logo
ENG



ვინ არის კაცი, რომელმაც რუსული კანონის წინააღმდეგ აქციაზე, თვალი დაკარგა - შაბათის ფორმულა

11 მარ 202320:42
3 წუთის საკითხავი
clock 987

რუსული კანონპროექტის წინააღმდეგ გამართულ ერთ-ერთ საპროტესტო აქციაზე მოქალაქემ თვალი დაკარგა. კაცს ახლო მანძილიდან ცრემლმდენი ყუმბარის კაფსული თვალში მოხვდა.

ზაზა ბირიაშვილი შაბათის ფორმულასთან საუბარში ამბობს, რომ აქციაზე წასვლის გადაწყვეტილებას არ ნანობს, მისი ჯანმრთელობის დაზიანების ფასადაც კი. ბირიაშვილს ასევე აქვს ტვინის შერყევაც.

"მთავარია ჩვენი ბავშვები იყვნენ კარგად და ევროპულ ქვეყანაში იცხოვრონ, რუსეთის მაგივრად. მე ჩვენი ახალგაზრდობის გამო გავედი იქ. გამოუშვეს წყლის ჭავლი, რომ მომესხა გავბრაზდი და დავიწყე გინება, მერე კიდე მოუშვეს და რომ მოვტრიალდი, რაღაცები გაისროლეს და რაღაც ნივთები მომხვდა. იქ ორი ახალგაზრდა ბიჭი იყო - გაუმარჯოს ღმერთმა ახალგაზრდებს, ისინი დამეხმარნენ, მომიყვანეს სასწრაფოს მანქანამდე", - იხსენებს ბირიშვილი.

აქციიდან სასწრაფოს მანქანით ნიუ ჰოსპიტალში გადაიყვანეს. ოპერაციისა და პირველადი მკურნალობის ხარჯები საყოველთაო დაფინანსებამ სრულად არ აუნაზღაურა და 800 ლარი კიდევ არის დასაფარი, მაგრამ დახმარებისთვის ზაზა ბირიაშვილს სახელმწიფოსთვის შეგნებულად აღარ მიუმართავს. საავადმყოფოდან ხელწერილით გამოწერეს, რომ ამ თანხას გადაიხდიან. 55 წლის ზაზა ბირიაშვილი თბილსერვის ჯგუფის მძღოლია.

"არ მიმიმართავს სახელმწიფოს არანაირი დაფინანსებისთვის. შეიძლება არც იციან რომ დაზარალებული ვარ. ახლა კონტრაქტით გამომიშვეს, 1 თვის განმავლობაში უნდა დავფარო ის თანხა", - ამბობს აქციის მონაწილე.

სასტიკი დარბევის მონაწილეები არც მედიას ერიდებოდნენ, პირიქით მიზანმიმართულად გაუსწორდნენ კრიტიკული მედიის წარმომადგენლებს -  დაშავდა ფორმულას, მთავარის, ტვ პირველის გადამღები ჯგუფები.


close დახურვა