logo
ENG



ზელენსკი: გვინდა შევახსენოთ დიდ სახელმწიფოებს, არ არსებობს მცირე შეჭრა და პატარა ერები

20 იან 202219:00
3 წუთის საკითხავი
clock 1691
2022/01/20/4ubt49je9toalgu.jpg

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, არ არსებობს "მცირე შეჭრა" და პატარა ერები. ამის შესახებ ის ტვიტერზე წერს. 

"გვინდა შევახსენოთ დიდ სახელმწიფოებს, რომ არ არსებობს მცირე შეჭრა და პატარა ერები. როგორც არ არსებობს მცირე მსხვერპლი და მცირე მწუხარება საყვარელი ადამიანების დაკარგვის გამო. ვსაუბრობ ამას, როგორ დიდი სახელმწიფოს პრეზიდენტი", - ამბოს ზელენსკი. 

19 იანვარს პრესკონფერენციაზე აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ივარაუდა, რომ რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი უკრაინაში შევა, მაგრამ ეს არ იქნება "სრულფასოვანი" ომი. 

აშშ-ის პრეზიდენტმა უკრაინა-რუსეთის კონტექსტში ასევე თქვა სიტყვები: "მცირე შეჭრა" და თქვა, რომ ამ შემთხვევაში, დასავლეთის ქვეყნებს მოუწევთ მსჯელობა იმაზე, რა უნდა გააკეთონ, ან არ გააკეთონ.

პრესკონფერენციაზე დასმულ კითხვას, რომელიც რუსეთის მხრიდან უკრაინაში შეჭრის მუქარას ეხებოდა, ბაიდენმა უპასუხა: "ჩემი აზრით, პუტინი უკრაინაში შევა, მან რამე უნდა გააკეთოს".

"მცირე შეჭრა" ერთია, ჩვენ შეიძლება ვიკამათოთ იმაზე, რა გავაკეთოთ და რა არა. მაგრამ თუ ისინი მაინც გააკეთებენ იმას, რისი გაკეთებაც შეუძლიათ საზღვართან თავმოყრილი სამხედროებით, ეს რუსეთისთვის კატასტროფა იქნება". - თქვა ჯო ბაიდენმა.

აშშ-ის პრეზიდენტის ამ განცხადებების პასუხად უკრაინაში განაცხადეს, რომ შოკირებულები არიან, ვინაიდან ჯო ბაიდენმა "მწვანე აუნთო" რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრას. 

უკრაინის მთავრობის წარმომადგენელმა CNN-ს უთხრა, რომ აშშ-ის უმაღლესი წარმომადგენლების მხრიდან მსგავსი რამ არასდროს მოუსმენიათ

"კიევი გაოგნებულია". - თქვა მან.

მოგვიანებით თეთრმა სახლმა განმარტა, რა იგულისხმა ჯო ბაიდენმა "მცირე შეჭრაში". 

"პრეზიდენტმა ბაიდენმა ძალიან მკაფიოდ განუცხადა რუსეთის პრეზიდენტს: თუ რომელიმე რუსი ჯარისკაცი უკრანის საზღვარს გადაკვეთს, ეს იქნება შეჭრის განახლება და მას მოჰყვება სწრაფი, მკაცრი და ერთიანი პასუხი აშშ-სა და მისი მოკავშირეების მხრიდან".

***

უკვე 2 თვეზე მეტია, რუსეთმა უკრაინის საზღვართან 100-ობით ათასი ჯარისკაცი განალაგა. დასავლეთი შიშობს, რომ რუსეთი უკრაინაზე თავდასხმას გეგმავს. სამხედრო მობილიზებას კრემლი უსაფრთხოების მოტივით ამართლებს.

12 იანვარს ბრიუსელში NATO-რუსეთის საბჭოს სხდომა გაიმართა. შეხვედრის შემდეგ იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ნატომ რუსეთს შესთავაზა სამხედრო წვრთნების გამჭვირვალობის გაზრდის კონკრეტული გზები საშიში სამხედრო ინციდენტების თავიდან აცილების და სივრცითი და კიბერ საფრთხეების შემცირების მიზნით. 

თავის მხრივ რუსეთმა კვლავ თავისი მოთხოვნები დააყენა: უკრაინის სიახლოვეს NATO-ს სამხედრო განლაგებების გაუქმება, ალიანსი გაფართოებაზე უარის თქმა და 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე მიღებული იმ გადაწყვეტილების უკან წაღება, რომლის თანახმადაც, უკრაინა და საქართველო აუცილებლად გახდებიან ალიანსის წევრები. 

პასუხად იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება, სერიოზულად განიხილება ალიანსის აღმოსავლეთ ევროპის წევრი ქვეყნების გაძლიერება. 

ამასთან, ბალტიის ქვეყნების განცხადებით, ისინი NATO-სთან მუშაობენ, რათა ამ ქვეყნებში ალიანსის სამხედრო კონტინგენტი გაიზარდოს. 

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ აშშ მზად არის, მოისმინოს მოსკოვის წუხილები, რთული იქნება რამე სახის პროგრესის მიღწევა მანამ, სანამ რუსეთი უკრაინის საზღვართან ვითარების დეესკალაციას არ მოახდენს. 

ენტონი ბლინკენისვე თქმით, აღმოსავლეთ ევროპიდან ჯარების გაყვანის განხილვა და NATO-ს გაფართოებაზე უარის თქმა გამორიცხულია. 

გარდა ამისა, ამერიკული მედიის ინფორმაციით, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ შეიმუშავა ახალი, უფრო მკაცრი სანქციების პაკეტი რუსეთის მიმართ იმ შემთხვევაში, თუ ის უკრაინაში შეიჭრება.


close დახურვა