logo
ENG



ეპისკოპოსი იაკობი კარტოგრაფებზე: ეს არის უგულობა, როცა არ შეგიძლია, წადი რა, გვერდზე გადი

11 ოქტ 202014:35
3 წუთის საკითხავი
clock 1074

"როდესაც პროფესიონალი ხარ და რაღაც თანამდებობაზე ხარ, ყოველთვის უნდა შეგეძლოს იმის განსაზღვრა, თუ რას რა მოჰყვება", - ასე შეაფასა ბოდბელმა მიტროპოლიტმა იაკობმა დავით გარეჯის საქმეზე საზღვრის დამდგენი კომისიის ყოფილი წევრების, ივერი მელაშვილისა და ნატალი ილიჩოვას დაკავება.

"როდესაც შენ იმ რუკას იყენებ, რომელიც იმ მიწას სადაოს ხდის, ჩემი ბრალია?! ნახეს ეს რუკა და სულ არ მაინტერესებს საიდან ჩამოიტანეს, მთავარია, რუკა იყოს სწორი, ყველა მხარემ მიიღოს. მაგრამ სხვა რამის ეშინიათ ეტყობა, ზუსტად ისე არ გავიდეს საზღვარი, როგორც ახალ რუკაზეაო, ეტყობა მაგის ეშინიათ. არ უნდათ, რომ რომელიღაც ხელისუფლებამ გააკეთოს. დღეს რომ არ მოესწრება ამ ხელისუფლების დროს, ეს ხომ ცხადია. ახალი პარლამენტი იქნება და მერე თუნდაც რუკა გვქონდეს, ამას უნდა მოლაპარაკებები. უბრალოდ სასიხარულოა, რომ წესიერი რუკა ვნახეთ, რომელიც უნდა გვქონოდა", - განაცხადა იაკობმა. 

მისივე თქმით, "არ უნდა დავარღვიოთ უდანაშაულობის პრეზუმფცია და დაკავებულ კარტოგრაფებს მოღალატეები არ უნდა დავუძახოთ", თუმცა ის, რაც კომისიამ გააკეთა, "უგულობაა".

"მალე გამოჩნდება შეგნებულად კეთდებოდა რაღაც თუ რის გამო. ეს არის უგულობა, რაც გააკეთეს, კომისია რასაც აკეთებდა. როცა არ შეგიძლია, წადი რა გვერდზე გადი და ნუ იქნები იმ საქმეში, რაც შენი საქმე არ არის. არ დააბრალო, რომ ხელმძღვანელი მყავდა და ვინმე მყავდა. მე თუ რამეს ვერ გავაკეთებ ჩემი ბრალი იქნება. თანამდებობაზე თუ ვიქნები და ვერ გავამართლებ, ეს ჩემი ბრალია", - თქვა იაკობმა.

მიტროპოლიტმა კარტოგრაფების საქმეში პროკურატურის ერთ-ერთი მთავარი მოწმის, არქიმანდრიტი კირიონის მიმართ გამოთქმულ კრიტიკასაც უპასუხა და აღნიშნა, რომ მის გამო არავინ დაუკავებიათ.

"ატეხილია ერთი ამბავი, ხან მამაოს გადაწვდებიან და... ნეტა რომელიმე მათგანი იყოს მამაოსავით წესიერი, პატიოსანი და საქართველოსთვის თავდადებული ადამიანი. მამაოს გამო არავინ არ არის დაჭერილი, ყველა თავის საქციელზე აგებს პასუხს", - თქვა იაკობმა.

მან ასევე განაცხადა, რომ არავის მხარეს არ იჭერს და ყველას მოუწოდა, ეკლესიას თავი დაანებონ.

"ჩვენ არავის მხარეს არ ვიჭერთ. ბევრჯერ გავაფრთხილე, რომ თავი დაგვანებონ. ნუ გვაიძულებენ, რომ მართლა მხარე დავიჭიროთ, თორემ გადახედონ მხარეს როცა ვიჭერდით ხომ... ვინც დღეს ლაპარაკობს იმათ "სასიკეთოდ" არ მთავრდებოდა. ამიტომ, მაგასაც დაუკვირდით. ჩვენ არაფერში ვერევით. რასაც ხალხი გადაწყვეტს, ისე იყოს", - განაცხადა მიტროპოლიტმა იაკობმა.

დავით გარეჯის საქმეზე საზღვრის დამდგენი კომისიის წევრები - ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა პროკურატურამ 7 ოქტომბერს დააკავა. გამოძიება მათ საქართველოს საწინააღმდეგო მოქმედებას ედავება. პროკურატურა ამტკიცებს, რომ დაკავებულებმა საზღვარი ჩვენი ქვეყნის საზიანოდ მონიშნეს და "საქართველოს ტერიტორიის ნაწილი უცხო ქვეყანას გადასცეს".

8 ოქტომბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ დაკავებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

გამოძიება ამბობს, რომ ივერი მელაშვილმა და ნატალია ილიჩოვამ, დავით გარეჯთან საზღვრის დადგენის პროცესში არ გამოიყენეს სათანადო რუკები, რის გამოც კომპლექსის ნაწილი სხვა ქვეყანას [აზერბაიჯანს] მიეკუთვნა, რაც საქართველოს ინტერესებისთვის დამაზიანებელია. კარტოგრაფები კი აცხადებენ, რომ ის რუკა, რომლის გამოყენებასაც პროკურატურა ითხოვს, არაზუსტია და დაახლოებით 200-300 მეტრიან ცდომილებას იძლევა, შესაბამისად, მას მოლაპარაკების პროცესში ვერ გამოიყენებდნენ. 

დაკავებულები მათთვის წარდგენილი ბრალის მიღმა პოლიტიკურ მოტივს ხედავენ. ივერი მელაშვილის ცოლმა, თამარ სულაძემ ისიც თქვა, რომ "ქართული ოცნების წარმომადგენლებმა დადგეს დიდი სპექტაკლი, რომ ეჩვენებინათ, ვითომ ნაციონალების დროს მოხდა მიწების გასხვისება, თვითონ ფრთიანი ანგელოზები არიან და ამით ცდილობდნენ, მოეპოვებინათ ხმები". 

საქმის პოლიტიკურ მოტივებზე საუბრობს ოპოზიცია და სახელმწიფო სტრუქტურების ქმედებებს ეროვნული ინტერესებისთვის საზიანოს უწოდებს.


close დახურვა