logo
ENG



თალაკვაძე: არ ვიცი ჩეხეთის ელჩს რა განათლება აქვს, ექსპორტ-იმპორტი მიყვება ეკონომიკურ ზრდას

02 დეკ 202200:07
3 წუთის საკითხავი
clock 1131
თალაკვაძე: არ ვიცი ჩეხეთის ელჩს რა განათლება აქვს, ექსპორტ-იმპორტი მიყვება ეკონომიკურ ზრდას

ქართული ოცნების დეპუტატი არჩილ თალაკვაძე ჩეხეთის ელჩის განცხადებაზე პასუხად ამბობს, რომ ქვეყნის ექსპორტ-იმპორტის ზრდა საქართველოს ეკონომიკურ ზრდას მიჰყვება. 

ამის შესახებ არჩილ თალაკვაძემ ტელეკომპანია იმედის ეთერში ისაუბრა.

საქართველოში ჩეხეთის ელჩმა პეტრ მიკისკამ დღეს განაცხადა, რომ 2022 წელს ჩეხეთიდან საქართველოში საქონლის ექსპორტი თითქმის გაორმაგებულია და ფიქრობს, რომ ამ ექსპორტის ნაწილი რუსეთში მიდის.

როგორც ელჩმა აღნიშნა, თუ დადასტურება, რომ საქართველო რუსეთს სანქციების გვერდის ავლაში ეხმარება, ამას შედეგი მოჰყვება.

თალაკვაძის თქმით, საქართველოს წელს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა აქვს და ქვეყანაში ექსპორტი 2022 წელს რუსეთის გამოკლებით 38%-ითაა გაზრდილი.

არჩილ თალაკვაძემ ელჩის განცხადებაზე პასუხად თქვა, რომ მან არ იცის "[ჩეხეთის] ელჩს რა განათლება აქვს", თუმცა თავად აქვს "გარკვეული ეკონომიკური განათლება" და მისი თქმით, გაზრდილი ექსპორტი საქართველოს ეკონომიკური ზრდის შედეგია.

"ეს თუ ელჩმა თქვა მე მინდა მას ვუპასუხო საქმიანად უბრალოდ. საქართველოს ექსპორტი გაზრდილი არის 38%-ით რუსეთის გამოკლებით. საქართველოს ტურიზმის აღდგენა არის 101%, გადაამოწმეთ რუსეთის ფაქტორის გამოკლებით და პირდაპირი უცხოური ინვესტიციები საქართველოში არის გაზრდილი 62.5%-ით აქაც რუსეთის გამოკლებით, იმიტომ, რომ რუსეთის ფაქტორი არის უარყოფით ბალანსში FDI-ის ანუ პირდაპირი უცხოური ინვესტიციების კუთხით.

ექსპორტ-იმპორტი მიყვება ეკონომიკურ ზრდას. მე არ ვიცი ელჩს რა განათლება აქვს, მაგრამ მე გარკვეული ეკონომიკური განათლება მაქვს და მარტივია ამის თქმა და ყველას შეგიძლიათ ჰკითხოთ, რომ ეკონომიკა როცა იზრდება, რა თქმა უნდა, ექსპორტ-იმპორტიც მიჰყვება მაგას და მე გითხარით მონაცემები, რომლებიც რუსეთის გამოკლებით აქვს საქართველოს“ - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

2022 წლის 10 თვეში ჩეხეთიდან საქართველოში 126 მილიონი დოლარის იმპორტი განხორციელდა, რაც გასული წლის ჯამურ მონაცემსაც ($99.8 მილიონი) აჭარბებს. ხოლო 2021 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს, 78 მილიონ დოლარს 1.6-ჯერ აღემატება.

ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ საქართველოში ჩეხეთის ელჩის განცხადებაზე პასუხად თქვა, რომ საქართველოს ხელისუფლებას დიპლომატიური რეაგირება ექნება.

 

close დახურვა