logo
ENG



ზარქუა ენმ-ს ხელმოწერაზე: შესაძლებლობა ხელიდან გაუშვეს - აწი, მოაწერონ და იყვნენ თავისთვის

02 სექ 202112:16
3 წუთის საკითხავი
clock 865
ვახო ქარელი/ფორმულა

ქართული ოცნების წევრი, ირაკლი ზარქუა ამბობს, რომ ნაციონალური მოძრაობა 19 აპრილის დოკუმენტზე ხელმოწერით "თავის გადარჩენას ცდილობს".  ზარქუას თქმით, მათთვის მეასეხარისხოვანია, "სააკაშვილი და მელია როგორ ჩამოყალიბდნენ და მოაწერენ თუ არა ხელს დოკუმენტს".

"რა უნდა ითქვას ნაციონალური მოძრაობის მორიგ ინიციატივაზე, სატყუარაზე. ეტყობა, თავის გადარჩენისთვის წამოაწვათ დასავლეთი ან შიგნით ემოციები. მიხვდნენ, რომ არასწორი ნაბიჯი გადადგეს, როცა 100 დღის განმავლობაში ამაოდ ფეხს ითრევდნენ, ახლა მიხვდნენ, რომ სხვა გზა არ აქვთ და ახლა ცდილობდნენ, რომ თავი გადაირჩინონ ამ ევროპელების თვალში და თითქოს, ხელს აწერენ. ჩვენთვის ეს მეასეხარისხოვანია, არ არის ინტერესის სფერო, სააკაშვილი და მელია როგორ ჩამოყალიბდნენ ერთმანეთში და მოაწერენ თუ არა ხელს, ეს შესაძლებლობა მათ ხელიდან გაუშვეს. აწი, მოაწერონ და იყვნენ თავისთვის", - თქვა ზარქუამ.

დღეს, 2 სექტემბერს, ნაციონალურმა მოძრაობამ 19 აპრილის შეთანხმება ხელი მოაწერა.

ოპოზიციის ნაწილს და ხელისუფლებას შორის შარლ მიშელის შეთანხმება 2021 წლის 19 აპრილს გაფორმდა. დოკუმენტის ხელმოწერას წინ პარლამენტის ბოიკოტი და მოლაპარაკებების რამდენიმეთვიანი პროცესი უძღოდა. ენმ-ს შეთანხმებისთვის ხელი არ მოუწერია, თუმცა, ბოიკოტი დაარღვია და სხვა ოპოზიციურ პარტიებთან ერთად პარლამენტში შევიდა. 

დოკუმენტში ხაზგასმულია სასამართლო სისტემის რეფორმის საკითხი, ასევე, მნიშვნელოვანი იყო არჩევნების ნაწილი - შეთანხმების მიხედვით, იმ შემთხვევაში, თუ 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე ქართული ოცნება პროპორციული ხმების 43%-ზე ნაკლებს მიიღებდა, 2022 წელს რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები უნდა დანიშნულიყო.  

2021 წლის 23 ივლისს ქართულმა ოცნებამ თქვა, რომ შეთანხმებამ თავი ამოწურა და ის ცალმხრივად ანულირებულად გამოაცხადა. მიზეზად მმართველმა პარტიამ დაასახელა ის, რომ ყველაზე მსხვილ ოპოზიციურ პარტიას, ენმ-ს დოკუმენტისთვის ხელი არ მოუწერია. 

დოკუმენტიდან გასვლით ქართულმა ოცნებამ უარი თქვა, შეასრულოს შარლ მიშელის დოკუმენტით ნაკისრი ვალდებულებები და გაატაროს სასამართლო და საარჩევნო რეფორმა - ჩანაწერის მიუხედავად, შეეჩერებინათ უზენაეს სასამართლოში მოსამართლეების უვადოდ დანიშვნის პროცესი, პარლამენტმა 6 მოსამართლე მაინც დანიშნა.  

სწორედ განუხორციელებელი რეფორმების მიზეზით, ევროკავშირი საქართველოს €75-მილიონიან დახმარებას არ გადაურიცხავს. 

მმართველი გუნდის წევრების მტკიცების მიუხედავად, რომ ეს სესხია, რომლის საჭიროება და აღების სურვილიც საქართველოს თავად არ აქვს, დახმარების არგადმორიცხვის მიზეზი გაუტარებელი რეფორმებია. 

ევროკავშირის წარმომადგენლობის განცხადებით, საქართველომ ვერ შეძლო, სრულად მაკროფინანსური დახმარების პირობა - სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობისა და ანგარიშვალდებულების გაზრდაზე. 

განცხადებაში ნათქვამია, რომ ფინანსური დახმარება კორონავირუსთან ბრძოლასა და საქართველოს მოსახლეობას უნდა მოხმარებოდა. ამასთან, ევროკავშირი ხელისუფლებას რეფორმებთან დაკავშირებული ვალდებულებების შესრულებისკენ მოუწოდებს და მიუთითებს მართლმსაჯულების რეფორმისკენ.

ირაკლი ღარიბაშვილმა 31 აგვისტოს თქვა, რომ ხელისუფლება "თავს შეიკავებს" ევროკავშირის €75 მილიონიანი დახმარების მიღებაზე. ეს ევროკავშირის გაფრთხილებაზე ფინანსური დახმარების შესახებ ქართული ოცნების მიერ მოფიქრებული ახალი მესიჯბოქსიაღარიბაშვილის თქმით, EU ამ თანხას საქართველოს სესხის სახით აძლევდა, მთავრობამ კი "საგარეო ვალის შემცირება დაიწყო და თანხის მიღების აუცილებლობა აღარ იქნება". 

მანამდე, 23 აგვისტოს უკრაინაში, ყირიმის სამიტის ფარგლებში, შარლ მიშელი ირაკლი ღარიბაშვილს არაფორმალურად შეხვდა და როგორც მეორე დღეს თავად დაწერა, მან ღარიბაშვილი ევროკავშირის მხრიდან ფინანსური დახმარების საკითხზე გააფრთხილა.


close დახურვა