელეგაციის შემადგენლობაშიც ჩანს.

დეგნანი ამბობს, რომ სენატორები დაინტერესებულები არიან საქართველოში მიმდინარე პროცესებით, მათ შორის დემოკრატიის განვითარების მხრივ.

"ამ ვიზიტის მთავარი გზავნილი გახლავთ იმის ჩვენება, რომ აშშ მხარს უჭერს საქართველოს. ჩვენ მრავალწლიანი თანამშრომლობა გვაკავშირებს, საქართველო მუშაობდა და მუშაობს დემოკრატიის განვითარებაზე, სენატორებისთვის საინტერესოა როგორ მიმდიანრეობს ამ კუთხით მუშაობა. ამ პერიოდის განმავლობაში კოვიდის გამო იყო გარკვეული პაუზა, ის გამოც ვერ ჩამოდიოდნენ. საქართველოს აქვს ორპარტიული მხარდაჭერა და ეს კარგად ჩანს დელეგაციის შემადგენლობაში, მათ ძალიან აინტერესებთ საქართველოში მიმდინარე პროცესები", - ამბობს დეგნანი.

ელჩის თქმით, ვიზიტის ფარგლებში, სენატორები შეხვდებიან მთავრობის წარმომადგენლებს, სამოქალაქო საზოგადოებას და ოპოზიციას და სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხს განიხილავენ.

"განიხილავენ სხვადასხვა საკითხებს, მათ შორის იქნება ისეთი მნიშვნელოვანი საკითხი, როგორიცაა რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია. ეს არის გზავნილი საქართველოს მიმართ მხარდაჭერისა და იმის ნახვის, თუ რამდენად ძლიერი რჩება საქართველოს ერთგულება დემოკრატიული განვითარების მიმართ", - აღნიშნა კელი დეგნანმა.

სენატორ ჯინ შაჰინის ხელმძღვანელობითა და სენატორ რობ პორტმანის მონაწილეობით, საქართველოს დღეს აშშ-ის კონგრესის დელეგაცია ეწვევა.

აშშ-ის საელჩოს ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში დელეგაცია გააჟღერებს ორპარტიულ გზავნილს, რომ აშშ ქართველ ხალხს მხარში უდგას ქვეყნის დემოკრატიის გასაძლიერებლად. 

სენატორების ვიზიტი 4 ივნისს დასრულდება.

 


close დახურვა